ღმერთი

ღმერთი

понедельник, 26 мая 2014 г.

არ იცრუო.

რაც მეტ ტყუილს ამბობ, უფრო ეფლობი სიცრუის ჭაობში და უფრო მეტად ხდები მასზე დამოკიდებული


თუ დავაკვირდებით, ადვილად შევნიშნავთ, რომ დღეში, სულ მცირე, რამდენიმე ტყუილს მაინც ვამბობთ, თითქოს უმნიშვნელოს, უწყინარს, მაგრამ მაინც ვცრუობთ. სიცრუე მზაკვრულად ესისხლხორცება ჩვენს ბუნებას და ისევ სიცრუეს შობს. შედეგად - ღვთის მცნებას ვარღვევთ და მის მადლსაც განვეშორებით. ოდესღაც მივხვდებით, რომ არ ჰქონია მნიშვნელობა, ადამიანური საზომით როგორ განიზომება ჩვენი ტყუილი, მთავარია, ამას რომ მივხვდებით, ძალიან გვიანი არ იყოს...

"კარიბჭის" სტუმარია თელავის წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღვარი მღვდელი რაჟდენი (თანდილაშვილი):

- მამაო, რამდენად მძიმე ცოდვაა სიცრუე და რა სულიერ ცვლილებებს იწვევს ადამიანში?

- სიცრუე, შეიძლება ითქვას, არის ის ძალა, რომელზეც ბოროტის მთელი მანქანებაა დაფუძნებული. ეს უდიდესი და უმძიმესი ცოდვაა, რომელიც ყველაზე მეტად ამსგავსებს ადამიანს ბოროტს.

ერთხელ ღირს ანტონი დიდთან ადამიანის სახით ეშმაკი მივიდა და ჰკითხა: - შეიძლება თუ არა გადარჩეს კაცი, რომელმაც ეშმაკის მსგავსად შესცოდაო. ღირსმა მამამ ილოცა, რათა ამ შეკითხვაზე მიეღო პასუხი. უფალმა უთხრა: - მე წყალობა მეტი მაქვს, ვიდრე ეშმაკს - ბოროტება, მაგრამ იცოდე, ბოროტი სული გაცდუნებს. როცა მოვა შენთან, უთხარი: "უფალი შეგიწყნარებს, თუ შეინანებ, ილოცებ და იტყვი - მე უძველესი სიცრუე ვარ, უფალო, შემიწყალე".

როგორც კი ანტონი დიდმა ეს სიტყვები წარმოთქვა, ბოროტის საზარელი ხარხარი გაისმა: - მარტო ვიყავი და მაშინ არ მითხოვია პატიება უფლისათვის და ახლა ვითხოვო, როცა უდიდესი სამეფოს მბრძანებელი ვარო?

სიცრუე, როგორც ვთქვით, უმძიმესი ცოდვაა, მაგრამ არსებობს მისი უფრო დიდი, საშინელი, შენიღბული სახე - მზაკვრობა ანუ ტყუილისა და სიმართლის ერთმანეთში არევა. ან უფრო მეტიც - სულ მცირე სიმართლის შერევა დიდ ტყუილთან. სწორედ ამ მზაკვრულ ხერხს იყენებს ბოროტი, როცა აცდუნებს ადამიანს. იმის პასუხიც, თუ რა სულიერ ცვლილებებს იწვევს სიცრუე ადამიანში, ისევ კაცობრიობის თავდაპირველ დაცემაში უნდა ვეძიოთ, რადგანაც ბოროტი დღესაც იმგვარსავე ხერხს მიმართავს ჩვენს დასამარცხებლად, რაც პირველი ადამიანების დასაღუპად იხმარა.

ბოროტი ევასთან ცილისწამებით იწყებს საუბარს - უფალმა სამოთხის ყველა ხის ნაყოფის გემოს ხილვა აგიკრძალათო. ევა ეპასუხება - არა, მხოლოდ ერთის - ბოროტისა და კეთილის შეცნობის ხისო. საუბრის დაწყებისთანავე ეშმაკმა მცირე სიმართლე დიდ ტყუილში შეურია, დაამახინჯა ღვთისგან მიცემული კურთხევა - ღმერთმა იმიტომ აგიკრძალათ სამოთხის ხის ნაყოფის ჭამა, რომ არ სურს თქვენი განღმრთობა, რათა სრულნი არ გახდეთო. უფალს ნათქვამი ჰქონდა, როგორც კი შეჭამთ ამ ხის ნაყოფს, მოკვდებითო. ბოროტმა უთხრა - არ მოკვდებით, არამედ გახდებით როგორც ღმერთიო. სიცრუის ნაყოფის მიღებას ხის ნაყოფის ჭამა მოჰყვა. ადამიანი მართლაც არ მომკვდარა. თუმცა ესეც სიცრუისა და სიმართლის ნაზავია: სიკვდილი - ეს არის სულის გაყრა ხორცთან. მაგრამ ხორციელი სიკვდილის გარდა არსებობს სულიერი სიკვდილიც, ანუ სულის გაყრა ღმერთისაგან, რომელიც უფალს ჰქონდა მხედველობაში. იმ დღეს ადამიანის სული ღმერთს გაეყარა, ის სულიერად მოკვდა, მთლიანობაში შეირყა მისი ჰარმონია უფალთან, სამოთხესთან. უფლის ხილვა მას სიხარულს აღარ ანიჭებდა, აღარ ამშვიდებდა, მისთვის ღმერთი მრისხანე, საშინელ ძალად წარმოჩნდა და სხვა გზა აღარ დარჩა, გარდა სამოთხის დატოვებისა.

ბოროტის მზაკვრობაა, როცა უფალს გამოცდის და ეუბნება: - ეს ყველაფერი იქნება შენი, თუ დავარდები და თაყვანს მცემ მე. მაცხოვრის პასუხზე აღარ შევჩერდები, მაგრამ ამბობს კი მკაფიოდ ბოროტი, რამდენ ხანს იქნება შენიო? აი, რა არის, წუთისოფელი, როგორ შეიძლება რაღაც მოგვცეს მან, ვინც მას დროებით ფლობს? სწორედ ეს არის მზაკვრობა.

- ადამიანს რა უბიძგებს სიცრუისკენ, რით იზიდავს ტყუილი?

- უფრო ეს ხდება საკუთარი თავის უკეთ წარმოსაჩენად, თუნდაც საკუთარი პრობლემის, ნაკლის დასაფარავად. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს წამიერი თვითკმაყოფილებაა, წამით ჩანს, თითქოს ყველაფერი კარგადაა. როდესაც ამ მიზეზით ცრუობს ადამიანი, ტყუილს ნელ-ნელა ეჩვევა, ნებსით თუ უნებლიეთ სიცრუე მისი ცხოვრების თანამდევი ხდება, სიცრუით ცდილობს შექმნილი მდგომარეობიდან თავის დაძვრენას, იტყუება ყოველთვის, როცა დასჭირდება, როცა არ სურს სიმართლის ბოლომდე თქმა, როცა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდება... ამაში ამპარტავნების დიდი წილია.

სიცრუე საკუთარ თავს ისეთად წარმოგვაჩენინებს, როგორებიც არ ვართ. ვცდილობთ, ადამიანის წინაშე ყოველთვის მართალნი გამოვჩნდეთ და აღარ ვეძიებთ, ღვთის წინაშე რანი ვართ. უფალი ჩვენს გულს ხედავს, დაფარულს ხედავს. ჩვენ კი იმით ვკმაყოფილდებით, რომ კაცის წინაშე განვმართლდეთ. იმით ვსარგებლობთ, რომ ადამიანი ვერ ხედავს ჩვენს შინაგან მდგომარეობას და ვატყუებთ.

- საკუთარი გულმავიწყობის გასამართლებლად ან სხვა მიზეზის გამო ხშირად წვრილმანი ტყუილების თქმა გვიწევს. რამდენად აისახება ასეთი ტყუილები ჩვენს სულიერ ცხოვრებაზე?

- ბოროტის მზაკვრობა სწორედ ისაა, რომ გვაჩვენოს, ვითომდა ტყუილის თქმა ადვილი გამოსავალია. არადა პირიქით, გამოსავალი სულაც არ არის. რაც მეტ ტყუილს ამბობ, უფრო ეფლობი სიცრუის ჭაობში და უფრო მეტად ხდები მასზე დამოკიდებული, რადგანაც ტყუილის შემდეგ სიმართლის თქმა ძალიან ძნელია. აღსარებაში კარგად ჩანს ხოლმე, როცა ადამიანი ცდილობს, ყველაფერი თქვას, როგორ ადვილად, სუფთად ამბობს; ხოლო როცა იწყებს თავისი ცოდვის შეფარვას, შერბილებას, რაღაც სიტყვის მოძიებას, რომელიც მას გაამართლებს მოძღვართან და ისე არ ათქმევინებს, როგორც საჭიროა, სირცხვილისა თუ რაღაც სხვა რამის გამო, მის საუბარში სიცრუის მცირე ნაწილები კარგად იკვეთება. სიმართლე შეიძლება ვიღაცისთვის რთული მისაღები იყოს, მაგრამ უნდა მიიღოს.

- აუცილებელია თუ არა უნებლიე ტყუილის მონანიება აღსარებაში?

- იქიდან გამომდინარე, რომ არ ვართ ჭეშმარიტი ქრისტიანები, გვიჭირს სიმართლისა და მცნებების დაცვა, ნებსით თუ უნებლიეთ ხშირად გვიწევს ტყუილის თქმა, ზოგჯერ - გაუაზრებლადაც, რადგანაც ჩვენში უკვე გამჯდარია სიტუაციიდან გამომდინარე გარკვეული სიტყვის ხმარება. ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია, აღსარებაში სათქმელია, თანაც კარგად, ხაზგასმით, რათა ადამიანი გადაეჩვიოს მას. მნიშვნელობა არა აქვს, როგორია ეს სიცრუე - გვჭირდებოდა და ვთქვით. ცოდვა არის მცნებისაგან, სჯულისაგან გადასვლა. რაღაც საკითხში სჯულს გადავუხვიეთ, მცირედ, დიდად - ეს ჩვენი თვალთახედვაა, თორემ ღვთის წინაშე ყველა ცოდვა საძაგელია.

უნებლიე ცოდვა პირდაპირ რომ მოგვეტევებოდეს, აღარც ითხოვდნენ მის მოტევებას წმინდა მამები. ლოცვებშიც ხომ ვამბობთ, ნებსითნი და უნებლიეთნიო. მაგრამ "უნებლიეთნი" მაინც არაა უნებლიეთ ჩადენილი, მისი ჩადენა ჩვენი შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე გვიწევს, ადამიანის გონება ხომ ცარიელი არასდროს არის, ის მუდამ ფიქრობს, დაკავებულია ან ბოროტი, ამაო ფიქრით, ან უფლის სახელით. როცა უფლის სახელითაა დაკავებული, უფლის ლოცვას ამბობს, მაშინ ის ყოველთვის წინასწარ ფიქრობს, რა უნდა თქვას. ადამიანს მუდამ უნდა ახსოვდეს უფლის ნათქვამი, რომ თითოეულ სიტყვას ძალა აქვს, და იმის შეგნებაც მართებს, რომ უნებლიეთ ჩადენილი შეცოდების მიზეზი მაინც მასშია.

- პატერიკი გამახსენდა - მორჩილს ტყუილი ამბები რომ მიჰქონდა ორ ერთმანეთთან წაკიდებულ მამასთან და ამით შეარიგა ისინი. არსებობს თუ არა შემთხვევა, როცა უკეთესია იცრუო?

- ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება. ალბათ, ამ შემთხვევაში უფალმა აკურთხა ეს მორჩილი, მაგრამ ასეთი რამ იმდენად საფრთხილოა, მართლაც იმ ადამიანის სულიერება უნდა გვქონდეს, რომ განვჭვრიტოთ, რას მოიტანს ჩვენი საქციელი, თორემ რომ დავიწყოთ სიცრუით თითქოს რაღაც სიკეთის კეთება, ჯერ ერთი, არ ვიცით, ეს რას მოიტანს, მერე - სიცრუესაც შევეჩვევით.

- მაგრამ ხომ შეგვიძლია, რაღაც დავფაროთ, თუ ვიცით, რომ არ იქნება სასარგებლო ადამიანისთვის?

- დაფარვა არ ნიშნავს სიცრუეს, დაფარვა ნიშნავს, მოერიდო ცოდვას. როცა ვიღაცის ნათქვამს ფარავ და სხვას არ ეუბნები, არ ნიშნავს, რომ ამით ცრუობ და ყველაფერი უნდა ილაპარაკო. შეგიძლია შეკითხვასაც მოერიდო და არ უპასუხო, ვიდრე ტყუილით დაიძვრინო თავი. ეს ცოდვასთან მორიდებას ნიშნავს. როცა ადამიანს არ სურს იცრუოს, არ უნდა გარკვეულ თემაზე საუბარი (რადგანაც არის საკითხები, რომელიც სხვამ არ უნდა იცოდეს, ძალიან პირადულია), შეუძლია თქვას, რომ არ სურს ამაზე საუბარი, ან თავი მოარიდოს იმ ადამიანს, რომელსაც რაღაც აინტერესებს და კითხვებით ახვედრებს ამას, ან ყური წაუყრუოს ასეთ შეკითხვას. ტყუილით ცოდვაში ვარდებიან ორივენი, რადგანაც ტყუილი ყოველთვის აისახება სულზე. უფალი ამბობს, არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს. რომ გაცხადდეს, უკვე სიცრუით აბრკოლებს იმ კაცს, რადგანაც სიცრუეს სთავაზობს საზრდელად.

- ანუ უფლის სიტყვები "არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს" მხოლოდ სამსჯავროს შესახებ არ არის ნათქვამი?

- რა თქმა უნდა, უფლის ეს სიტყვები მხოლოდ საშინელ სამსჯავროს არ ეხება, რადგანაც ჩვენ თვითონაც ვართ მომსწრენი, როცა ამა თუ იმ საკითხს ამ ცხოვრებაშივე ეხდება ფარდა და ყველასათვის გასაგები ხდება. ხოლო საშინელი სამსჯავრო იქნება საბოლოოდ გაცხადებული სიმართლე, რომელიც კითხვას აღარ დატოვებს.

- გამართლებული სიცრუის თემას მივუბრუნდეთ. წმინდა თევდორე მღვდელმა, ფაქტობრივად, ხომ იცრუა?

- წმინდა თევდორე სულაც არ იყო ვალდებული, სიმართლე ეთქვა. ამ სიცრუით მან საკუთარი თავი კი არ დაიძვრინა, პირიქით, უფლისათვის აღესრულა და ეს უნდა გავითვალისწინოთ. ტყუილს ჩვენ ხშირად საკუთარი თავის დასაძვრენად მივმართავთ. მას შეეძლო, სიმართლე ეთქვა და გადარჩებოდა კიდეც, მაგრამ მან ის გააკეთა, რაც ყველაზე მთავარია - სული დადო მოყვასისათვის, მთელი ერისათვის, თავისი ტყუილით მან სამშობლო იხსნა საშინელი განსაცდელისაგან.

- მომაკვდავ ადამიანებს ხშირად უმალავენ რეალურ მდგომარეობას, თუმცა დასავლურ მედიცინაში ბოლო დროს ადამიანს პირდაპირ ეუბნებიან უკურნებელი სენისა და სიცოცხლის დარჩენილი დღეების შესახებ. ერთი მხრივ, ადამიანი მოემზადება იმქვეყნიურ ცხოვრებაში გადასასვლელად, მეორე მხრივ, ზოგიერთზე ამ ფაქტმა შეიძლება ფსიქოლოგიურად ისე იმოქმედოს, უფრო დააჩქაროს აღსასრული. რა უფრო მართებულია ასეთ სიტუაციაში?

- უფალთან დაშორებით დღევანდელმა ადამიანებმა ძალიან ბევრი რამ დავკარგეთ. დღეს ისეთი გარემო შეიქმნა, სიცრუის გარეშე არაფერი კეთდება - ვიღაცას არ დავწყვიტოთ გული, ვიღაცას არ ეწყინოს, ვიღაცამ ცუდად არ მიიღოს.

ამ შემთხვევაში სიმართლე მაინც ითქმება. როცა დიაგნოზი ისმება, ექიმი მას ავადმყოფის ახლობელს ეუბნება, მაგრამ თვითონ ავადმყოფთან ერიდებიან მის გამჟღავნებას. ესეც საჩოთირო საკითხია. უნდა შეირჩეს გარემო, ადამიანი, ვისაც ამის სწორად გაკეთება შეუძლია.

დღეს, ამ ურწმუნოებაში, როცა ადამიანი არ ფიქრობს სიკვდილზე, თუ არ დაინახა საკუთარი უძლურება, უფლის ძლიერებას ვერ შეიგრძნობს, ვერ ილოცებს ღვთის წინაშე. რომელ ჯანმრთელ ადამიანს გვაქვს იმის გარანტია, რომ არ გარდავიცვლებით? უფალი გვასწავლის, რომ სჯობს ადამიანი მოემზადოს სიკვდილისთვის.

ბოროტის დიდი მანქანება და მზაკვრობა სწორედ იმაშია, რომ დაგვავიწყოს სიკვდილი და არ გვაფიქრებინოს მასზე. სიკვდილი რეალობაა და ყველანი წარვდგებით უფლის წინაშე. სნეულება კი უფრო მეტად გვაგრძნობინებს, რომ მოკვდავნი ვართ.

უფალი იმიტომ გვიგზავნის განსაცდელს, რომ გამოსავალის ძებნა დავიწყოთ. განა ცოტაა უკურნებელი სენისგან განკურნების შემთხვევები თუნდაც უახლოეს წარსულში? ამ ადამიანებმა იცოდნენ, ითხოვეს და განიკურნენ. როგორ, ჩვენ დავუმალოთ ადამიანს, რომ უძლურია, სიცილ-ხარხარით მივიყვანოთ სამარის კარამდე და ღვთის წინაშე ისე წარვადგინოთ, რომ აზრზეც ვერ მოვიდეს?

თვითონ ჩვენ არ ვართ მზად სიმართლის სათქმელად და ამიტომ გვეშინია, სხვა როგორ მიიღებს მას, თორემ როგორც კი ჩვენ მოვემზადებით ამისათვის, ყველაფერი მშვიდობით მოგვარდება. ვინც მიმღები არ არის, ვერ მიიღებს, მაგრამ მაინც უნდა ვიზრუნოთ, რომ ღვთის წინაშე მართალნი ვიყოთ.

ხშირად ვყოფილვართ იმის მომსწრენი, რომ ადამიანი გარდაიცვლება და მოხუც დედას არ ატყობინებენ, ინერვიულებსო. განა შეიძლება, ორმოცამდე დედის ლოცვა მოაკლო შვილის სულს? მიუხედავად იმისა, ჯანმრთელნი ვართ თუ ავადმყოფნი, ახალგაზრდები თუ ხანდაზმულები, ამ დიდი სიმართლისათვის ნებისმიერ წუთს უნდა ვიყოთ მზად.

- ტყუილის თქმა გვიწევს მცირეწლოვან ბავშვებთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვა მეთოდი აღარ ამართლებს.

- მე ამას სხვა მეთოდის გაუმართლებლობას კი არ დავარქმევდი, არამედ ჩვენი მდგომარეობის შემამსუბუქებელ საშუალებას. ბავშვი არა მხოლოდ უნდა გაიზარდოს, უნდა აღიზარდოს კიდეც. სიმართლის თქმას თავიდანვე უნდა მიეჩვიოს, რადგანაც ეს სიმართლე მასში ფესვებს მყარად გაიდგამს და მისი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი გახდება. მართალია, მშობელი ამ შემთხვევაში ძალიან იხარჯება და მისი შრომა დიდია, მაგრამ მხოლოდ ამ შრომის შედეგად შეიძლება იმ ნაყოფის მიღება, რომელიც სათნოა უფლისათვის.

- ხუმრობით ტყუილის თქმა თუ გვეთვლება ცოდვად?

- ვიტყოდი, რომ ცოდვა არ შეიძლება იყოს სერიოზული ან სახუმარო. როგორც სერიოზულად, ისე ხუმრობით ნათქვამ ტყუილსაც შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგი მოჰყვეს. ჩვენი სული მძიმდება, რადგანაც ორივე შემთხვევაში ფაქტი ერთია - ცხოვრებაში ვხმარობთ ტყუილს და ვეჩვევით მას. ცხადია, ხუმრობით ნათქვამი ტყუილი იმ ადამიანს მაშინვე უნდა გავუმხილოთ, რათა უნებლიეთ მისი მსხვერპლი არ გახდეს, ჩვენ კი ეს ცოდვა აღსარებაში მოვინანიოთ.

- საზოგადოებაში კიდევ არის შემორჩენილი ის განწყობა, რომ სახელმწიფოს მოტყუება არ არის ცოდვა.

- სახელმწიფო არის ჩვენი ერთობა, ერთად ყოფნა. ამიტომ როცა სახელმწიფოს ვატყუებთ, ვპარავთ, რომელიც მთელი ჩვენი შემოსავლის კრებულია, ვპარავთ მასში შემავალ თითოეულ ადამიანს. არ შეიძლება სახელმწიფო აბსტრაქტულ ცნებად აღვიქვათ, რომელიც არ არსებობს და ვთქვათ: არავის ვატყუებ, კონკრეტულ ადამიანს არ ვპარავ. ყველას ვპარავთ, თანაც უფრო ვამძიმებთ ცოდვას - ვატყუებთ და ვიპარავთ. უფალი რომ ამბობს, არა იპაროო, ხომ არ აკონკრეტებს, შეგიძლიათ სახელმწიფოს მოპაროთო?

- ამ საქციელს უღმერთო, უსამართლო წყობილებით ამართლებენ ხოლმე...

- უღმერთო წყობილებასთან დამოკიდებულება კარგად ჩანს პირველი ქრისტიანების ცხოვრებაში. იმდროინდელ ისტორიულ დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ ქრისტიანები ადვილად სამართავი, კანონმორჩილი ხალხია, მათგან არ უნდა ელოდო სიცრუეს, ზაკვას, აჯანყებას, ისინი ყოველთვის ასრულებენ კანონს, თუ იგი ღვთის კანონს არ ეწინააღმდეგება. ხოლო თუ ღვთის მცნების საწინააღმდეგოს მოსთხოვ, ლომებივით მებრძოლები ხდებიან და მცნებებს საკუთარი სისხლით იცავენო.

ეს არის დამოკიდებულება ქრისტიანისა ნებისმიერ წყობილებასთან. კანონი, რომელიც ჩვენი ქვეყნისაა, დასაცავია, თუ ის არ ეწინააღმდეგება უზენაეს კანონს, ღვთისგან მოცემულს, მხოლოდ ამ შემთხვევაში გვმართებს, რომ მხნედ აღვუდგეთ მას და საკუთარი სიცოცხლის ფასად დავიცვათ.

წმინდა გიორგის მაგალითი გავიხსენოთ. იგი ფარული ქრისტიანი იყო, მაგრამ მეფის ბრძანებას ყოველთვის ასრულებდა. მხნე მეომარმა უამრავი ბრძოლაც მოიგო, მათ შორის - დამპყრობლურიც. ემორჩილებოდა კანონს, მაგრამ როგორც კი დადგა ჟამი იმისა, რომ კერპისათვის შეეწირა მსხვერპლი, პირდაპირ განაცხადა, ქრისტიანი ვარო. მანამდე წყნარად, მშვიდად,Dკეთილად აღასრულებდა საკუთარ მოვალეობას. მასში სწორედ ქრისტიანის დამახასიათებელი თვისებები მოსწონდა დიოკლეტიანეს - არ ცრუობდა, არ იპარავდა, არ იყო მომხვეჭელი, - იმდენად შეუყვარდა, სიკვდილის შემდეგ მისთვის უნდოდა მთელი სამეფოს ჩაბარება, მაგრამ წმინდანი არც ამან მოხიბლა. იგი უფალზე იყო მინდობილი, ის იყო მისთვის ანი და ჰოე, და როცა დადგა ჟამი, წმინდა გიორგიმაც მაშინვე განაცხადა, რომ ქრისტიანი იყო, არც ერთი სიცრუე არ უთქამს.

როცა სახელმწიფოს წყობილებით ვამართლებთ ჩვენს ცოდვას, გვავიწყდება, რომ ქრისტიანი სიტუაციას ვერ მოერგება. მაშინ უფალი მოგვცემდა ისეთ კანონს, დროის მიხედვით რომ შეიცვლებოდა, მაგრამ მცნება ურყევია. თუ ვიპარავ, ვცრუობ და თანაც ვამბობ - სახელმწიფო არ არის მართალი, მე კი კარგი ვარ, რაკი მას ვპარავო. გამოდის, საკუთარ ცოდვას მის ცოდვას ვაფარებ, რათა კარგი გამოვჩნდე, რაც უფრო მეტი ცოდვაა.

- დღეს თითქმის წარმოუდგენლად გვესახება პოლიტიკა სიცრუის გარეშე. თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია ეს?

- კარგადაა ნათქვამი, რომ დღეს ყველა პოლიტიკოსობს. ამასთან დაკავშირებით, როგორც მოძღვარს, ჩემი მოკრძალებული აზრი გამაჩნია - პოლიტიკა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაა, მას ჩვენ ვქმნით. როგორი ადამიანებიც ვიქნებით, პოლიტიკაც ისეთი იქნება. სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა ყველაფერს მოიცავს: დახმარებასაც, გვერდში დგომასაც. თუ მეხმარები, მაგრამ ამის უკან რაღაც მზაკვრობას ხლართავ, არ ნიშნავს, რომ პოლიტიკაა ასეთი, არამედ - შენ ხარ. პოლიტიკა ჩვენ დავაბინძურეთ, თორემ როცა ადამიანი სუფთა და წრფელი იქნება, პოლიტიკაც ასეთი გახდება.

- როგორ უნდა მივიღოთ ქათინაური?

- როცა ადამიანი აქებს მეორეს, თუ ატყუებს, გადაჭარბებით ან ირონიულად ეუბნება, ეს სიცრუეა. მაგრამ ხშირად შექება, წახალისება გულიდან არის ამოსული, რაც დასაშვებია.

მაგრამ საინტერესოა, როგორი უნდა იყოს ქების მიმართ ადამიანის დამოკიდებულება. ერთ-ერთ წმინდა მამას ბოროტმა ჩასჩურჩულა: - ძალიან ძლიერი ხარ, კარგად მოიქეცი, რომ არ ჩაები განკითხვაშიო. ამ მამამ მას დავით მეფსალმუნის სიტყვებით უპასუხა: "მიიქცენ მუნთქუესვე სირცხვილეულნი, რომელნი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა!"

ამასვე ცხადად გვიჩვენებს მაცხოვრის ქმედება. როცა უფალმა სასწაულებრივად დააპურა 5000 კაცი, მან გულისხმაჰყო იუდეველების სურვილი, რომ იგი ისრაელის მეფედ გამოეცხადებინათ. მოციქულებიც, რაკიღა ჯერ კიდევ ხორციელი თვალით უყურებდნენ ისრაელის ძლიერებას, შესაძლებელია ეთანხმებოდნენ კიდეც ამ სურვილს. საპასუხოდ უფალმა აიძულა ისინი, მეყსეულად შესულიყვნენ ნავში და ტბის მეორე ნაპირზე გადასულიყვნენ, თვითონ კი მაღალ მთაზე განმარტოვდა სალოცავად.

ასეთი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ნებისმიერ შექებასთან, ქათინაურთან. როცა გამოცდილებით იცი, რა სულიერი პრობლემა მოჰყვება ქათინაურს, თავადაც მოკრძალებით მოეპყრობი სიტყვას, რაც უფრო სამართლიანი და სწორი იქნება.

- როგორ მოვიქცეთ, როცა ვიცით, რომ გვატყუებენ?

- როცა ვხედავთ, რომ გვატყუებენ, სიტყვით თუ რაიმე მინიშნებით უნდა მივახვედროთ, რომ ვხვდებით და თუ ეს ხუმრობაა, იგი თავისთავად შეწყდება. მაგრამ თუკი ეს ტყუილი მაინც გრძელდება და მზაკვრულად შორს არის გამიზნული, მოვერიდოთ ამ ადამიანს. ხოლო თუ გვატყუებენ, ვხვდებით და მაინც თავს ვიტყუებთ, ჩვენი ნებითვე ვხდებით სიცრუის თანაზიარნი.

- როგორ გადავეჩვიოთ სიცრუეს?

- ცოდვის მარტო დაფიქსირება არ კმარა, როგორც კი მას ჩავიდენთ, უნდა ვნანობდეთ, ვხედავდეთ, განვიცდიდეთ, მისგან განშორება გვსურდეს და ეს სინანული უნდა მივიტანოთ აღსარებაში. ამით ვითხოვთ უფლისაგან შეწევნას.

მთელი ჩვენი ცხოვრება ბრძოლაა. ეს ქვეყანა ბოროტის დიდი სიცრუეა, დიდი და მცირე ტყუილი შეზავებულია ერთმანეთთან.

დასასრულ, მინდა ვთქვა, რომ შეიძლება მკითხველს ძნელად განსახორციელებლად მოეჩვენოს აქ გამოთქმული აზრი, მავანმა კი მიუღწევლად, უტოპიურადაც მიიჩნიოს, მაგრამ ეს ღვთისგან მოცემულ სწავლებაზეა დაფუძნებული და ამიტომაც უფალი ყოველთვის შეგვეწევა სიმართლის დაცვაში. იმის მიუხედავად, რა გარემოა, რა სიტუაციაში გვიწევს ცხოვრება, ჩვენ ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ და ეს ყველაფერი პირადი ცხოვრების მაგალითით დავიწყოთ. თითოეულმა ადამიანმა უნდა იზრუნოს, რომ არ იცრუოს, იყოს მართალი, პირნათელი ღვთისა და მოყვასის წინაშე.

ვისურვებდი, ჩვენი ერი რწმენითა და სიმართლით გაერთიანდეს, ღვთის შეწევნით აღმოიფხვრას ის მძიმე სენი, რომელსაც სიცრუე ჰქვია, რათა ჭეშმარიტი ღმერთის სიმართლით მსახურება შევძლოთ.

ესაუბრა მარი აშუღაშვილი

karibche.ambebi.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий