ღმერთი

ღმერთი

пятница, 30 мая 2014 г.

"ადამიანის განსჯა გარეგნული საქციელით ან ვინმეს მონაყოლით არ შეიძლება"

საბჭოთა კავშირმა მრავალ შეცდომასთან ერთად რელიგიური სიბნელე–ათეიზმიც დაამკვიდრა. სამწუხაროდ, საბჭოთა იმპერიის დანგრევის შემდეგაც ადამიანთა გარკვეული კატეგორია ათეისტად, ანუ ღვთის უარმყოფელად დარჩა. ამ უმძიმეს ცოდვას სხვადასხვა სახე აქვს. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე) განგვიმარტავს, თუ რა ნიშნებით გამოიხატება დღევანდელ ეპოქაში ღვთის გმობა.


– მამაო, რა არის ღვთის გმობის ცოდვის არსი?


– ღვთის გმობა უფლის სახელის შეურაცხყოფა და მისი ნების წინააღმდეგ წასვლაა. ამ საქციელის მოუნანიებლობა ყოველთვის ფატალური შედეგით მთავრდება – ამ სოფელშიც და მერმისშიც. ჰეროდე წინ აღუდგა უფლის გზის შემამზადებელ წინასწარმეტყველს – იოანე ნათლისმცემელს და ამიტომაც მას, ცოცხლადმყოფს, მატლები დაესია. ქრისტეს ღვთაებრიობის უარმყოფელი არიოზი საპირფარეშოში საშინელი ტანჯვით ნაწლავებად დაიცალა.

ერთობ შორს წაგვიყვანს ასეთი მაგალითები და თვალსაჩინოებისთვის, ვფიქრობ, მოყვანილიც საკმარისია. თავად უფალი ასე გვასწავლის: "არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა". არათუ გმობა–შეურაცხყოფა, ღვთის სახელის წარმოთქმის მიზეზი მის სიყვარულთან, დიდებასთან, მადლიერებასთან, სიხარულთან, დიდებულებასთან უნდა იყოს დაკავშირებული და ამას მოკრძალებით უნდა აღასრულებდე.


– საიდან ჩნდება ადამიანში ღვთისმგმობელი აზრები და სურვილები?


– ღვთისმგმობელი აზრების წარმოშობის მიზეზი სხვადასხვაა, სახე კი – ღვთისგან განდგომა. იგი რამდენიმე კატეგორიად იყოფა: შეგნებული მოქმედება, მოტყუებულ–უმეცარი და შეუგნებელ–გაუაზრებელი მდგომარეობა. გამართლება არც ერთს აქვს.
ზოგჯერ პიროვნება თავისი შეგნებული მოქმედებით განუდგება შემოქმედს. უარყოფს, როგორც თავის საწყისს ან არ სურს მისი არსებობა. მის მცნებებს მიზანმიმართულად უგულებელყოფს, მის სახელს შეურაცხყოფს. ასეთ ადამიანს სინანულის სურვილი ნაკლებად უჩნდება. შესაბამისად, მისი ხსნა მეტად რთულია.

ტყუილში ცხოვრების მიზეზი ძირითადად უცოდინრობაა. ადამიანი უვიცობით სხვისი აზრის მატარებელი ხდება და ვითარების გამოუძიებლად იზიარებს მოწოდებულ იდეას. ამგვარი მდგომარეობის სახეა ადამის შეცოდება. ასევე, მრავალთათვის ნაცნობი ვითარებაა მე–20 საუკუნეში ათეიზმის თარეში, როდესაც იდეის ჩაგონება მოტყუებითა და ძალადობით ხდებოდა. ამ შემთხვევაში პიროვნების ხსნა მის კეთილგონიერებაზეა დამოკიდებული. თვითშემეცნება და ობიექტურობა მას სიმართლემდე მიიყვანს და უფალში სინანულით გამთლიანდება.

შეუგნებელ–გაუაზრებელი მდგომარეობაც უვიცობისა და საკუთრივ გულგრილობის, გონებადაბნელებულობის შედეგია. ადამიანი ღვთის შეურაცხმყოფელ სიტყვებს გაუაზრებლად ამბობს. გულწრფელი სინანული კი ყოველივეს აღხოცავს.


– ჩვენი ქვეყნის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ღვთის გმობა პროგრესის გამოხატულებად მიიჩნევა ან სურთ, რომ მიიჩნეოდეს. რა ამოძრავებთ მათ?


– ღვთის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველი ეპოქისთვის არის დამახასიათებელი. სხვაობა მხოლოდ მეთოდებშია. ყოველ დროს თავისი ნიშან–თვისება ჰქონდა. ბოლო წლებისთვის სამი მკვეთრი ნიშანი გამოიყო: უღმერთობა, სექსუალური რევოლუცია და მამონა – ფულის სიყვარული. მათი მიზანი ამქვეყნიური ტკბობა–ძალაუფლებაა, რომელიც წარმავალია. თავისთავად, სამივე მდგომარეობა რეგრესს წარმოადგენს და ადამიანის არსს რადიკალურად არღვევს. ამ ნიშნით შეპყრობილებს კი ეს სასტიკად აღიზიანებთ და საკუთარი გულისთქმების დასაცავად "ვითარცა ცოფნი" კბილებს აღრჭიალებენ.

მინდა აღვნიშნო: ჯანყის ეს სამი სახე ამასოფლის მეტად ძლიერი გულისთქმანია. მიზანმიმართულად მიდის ამ ყოველივეს "მეცნიერულ" ჭრილში გატარება და ამით მისი გამართლება, ხოლო რელიგიური შეხედულებანი დროის ჩამორჩენილ მოსაზრებებად ცხადდება. ეს ერთგვარ პრიორიტეტულ და პროგრესულ სახედ წარმოჩნდება. ამგვარად, მიდის მორალური წნეხი და სულიერი ტერორი. აქ გასაკვირი არაფერია.

მაცხოვარი ამბობს: "უკეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა" (იოანე. 15.18). ვნებამორეული სუბიექტი გულისწადილის აღსასრულებლად სინდისის ხმას ახშობს, შესაბამისად, მას სირცხვილის გრძნობა ეკარგება. ყოველ იმ ფაქტორს კი, რომელიც მის სინდისს აღვიძებს და ამხელს, კბილებალესილი ებრძვის. თავისთავად ის გარემო, სადაც მისი ვნებადამოკიდებულება ჩანს, მეტად აღიზიანებს და ცდილობს გარშემომყოფთა გადაბირებას. სიმრავლეში მისი სიბინძურე უჩინარი ხდება.
მორწმუნეთა შორის გავრცელებულია შემდეგი ცდომილება, რომელიც უმეცრებითა და დაუფიქრებლობით არის გამოწვეული: ღვთის განგებულების განკითხვა, დაყვედრება, ურწმუნოება–ეჭვიანობა. დასაწყისშივე აღვნიშნეთ სინანულის საჭიროება. სინანული შეგნებული–გააზრებული განსჯის შედეგია. საღვთო ბუნებისა და საკუთარი არსის შემეცნება ადამიანს სწორად განსჯაში ეხმარება. ამას დამატებული რწმენა უკვე ნაყოფს გამოიღებს და ნაბიჯი თავისთავად გადაიდგმება. პირველ რიგში, ქრისტიანი ამაოდმეტყველებას, მრავალმეტყველებას, სულსწრაფობასა და უიმედობას უნდა განერიდოს. შემდგომ კეთილკრძალული მოთმინებით საღვთო სწავლებას დაეწაფოს, სადაც, გარდა შემოქმედის განგებულებისა, სასოებასა და რწმენას ჰპოვებს.


– როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც გარშემომყოფებისგან ღვთის გმობას ისმენს?


– ამ დროს მორწმუნე ასე უნდა მოიქცეს: გაემიჯნოს სიტყვითა და საქმით, უმეცართ ასწავლოს ან განერიდოს. "ვერვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონება: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაი იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაი მის თავს იდვას და ერთი იგი შეურაცხყოს. ვერ ხელეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაისა" (მათ. 6.24). "რამ შეათანხმოს ქრისტე და ბელიარი? ან რა ხელი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?" (კორინთ. 2. 6.15).

შეცდომილის მოქცევა ქრისტიანის უმთავრესი მოვალეობაა, ასევე – საღვთო სწავლების განმარტება და მტკიცედ დაცვა. წმინდა წიგნში წერია: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ–სცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ" (მათ. 28. 19.20); "ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა, და რომელმან უარმყოს მე წინაშე კაცთა, უარვყო მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა" (მათ. 10. 32.33).

ადამიანები თანაგრძნობასა და კომპრომისს ხშირად ერთმანეთში ურევენ. ეს არამართებული დამოკიდებულებაა. გულისტკივილი და ზრუნვა პიროვნებაზე საღვთო წესია. ხოლო საღვთო სწავლების დათმობა–ცვლილება უგუნურებაა. პავლე მოციქული გვასწავლის: "და ნუ თანაეზიარებით საქმეთა მათ უნაყოფოთა ბნელისათა, არამედ უფროისღა ამხილებდითცა"; "ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერხითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ" (მათ. 5.6).

ბევრი დამეთანხმება, რომ ღვთისმგმობელებთან კამათის დროს მაცხოვრის ეს სიტყვები მწარედ გახსენებიათ. მათი მხრიდან ირონიასა და ცინიზმს ადგილი ხშირად ჰქონია. ჩვენ პოლემიკაში კი არ ვერთვებით, არამედ ვსაუბრობთ ადამიანთან, რომელსაც გულწრფელად აინტერესებს ჭეშმარიტება და ის თავისი ცოდნით ჩვენთან კამათში შემოდის. როცა ურწმუნოსთან საუბარი პოლემიკაში გადადის, ჯობია განრიდება, მაგრამ შიშის გამო კი არა, ისევ ჩვენი რწმენის გამო – უფალიც დუმდა, როცა მას ჯვარცმის წინ უსამართლოდ განსჯიდნენ.


– რატომ არ შეიძლება ადამიანის განსჯა თავისი საქციელის მიხედვით?


– ჩვენ ადამიანზე ხშირად ვმსჯელობთ მისი საქციელის მიხედვით. ცუდად მოიქცა იგი? ჩვენ ვამბობთ, რომ ცუდი კაცია. თანაც ჩვენი ნათქვამის შესალამაზებლად ვიგონებთ და ვამატებთ რაღაცას. ასეთი მსჯელობა დაუშვებელია, რადგან ადამიანის შინაგანი ფიქრი ჩვენ არ ვიცით, არ ვიცით მისი ქცევის მიზეზი, რის გარეშეც ამა თუ იმ პიროვნების განსჯა შეუძლებელია. მაგალითად, ზოგიერთი თავმდაბლობის გამო ჩუმად აკეთებს სიკეთეს, ჩვენ ვერ ვხედავთ მის მიერ ფარულად გაღებულ წყალობას და ვამბობთ, რომ იგი ძუნწია. სამართლიანად ვმსჯელობთ ამ დროს? რა თქმა უნდა, არა!

ზოგიერთი ადამიანი ბუნებით ჩუმია, იგი სიტყვით კი არა, საქმით ჩადის სიკეთეს, ჩვენ კი არ ვიცით ამის შესახებ და ამ სიჩუმეზე დაყრდნობით მცდარად ვასკვნით, რომ იგი უგულოა. ადამიანი, რომელსაც არ სურს, იყოს ხალხის თვალში მმარხველი, ხშირად საზოგადოებაში ნუგბარს იგემებს ხოლმე, სახლში კი შავ პურსაც არ ჭამს. ჩვენ კი მათ ღორმუცელებს და ღვინის მოყვარულებს ვუწოდებთ. მცდარი ხომ არ არის ასეთი მსჯელობა?

გვხვდება სხვაგვარი შემთხვევებიც, მაგალითად ასეთი: ღირსი მამა ვიტალი წმინდა სპირიდონის სენაკში 60 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ალექსანდრიაში წავიდა და იქ დაიწყო ცხოვრება. როგორც მის ცხოვრებაშია ნათქვამი, სურდა, თავი დაეღწია ამქვეყნიური დიდებისაგან და ასე იქცეოდა: დღისით მუშაობდა, გასამრჯელოდ ერთ ვერცხლს იღებდა, ამ ფულით თავისთვის საჭმელს ყიდულობდა. საჭმელში ცოტას ხარჯავდა, შემდეგ კი ღამით საროსკიპოში მიდიოდა და იქ მიჰქონდა ჯამაგირის ნარჩენი. მამა ვიტალი მეძავებს ევედრებოდა, თავი დაენებებინათ დამღუპველი ცხოვრების წესისათვის და მთელ ღამეს მათთან ერთად ფსალმუნების გალობაში ატარებდა. საროსკიპოდან მომავალი ქალებს პირობას ართმევდა, რომ არაფერი ეთქვათ იმის შესახებ, თუ რისთვის დადიოდა ბერი მათთან. ქალაქის მცხოვრებნი ლანძღავდნენ და წყევლიდნენ მამა ვიტალის, მას წარამარა ეუბნებოდნენ: "გასწი, უბადრუკო, შენ გარყვნილები გელოდებიან! ჯობდა, ცოლი შეგერთო, ვიდრე მონაზვნობის სიწმინდე შეგებღალა!".

მამა ვიტალი თავს არ იმართლებდა და ფარულად განაგრძობდა თავის კეთილ საქმეს. ბერმა ბოლომდე იღვაწა და ბევრი დაცემული იხსნა დაღუპვისაგან. ეს ყველაფერი კი მისი გარდაცვალების შემდეგ გაცხადდა, როდესაც მის სხეულს მაკურნებელი ძალა მიენიჭა. მასთან მიკარებისთანავე განიკურნა ეშმაკეული და მრავალი სხვა ავადმყოფი.
ეს კიდევ ერთი აშკარა მტკიცებულებაა იმისა, რომ გარეგნული საქციელით ადამიანზე მსჯელობა არ შეიძლება. ამ დროს ადვილად შესაძლებელია, შევცდეთ და, თუკი გარეგნულად არ შეიძლება ადამიანის შეფასება, მით უფრო შეუძლებელია სხვისი მონაყოლითა და მონაჭორით გავიგოთ რამე. საქციელის ან სხვისი მონათხრობის მიხედვით განსჯას სჯობს, ხმა საერთოდ არ ამოიღოთ.


მანანა ნოდია, ჟურნალი სარკე


sana.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий