ღმერთი

ღმერთი

четверг, 29 мая 2014 г.

ლევან ფრუიძე: მოვითხოვთ ანტიდისკრიმინაციული კანონიდან მამათმავლობის ლეგიტიმაციის ყველა ნიშნის ამოღებას და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას!

  «არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს»

შეთქმულება ქართველი ერის წინააღმდეგ

ღია წერილი საქართველოს მასმედიას (იშვიათი გამონაკლისების გარდა) და კერძოდ «მაესტროს ცხრიანს» ქართველ გვარიშვილთა დარბაზის სახელით



რაოდენ სამწუხაროა, როდესაც ხალხის ტელევიზია, უკვე მერამდენედ, ხალხის წინააღმდეგ სამსახურში დგება.


სხვანაირად როგორ უნდა ავხსნათ ის ფაქტი, როდესაც რუსთაველის გამზირზე, 17 მაისის აქციის გამართვასთან დაკავშირებით, მიზანმიმართულად მალავთ საპროტესტო მოწოდებაში (რომელსაც საზოგადოების უამრავი თვალსაჩინო მოღვაწეც აწერს ხელს) მისი ნამდვილი ორგანიზატორების, ქართველ გვარიშვილთა მონაწილეობას.


სწორედ ქართულ გვართა წინამძღოლთა დარბაზი წარმოადგენს ჭეშმარიტ, აპოლიტიკურ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელშიც, პოლიტიკოსები თუ ჩნდებიან, მხოლოდ ისე, როგორც საკუთარი გვარის წარმომადგენლები და არა რაიმე პოლიტიკური კურსის გამტარებლები.


ნუთუ შეთქმულების (საკუთარი ხალხისა და ზნეობის წინააღმდეგ) ნაწილს არ წარმოადგენს ქმედება, რომელიც მიზანმიმართულად აქციის რეალური ორგანიზატორის, სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის ხელმძღვანელის, ანუ ჩემი, ლევან ფრუიძის, პიროვნებას (პირველი სწორედ მე ვაწერ ხელს ამ მოწოდებას) ჩქმალავს და საპირწონედ აქციის ორგანიზატორად თენგიზ კიტოვანს და თითქოს გაურკვეველ ვიღაც «ბიჭებს», ყოფილ გვარდიელებსა და მეომრებს ასახელებს.


მინდა გითხრათ, რომ აქციაზე მოსვლისა და მხარდაჭერის უფლება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, ბ-ნ თენგიზსაც, მეომრებს, არამეომრებს, მორწმუნეებსა და არამორწმუნეებს, მაგრამ დამეთანხმებით, სხვაა ერის ერთად დგომის ჩვენება და სხვაა მიზანმიმართული მცდელობა, რუსული კვალის თავსმოხვევისა.


რაღაც ბოლო ხანებში საყოველთაო აბსურდამდე მივედით, პარლამენტის, ხელისუფლებისა და მათი დამქაშების აგიტაციიდან გამომდინარე:


«ვისაც მამათმავლობა არ უნდა, თურმე რუსეთი ნდომებია».


ნუთუ სწორედ ეს თეორია არ არის ყველაზე შეურაცხმყოფელი ევროპული ფასეულობებისა?!


ნუთუ ქართველი ერის ღირსებისა და ზნეობის წინააღმდეგ შეთქმულების ნაწილი არ არის ის, როდესაც ბ-ნ ლევან ვასაძის გამოსვლას მაინცდამაინც ძმათამკვლელი ომის მონაწილე კიტოვანისა და ამჟამად ეკლესიიდან განდგომილი ბასილ მკალავიშვილის კადრებს შორის ამონტაჟებ (თუმცა, რა თქმა უნდა, პიროვნულად ბასილ მკალავიშვილსა და თენგიზ კიტოვანსაც და ნებისმიერ ადამიანს მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებთ)?!


ეს არ არის ბრძოლა ბ-ნ ლევან ვასაძის პიროვნების წინააღმდეგ, არამედ ეს არის ბრძოლა ჩვენი ზნეობის, ქრისტიანული, ქართული იდეოლოგიის წინააღმდეგ, რათა მოახდინონ მისი დისკრედიტაცია.


«არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს».


სიმართლე არ დაიმალება, ის მაინც იპოვის დღის სინათლეს. იმედს გამოვთქვამთ, ქართველი ერი არ შეირცხვენს თავს; იმედს გამოვთქვამთ, გაარღვევს ამ ბოროტების ბადეებსა და მახეებს და დაუმტკიცებს მსოფლიოს, თუ როგორ შეუძლია, დაიცვას საკუთარი ჭეშმარიტი ღირებულებები და ფასეულობები.


და ამ მოძრაობის ფლაგმანი სწორედ ქართული გვარების დარბაზი იქნება, ჭეშმარიტად აპოლიტიკური, სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც დღეს, ბრძოლის ამ ეტაპზე ანტიდისკრიმინაციული კანონიდან მამათმავლობის დამკანონებელი მცნებების, «სექსუალური ორიენტაციისა» და «გენდერული იდენტობის» ამოღებასა და დამატებით მამათმავლობის პირდაპირი თუ ირიბი პროპაგანდის აკრძალვას ითხოვს.


ჩვენ არ გვეგულება ოჯახი და მოქალაქე, რომელიც არ შეუერთდება ამ საყოველთაო ხელმოწერებს. არ გვეგულება მოქალაქე (მაქსიმუმ 500 ან 1000 კაცის გამოკლებით), რომელიც, მისი გვარის წარმომავლობის თუ ეროვნების მიუხედავად, არ შეუერთდება ამ მოთხოვნას.


ჩვენ გამოვიყენებთ ყველა მშვიდობიან ფორმას, თუნდაც რეფერენდუმს, თუნდაც ეროვნულ დაუმორჩილებლობას და, ღვთის შეწევნით, იმედს გამოვთქვამთ, რომ შევძლებთ ჩვენი ზნეობის დაცვას და იმ სირცხვილის აშორებას, რომელიც პარლამენტმა 2 მაისს (114 ხმით 0-ის წინააღმდეგ) გაგვიფორმა.


დასასრულ, იმედს გამოვთქვამთ და მოგიწოდებთ, მამათმავლობის მომაკვდინებელი ცოდვის დაკანონებით, ერის ღირსებისა და ზნეობის წინააღმდეგ შეთქმულებაში მყოფ მთავრობას, პარლამენტს, საეჭვო არასამთავრობოებს თუ მასმედიას, გამოერკვეთ, შეინანოთ და დადგეთ ხალხისა და ჭეშმარიტი ღირებულებების სამსახურში.


ქრისტესმიერი სიყვარულით,


სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა


დარბაზის საბჭოს თავმჯდომარე


ლევან ფრუიძე.


geworld.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий