ღმერთი

ღმერთი

четверг, 22 мая 2014 г.

წმიდა ნიკოლოზი – მწუხარეთა ნუგეშინისმცემელი

  22 მაისს მართლმადიდებლური ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს. ამ დღეს სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილები ქალაქ მირონიდან ბარში გადაასვენეს.

თეოფანესა და ნონას ხანგრძლივი, გულმხურვალე ლოცვით ღმერთმა ამ ღვთისმოშიშ ოჯახსა და მთელს მართლმადიდებლურ სამყაროს წმიდა ნიკოლოზი მოუვლინა. წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი ლუკიის ოლქის ქალაქ პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე) ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა.

წმიდა ნიკოლოზი სიყრმეშივე ღრმად განისწავლა საღმრთო წერილში. პართიის ეპისკოპოსმა ღვთისმოშიში ყმაწვილი მედავითნედ დაადგინა, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა.

325 წელს იგი მონაწილეობას იღებდა ნიკეის I საეკლესიო კრებაზე, სადაც მიიღეს სიმბოლო სარწმუნოებისა – მრწამსი.

წმიდა ნიკოლოზი გაჭირვებულთა დამხმარეა. მას ტანჯულთა შემწეობა გარდაცვალების შემდეგაც არ შეუწყვიტავს. სასწაულთმოქმედმა მშობლების გარდაცვალების შემდეგ მთელი ქონება გაჭირვებულებს უბოძა. წმიდა ნიკოლოზი ცდილობდა, კეთილი საქმეები მუდამ უჩუმრად ეკეთებინა. სურდა, რომ ისინი მხოლოდ უფლის წინაშე ყოფილიყო გაცხადებული. მშობლების სიკვდილის შემდეგ მან იერუსალიმი მოილოცა, ქალაქ მირონში დაბრუნებული კი ეპისკოპოსად აირჩიეს.

ხელდასმის დღეს მღვდელმთავარმა სამწყსოს წმიდა ნიკოლოზზე მიუთითა და თქვა:

“ძმანო! მე ვხედავ ახალ მზეს, ამომავალს ქვეყნად ყოველთა მწუხარეთა ნუგეშინისცემად. ნეტარ არს სამწყსო, რომლის მწყემსიც იგი შეიქნება”.

ღვთის სიყვარულისა და ხალხის დახმარებისთვის ის ქალაქ მირონში იმპერატორ დიოკლიტიანეს ბრძანებით შეიპყრეს და დილეგში ჩააგდეს. ღვთის სიტყვას იქაც მოუკლებლად ქადაგება. იგი 8 წლის შემდეგ გაათავისუფლეს, როცა იმპერატორად ქრისტიანთა მფარველი – კონსტანტინე დიდი დაჯდა.

მღვდელთმთავარი ნიკოლოზი 82 წლის გარდაიცვალა. მისი სხეული კეთილსურნელებასა და მირონს გამოსცემდა და მრავალ სასწაულს აღავლენდა. თავდაპირველად ის ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული. 1087 წელს კი ეს სიწმინდე იტალიაში, ქალაქ ბარში გადაასვენეს.

წმიდა ნიკოლოზი გარდაცვალების შემდეგაც არის მკურნალი ადამიანების ფიზიკური და სულიერი ავადმყოფობისა. მას განსაკუთრებით მეზღვაურები ეთაყვანებიან.

წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღე წელიწადში ორჯერ არის: ძველი სტილით – 9 მაისსა და 6 დეკემბერს, ხოლო ახალი სტილით –22 მაისსა და 19 დეკემბერს.

ანა შეშაბერიძე

ambioni.ge


გილოცავთ ნიკოლოზობას!


Комментариев нет:

Отправить комментарий