ღმერთი

ღმერთი

четверг, 22 мая 2014 г.

სუიციდი - სიძლიერე თუ სისუსტე? - რა შემთხვევაში პატიობს ეკლესია თვითმკვლელობის ცოდვას

„მძულს საკუთარი თავი და სიცოცხლე... არ ვიცი რატომ , მაგრამ ყოველ ახალ დღეს შიშით ვხვდები. მამაჩემი მუდამ დიდ იმედებს ამყარებდა ჩემზე და ყველანაირად ცდილობდა, რომ ბოლომდე გამომევლინა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი. მე მას იმედები გავუცრუე. მაქვს სამუშაო, მაგრამ ვარ გაკოტრებული. ვირიცხები კოლეჯში, მაგრამ - ძლივს-ძლივობით. მინდა დასრულდეს ჩემი ცხოვრება, დამღალა ამ ყველაფერმა“ - 19 წლის აბრაჰამ ბიგმა სწორედ ამ წერილის დაწერის შემდეგ, ერთ-ერთ საიტზე, ათასობით ადამიანის თვალწინ მოიკლა თავი.

საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა საკუთარი ნებით - კაცობრიობის თანმდევი ერთ-ერთი უძველესი პრობლემა თანამდეროვე მსოფლიოს „შავ ჭირად“ იქცა. სუიციდი - თავისი მზარდი მასშტაბებით საერთაშორისო ორგანიზაციების შეშფოთებას იწვევს.

მსოფლიოში ყოველწლიურად მილიონამდე ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. დაახლოებით, 10-20 მილიონი შემთხვევა კი სასიკვდილო შედეგით არ სრულდება. საგანგაშო სტატისტიკა - სუიციდის მსურველთა და განმახორციელებელთა რიცხვი მატულობს, ასაკი კი მცირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, სიკვდილიანობის ყველაზე დიდი წილი მოზარდებსა და 35 წელს ქვემოთ ახალგაზრდებზე მოდის. კვლევებით დადგენილია, რომ სუიციდის მსურველი ქალებში გაცილებით მეტია, ვიდრე მამაკაცებში. თუმცა, თვითმკვლელი მამაკაცები ჭარბობენ ქალებს.

არასახარბიელო მდგომარეობაა, ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანაშიც. საქართველო კავკასიაში თვითმკვლელობის შემთხვევების სიმრავლით პირველ ადგილზეა. სუიციდის ფაქტები საგრძნობლად , განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებში მომრავლდა. ბოლო ოცი წლის მანძილზე, სუიციდის 6000 შემთხვევა გამოვლინდა. თუმცა, სპეციალისტების თქმით, სტატისტიკა რეალურ სურათს ვერ ასახავს, რადგან თვითმკვლელობა სამარცხვინოდ ითვლება და ასეთი ფაქტების გამჟღავნება იშვიათად ხდება.

რა ძირითადი ფსიქოლოგიური მიზეზები შეიძლება ჰქონდეს სუიციდს და როგორ ამოვიცნოთ ადამიანებში თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება - ამ საკითხებზე პასუხის მისაღებად, sazogadoeba.ge ფსიქოლოგს, ნანა ჩაჩუას დაუკავშირდა.

ნანა ჩაჩუა (ფსიქოლოგი):თვითმკვლელობაზე მრავალი სოციალური და ფსიქოლოგიური ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორისაა საკუთარი თავის მნიშვნელობის დაკარგვა, გარემოს მტრულად განცდა, პერსპექტივის ვერ დანახვა, სიცოცხლის გაუფასურება, თვითდამკვიდრების პრობლემა, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ფონი ქვეყანაში. სამწუხაროდ, აღნიშნული რისკ-ფაქტორები თანამედროვეობამ მთელი სიმწვავით წარმოადგინა. ერთი მხრივ, რელიგიისა და ტრადიციის გაუფასურების მცდელობამ და მეორე მხრივ, მიზნების არნახულმა სიმრავლემ, ადამიანური არსებობის ფუნდამენტი - პიროვნული თავისუფლება ფიქციად აქცია. და როცა გარემო გაუსაძლისი აღმოჩნდება, როცა ყოფნა-არყოფნის აუცილებლობის წინაშე დგება ადამიანი, ის ძალიან ხშირად არყოფნის სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს.

-თინეიჯერებში მომრავლებულ თვითმკვლელობის ფაქტებზე რას გვეტყვით?

თინეიჯერების შემთხვევაში, უმეტესად, ადგილი აქვს ფარულ სუიციდს. ასეთი ტიპის სუიციდი გამოიხატება თვითდესტრუქციულ ქცევაში და მიმართულია როგორც ბიოლოგიური, ასევე ფსიქოლოგიური და სოციალური სიცოცხლის შემოკლებისაკენ. მათ ახასიათებთ რეალობიდან გაქცევის ფორმები - ალკოჰოლის მიღება, ნარკოტიკებით თრობა, ბიოლოგიური რიტმის დარღვევა და ა.შ. ეს ყველაფერი კი ადამიანს ძარცვავს სიცოცხლის სიხარულისაგან და თვითგანადგურების იმპულსით ახდენს მის დამუხტვას. ისინი ამ დროს ეწინააღმდეგებიან ყოველივე ღირებულს - გამოხატავენ აგრესიას, ემალებიან დღეს, ცხოვრობენ ღამის ცხოვრებით, უსმენენ უმძიმეს მუსიკას. ისერავენ სხეულის სხვადასხვა ნაწილებს, სოციალურ ქსელებში ავრცელებენ დასერილი მაჯების ფოტოებს წარწერით: ,,Suicide“ და ა.შ. მოზარდები, რომლებიც გადამეტებული კონტროლის ან პირიქით, უკონტროლო აღზრდის სტილის პირობებში იზრდებიან, ეუფლებათ პიროვნებად ჩამოყალიბების შიში. აქვთ დაუცველობის განცდა და თანატოლებთან დესტრუქციული იდეებით ერთიანდებიან. ამ ყველაფერს კი ძალიან ხშირად მივყავართ თვითმკვლელობის შემთხვევებამდე.

-თინეიჯერების შემთხვევაში, შეიძლება თუ არა, სუიციდის ერთ-ერთ მაპროვოცირებელ მიზეზად საზოგადოებრივი გულგრილობა ჩაითვალოს?

რასაკვირველია, საზოგადოებრივი გულგრილობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ შემთხვევაში. საზოგადოებაში დამკვიდრებული და წახალისებული ღირებულებები და ნორმები მოზარდის ცნობიერებაში შემოდის, როგორც სტიმული. ცნობილი ფრანგი სოციოლოგი ემილ დიურკჰეიმი თვითმკვლელობის მაპროვიცირებელ მიზეზთა შორის, საზოგადოების მხრიდან, ამ ნორმების უგულებელყოფას ასახელებს. ნათესაური კავშირების, მეგობრობის, თანაგრძნობის და ა.შ. იგნორირება საზოგადოების შინაგან კავშირებს აუფასურებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მთელი რიგი საჯარო სამსახურები არ ითვალისწინებენ ბავშვთა ასაკობრივ მოთხოვნილებებსა და მოთხოვნებს. ქალაქების განაშენიანებაზე პასუხისმგებელი პირების მხრიდან, დანაშაულია, მშენებლობების ისეთი დაგეგმარება, სადაც ბავშვებისათვის არ არის გათვალისწინებული ეზოები და სათამაშო მოედნები. ეზოების, ანუ სათამაშო სივრცის შემთხვევაში, მოზარდები თავად ირჩევენ თამაშებს. თამაშების არჩევის თავისუფლება შემოქმედებით უნარს ავითარებს, რაც თვითშეფასების აუცილებელი პირობაა. ეს და კიდევ სხვა ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი ასეთ შემთხვევებში.

-გავრცელებული აზრია, რომ ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია თვითმკვლელობის მცდელობა, ის სიცოცხლეს აუცილებლად სუიციდით დაასრულებს. ეს რამდენად მართალია?

თვითმკვლელობის აზრის მატარებელ ადამიანს მეტი ყურადღება სჭირდება. თუ ვამჩნევთ ადამიანს დეპრესიულობას ან ეკონომიკური პრობლემების გამო მწვავე შეჭირვებას, სიყვარულის გამო იმედგაცრუებას და საზოგადოებრივ უსამართლობის მიმართ გადაჭარბებულ სენსიტიურობას, ნუ დავტოვებთ ყურადღების გარეშე. მას, ვისაც ერთხელ მაინც უცდია თვითმკვლელობა, განმეორებითი წუხილის, პრობლემის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

-ქ-ნო ნანა, ზოგადად, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანს, რომელსაც მიდრეკილება აქვს სუიციდისადმი?

დახმარება შეუძლია მხოლოდ სპეციალისტს - ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს. სპეციალისტი გადაწყვეტს რა არის საჭირო - ფსიქოთერაპია, მედიკამენტები თუ ორივე ერთად. მთავარია, იყოთ გულისხმიერი და სპეციალისტის აუცილებლობასთან დაკავშირებით პრინციპული.

და მაინც, მიიჩნევენ, რომ სუიციდი თვითმკვლელებისთვის სიცოცხლისა და ამქვეყნიური სატანჯველისაგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალებაა. თუმცა, საინტერესოა, სად გადის ზღვარი ამქვეყნიურ და „იმქვეყნიურ“ ტანჯვას შორის? მართლმადიდებლური ეკლესია საკუთარი სიცოცხლის ხელმყოფთა მიმართ შეუწყნარებელია. რა საუკუნო სასჯელს იღებს თვითმკვლელი და რომელია ის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ეკლესია სუიციდს პატიობს გარდაცვლილს? - ამ საკითხებზე sazogadoeba.ge კლდის უბნის წმინდა გიორგის მოძღვარს, დავით ციცქიშვილს ესაუბრა.

დავით ციცქიშვილი (მოძღვარი):

ეკლესიის დამოკიდებულება თვითმკვლელებისადმი უარყოფითია, რამეთუ ადამიანს სიცოცხლეს ღმერთი ანიჭებს და ღმერთივე უშვებს, როდის გაიყვანოს ის ამ ქვეყნიდან. როდესაც ადამიანი ერევა ღვთის ნებაში, ის ამით ღმერთის მოწინააღმდეგე ხდება. თვითმკვლელებს ეკლესია ლოცვაში არ იხსენიებს. პირად ლოცვებში შეიძლება მოიხსენიო, მაგრამ პანაშვიდს ვერ გადაუხდი, წესს ვერ აუგებ, წირვის დროს ვერ მოიხსენიებ. ღვთის განგებულებაში ვინც ერევა, ეკლესიური გაგებით, პირდაპირ ჯოჯოხეთში მიდის.

-საიდან მომდინარეობს ეს ცოდვა და რა უბიძგებს ადამიანს მისი ჩადენისაკენ?

„ეს სოფელი ბოროტსა ზედა დგას“ - გვეუბნება წმინდა წერილი. არის ღმერთი და არის ეშმაკი. დემონი ყურთან არის ჩასაფრებული და ადამიანს ცოდვისაკენ უბიძგებს. ეს ძალა, თითქმის უხილავად იბრძვის - ეშმაკის ყველაზე დიდი გამარჯვება იყო, ჩაეგონებინა ადამიანისთვის, რომ ის არ არსებობს. ცხოვრების განმავლობაში ადამიანს ბევრი განსაცდელი ხვდება, უარყოფითი გაცილებით სჭარბობს დადებითს. ბოროტი ძალა მოკვდავს ამ განსაცდელს გაუსაძლისად წარმოუდგენს და ადვილი შესაძლებელია დათრგუნულმა, სასოწარკვეთილმა მოკვდავმა იფიქროს თვითმკვლელობაზე. მაგრამ თუ ადამიანი ეკლესიურად ცხოვრობს - ლოცულობს, მარხულობს, ამბობს აღსარებას და ღებულობს ზიარებას, მასზე უწმინდური ნაკლებად მოქმედებს. მორწმუნე ადამიანი ცხოვრებისეულ წნეხს გაცილებით ადვილად იტანს, რადგან იცის, რომ უფალი მას შესაძლებლობებზე მეტად არ გამოსცდის. მთავარი ამის შეგნება და გააზრებაა, მაგრამ როცა ეკლესიისგან შორს ხარ დემონი ადვილად ეუფლება შენს გულს, გონებასა და სულს.

-ცნობილია, რომ არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ადამიანს ეკლესია თვითმკვლელობის ცოდვას შეუნდობს. როდის ხდება ეს?

ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ თვითმკვლელი იყო ფსიქიურად შეურაცხადი. ასეთ დროს, მისი სულის მოსახსენიებლად აღევლინება ლოცვები. ზოგადად კი, თვითმკვლელთა მოხსენიება ლოცვებში მოძღვართან შეთანხმებით უნდა მოხდეს. ახლობლებსაც შეუძლიათ მათი პირად ლოცვებში მოხსენიება. განსაკუთრებული მნიშვნელობა კი დედის ლოცვას აქვს. ტკივილით აღვლენილ ლოცვას შეუძლია შეამსუბუქოს საკუთარი სიცოცხლის ხელმყოფის მდგომარება საიქიო ცხოვრებაში.

- ადამიანები რომლებიც იკლავენ თავს, პიროვნულად ძლიერები არიან თუ სუსტები? თავის მოკვლა ხომ არც ისე მარტივია...

- შეიძლება, გარკვეული პიროვნული სიძლიერე არის ამაში. თუმცა, ეს უფრო დემონური სიძლიერეა. აი, რომ ავიღოთ დიქტატორები, როლებმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს - მათ ჰქონდათ არა კაცობრიობის მხსნელი სასიკეთო, არამედ დემონური ძალა. ვერაგობა იქნება, თუკი თვითმკვლელს ძლიერ პიროვნებად ჩავთვლით, თუ მის მიმართ პატივისცემას გამოვხატავთ, რომ მან შეძლო თავის მოკვლა და ბევრმა - ვერა. სუიციდში ეგოიზმის მარცვალი უფრო დევს, ვიდრე სიძლიერე. თვითმკვლელები მხოლოდ პირად „მე“-ზე ფიქრობენ და სხვაზე არავისზე და არაფერზე.

-და ბოლოს, რას ეტყვით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ამ სტატიას კითხულობენ, ორიოდე წუთის წინ კი, შესაძლოა, სუიციდზე ფიქრობდნენ...

ჩემს მრევლს ხშირად ვეუბნები, მართლმადიდებლობა უარყოფით ფიქრებთან და ემოციებთან გამკლავების ხელოვნებაცაა. უარყოფითს ცხოვრებაში ვერ აცდები, მაგრამ უნდა იცოდე, როგორ გაუმკლავდე მას. თუ ადამიანი ამ ცოდნას არ ფლობს, ის მარტივად მოიკლავს თავს. ამიტომ მნიშვნელოვანია ლოცვა - და მერე გამოანათებს. შავბნელი ფიქრები არის იქ, სადაც დემონია. უფალი გვტოვებს მაშინ, როდესაც ჩვენ ვტოვებთ მას. თუ ღმერთისკენ გადადგამთ ნაბიჯს, დაინახავთ, რომ გაუსაძლისი ყოფა ხდება გასაძლისი. უფალთან ღუზის ჩაშვების შემდეგ, მოგეცემათ ძალა, რომ ღირსეულად იცხოვროთ.

და ბოლოს, წარმოიდგინეთ, გყავთ შვილი და მან მოიკლას თავი, რამხელა ტკივილი და უბედურება იქნება ეს თქვენთვის. ამისი წარმოდგენისას დამცავი მექანიზმი უნდა ჩაირთოს - თუ თქვენი შვილის თვითმკვლელობა მოგიტანთ უბედურებას, აუცილებლად გაიფიქრებთ, თქვენც ხომ გყავთ მშობლები? შეგიძლიათ კი ამხელა ტკივილი მიაყენოთ ახლობლებს , ასე გაწიროთ დედა-მამა? დაფიქრდით...

10 სექტემბერს მსოფლიო თვითმკვლელობის პრევენციის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს დედამიწა ცდილობს ამ უმძიმესი პრობლემის კიდევ ერთხელ გააზრებას და მისგან გასათავისუფლებელი გზების დასახვას. 10 სექტემბერს ადამიანები მაჯაზე იწერენ „Love“- ს, რაც თანაგრძნობის გამომხატველი ნიშანია იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ოდესმე უცდია სუიციდი.

P.S „მე ვაპირებ, რომ გავისერინო ხიდზე. თუ ამ დროის განმავლობაში ერთი ადამიანი მაინც გამიღიმებს, აღარ გადავხტები“ - ეს თვითმკვლელობამდე დატოვებული წერილია. ყოველ 15 წუთში ვიღაც მიმართავს სუიციდს. შეიძლება, თქვენმა ერთმა სიტყვამ და ღიმილმა შეცვალოს ყველაფერი. ნუ იქნებით გულგრილნი. . .



 მარიამ იმერლიშვილი

sazogadoeba.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий