ღმერთი

ღმერთი

среда, 28 мая 2014 г.

ნატოს შემდეგ ევროკავშირმაც განგვიმარტა.

  ჩემს ბავშვობაში გამოცანა იყო ასეთი: «მიდის, მოდის, ადგილზე დგას...» ისე არ გამოვიდეს, პოლიტიკაში დაბრუნებული მოქალაქე «ადგილზე იდგეს» და აღარ მიიღონ; თანაც, ძალაუფლებამ ტკბობა იცის და, შორიდან ისე ჩანს, ამ ტკბობის ყველა სიამეს ამჟამინდელი ხელისუფლება ძნელად თუ დათმობს... მით უმეტეს _ მოქალაქეზე...




თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული პოლიტიკის მთავარი თემა ის კი არ არის, რა მოხდება თვითმმართველობის არჩევნებზე, არამედ ის, თუ ვინ მოაწერს ხელს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას. თავდაპირველად ითქვა, რომ ამის გაკეთება პრეზიდენტს ევალებოდა, მერე ის თქვეს, პრეზიდენტის ხელმოწერილ დოკუმენტს იურიდიული ძალა არ ექნებაო(?!), ბოლოს კი წერტილი პრემიერმინისტრმა დასვა და განაცხადა, ხელშეკრულებას ხელს მე მოვაწერო.


ახლა საკითხავია, ხელს რას ვაწერთ და მიგვიყვანს თუ არა ეს გზა ევროკავშირამდე?! ჩვენს ხელისუფლებას (წინასაც და ახლანდელსაც) თუ ვენდობით, ნიადაგი უკვე მომზადებულია და ევროკავშირამდე ნაბიჯიღა დაგვრჩა (როგორც ნატომდე), თუმცა, ნატოს თუ ანდრეს ფოგ რასმუსენი ჰყავს თავისი პირდაპირობით, ევროპას ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო ჰყავს და სწორედ ამ კაცმა გვითხრა მწარე სიმართლე.


«ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირის წევრობას ვერ შევთავაზებთ, მაგრამ მაქსიმალურ დაახლოებას ვთავაზობთ», _ განაცხადა ბაროზომ. როგორ გგონიათ, ევროპელები თუ ამერიკელები ადრე არ ამბობდნენ ასეთ რაღაცებს და წინა ხელისუფლებას არ უხსნიდნენ, რომ ნატომდე და ევროკავშირამდე ძალიან შორია და ქართველ ხალხს დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეს?! ეუბნებოდნენ კი არა, წერილობით მიმართვებსაც ავრცელებდნენ; «ნაციონალური მოძრაობის» წევრები კი ამ წერილებს ჯიბეში საქართველოს ბიუჯეტივით იკუჭავდნენ და მერე ასევე საქართველოს ბიუჯეტივით რომელიმე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ნომრებში აქრობდნენ.


რადგან ბიუჯეტის გაქრობაზე მივედით, ისიც ვთქვათ, რომ ინტერნეტში მიხეილ სააკაშვილის ფოტოები გავრცელდა. ექსპრეზიდენტი ამერიკის ერთ-ერთ რესტორანშია გადაღებული და გვარიანად გამომთვრალიც. ატყდა სოციალურ ქსელში ერთი ამბავი, _ მიშა დათვრაო, თუმცა მე არ გამკვირვებია _ ეს კაცი მთელი ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას ტყუილებით ათრობდა და დიდი რამე, ახლა, მოცალეობის ჟამს, თავადაც რომ მიიღოს ალკოჰოლი. აბა, როგორ გინდათ?! ბიუჯეტი _ აღარ, ქართული შოუბიზნესი _ აღარ, თვითმფრინავი _ აღარ, ყოველდღე ტელევიზორში _ აღარ და... რომ არ გალოთდა ეს კაცი, არ გიკვირთ?! სააკაშვილი ტყუილად არ გვიხსენებია. მან გასულ კვირას განაცხადა, უკრაინას ნატოში ვერ მიიღებენ, რადგან ყირიმის სახით სადავო ტერიტორია აქვსო და ის კი მიივიწყა, 9 წელი ნატოს კარზე რომ აკაკუნებდა (ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვეუბნებოდა, _ ვაკაკუნებო) და ამ დროს ტერიტორია კი არა, ტერიტორიები ჰქონდა სადავო, რომლებსაც კიდევ დაამატა და 2008 წელს ომის ექო მავთულებს დღემდე ხლართავს ჩვენს საზღვარზე.


ფრიად დასანანია, რომ ტყუილების ხლართვას ახალი ხელისუფლებაც არ ეშვება. თითქოს ესტაფეტა ჩაიბარაო, ისიც «ნაციონალებზე» მეტად თავგამოდებულია ცრუპენტელობაში, _ აგერ დღედღეზე, წუთიწუთზე ნატოშიც მიგვიღებენ და ევროკავშირშიცო. არადა, ცალკერძ ნატოს ხელმძღვანელი, ცალკერძ ევროკავშირი მკაფიოდ და გასაგებად გვეუბნება: არავითარი _ ნატო! არავითარი _ ევროკავშირი!


საზოგადოებამაც მშვენივრად იცის, რომ ნატოც და ევროკავშირიც ქიმერაა. «საქართველო და მსოფლიოსთან» ინტერვიუში ჯერ კიდევ როდის თქვა ალექსანდრე ჭაჭიამ, რომ «პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში შესვლას გვპირდება, ან ბრიყვია ან უნამუსოდ გვატყუებს...»


სათავისოდ სიბრიყვის არაფერი ეტყობათ, მაგრამ, რომ გვატყუებენ ეს ნასყიდი უნამუსოები, ცხადია. საკითხავი მხოლოდ ის არის, ვისგან არიან მოსყიდულნი. დასავლეთმა გამოგვიყენა და... მოკლედ, ნატოსა და ევროკავშირის თავკაცებს ნატოსა და ევროკავშირზე ტყუილისმფრქვეველი ქართველების მოსყიდვა არაფერში სჭირდებათ. მათი მოსყიდვა ისევ იმ პოლიტელიტას აძლევს ხელს, რომელსაც სურს, რომ საქართველოს შიგნით მაინც შეინარჩუნოს დასავლეთისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ძალის სტატუსი... ასე რომ, როგორც ჩანს, ამჯერად უკვე «ნაციონალების» მიერ ნასყიდი «მეოცნებენი» გვაბითურებენ!


დავით მინდიაშვილი


P.S. ჩემი რჩევა იქნება, ხელშეკრულების ხელმოწერამდე პრემიერმა ქართული ცეკვის კურსები გაიაროს. თუ გახსოვთ, მაია ფანჯიკიძეს ევროპელებმა «შალახო» ჩაურთეს და არ არის გამორიცხული, ახლა «კინტაური» ან «მთიულური» შეუბერონ. მარგველაშვილი კი ამბობს, ხელი მე რომ მომეწერა, «ტაში, ბიჭო გიორგუნა» იქნებოდა და ამ ერთ ცეკვას კი ავითვისებდი როგორმეო, მაგრამ, ამ საქმიდან რომ არაფერი გამოვა, უკვე გითხარით.


geworld.net



Комментариев нет:

Отправить комментарий