ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 18 мая 2014 г.

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი -"უსჯულოების მისტერია"

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი -"უსჯულოების მისტერია" თანდათან იპყრობს ადამიანთა სულებს .დღევანდელი "ქრისტიანების" უმეტესი ნაწილის ყოფა იმდენად არის გაჟღენთილი ეგოცენტრიზმითა და თვითკმაყოფილებით, რომ სულიერი ცხოვრება მათთვის ღრმა საიდუმლოებითაა მოცული. ამიტომ, როდესაც ისინი "სულიერი ცხოვრების" დაწყებას ცდილობენ, მხოლოდ თვითკმაყოფილების სხვა ფორმამდე მიდიან.

ჩვენს დროში – განდგომილების ეპოქაში, რომელიც წინ უძღვის ანტიქრისტეს მოსვლას, სატანა მცირე ხნით გათავისუფლებულია თავისი საპყრობილიდან (გამოცხ. 20,7), რათა ის ცრუსასწაულები მოახდინოს, რომელთა ქმნაც მას არ შეეძლო ქრისტეს ეკლესიის მადლის "ათასი წლის" მანძილზე (გამოცხ. 20,3), და რათა მოიმკოს სატანური მოსავალი იმ სულთა, რომელთაც "სიყუარული იგი ჭეშმარიტებისაჲ არა შეიწყნარეს" (2 თეს. 2,10). ჩვენ უფლება გვაქვს ვამტკიცოთ, რომ ანტიქრისტეს ჟამი, მართლაც, მოახლოებულია – თუნდაც იმიტომ, რომ ეს სატანური მკა დღეს არა მარტო წარმართ ხალხებში მიმდინარეობს, ქრისტეს სახელიც რომ არასოდეს სმენიათ, არამედ თვით ქრისტიანთა შორისაც, რომლებმაც დაკარგეს ქრისტიანობის მაცხოვნებელი ძალა.

სწორედ ესაა ანტიქრისტეს ბუნების გამოვლინება – სატანის მეუფების ქრისტეს მეუფებად წარმოდგენა. რამ მიიყვანა კაცობრიობა და თვით ქრისტიანული სამყარო ამ გამოუვალ მდგომარეობამდე? ცხადია, საქმე ეშმაკის აშკარა კულტებით არ შემოიფარგლება –ამგვარი კულტები ყოველთვის ადამიანების ვიწრო წრეს აერთიანებდა. არა, ეს გაცილებით ღრმა და საიდუმლო პროცესია, რომელზეც შეგნებული მართლმადიდებელი ქრისტიანი ძრწოლის გარეშე ვერც იფიქრებს: ესაა ღმრთის მადლის დაკარგვა, რაც თან სდევს ქრისტიანობის არსის გაგების დაკარგვას.

დასავლეთში, უეჭველია, ღმრთის მადლი უკვე მრავალი საუკუნის წინ დაკარგეს – ჩვენს თანამედროვე კათოლიკეებსა და პროტესტანტებს წარმოდგენაც კი არასოდეს ჰქონიათ ღმრთის მადლზე, ამიტომაც რა გასაკვირია, მისი დემონური იმიტაციის გამოცნობა რომ ვერ შეძლონ. მაგრამ ვაი, რომ ამ ყალბი სულიერების დღევანდელი წარმატება თვით მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორისაც კი წარმოაჩენს, რამდენად დაუკარგავთ მათ წარმოდგენა ქრისტიანობის არსზე და უკვე აღარ ძალუძთ ჭეშმარიტი ქრისტიანობისა და ფსევდოქრისტიანობის გარჩევა. მართლმადიდებლები მეტისმეტად დიდხანს ინახავდნენ ცხრაკლიტულში წმ. მამათა სულიერი სიბრძნის საგანძურს, ისე რომ ამ წმიდა ოქროს არ იყენებდნენ.

განა ბევრ მართლმადიდებელ ქრისტიანს სმენია მაინც იმ ნაწერების არსებობის შესახებ, სულიერი ცხოვრების საფუძვლებს რომ ეხებიან და განმარტავენ, როგორ უნდა გავარჩიოთ ნამდვილი სულიერება ყალბისაგან – ეს წიგნები იმ წმიდა მამებისა და დედების ცხოვრებებსა და სწავლებას შეიცავენ, რომლებსაც ჯერ კიდევ ამ წარმავალ ცხოვრებაში უხვად მიენიჭათ ღმრთის მადლი!

განა ბევრია ისეთი მართლმადიდებელი, ვინც "ლავსაიკონის", წმ. იოანე სინელის "კიბის", წმ. მაკარი დიდის ქადაგებების, ღმერთშემოსილი მეუდაბნოე მამების, "უხილავი ბრძოლის", წმ. იოანე კრონშტადტელის წიგნის "ჩემი ცხოვრება ქრისტეში" დარიგებები შეითვისა?

ეგვიპტის უდაბნოს დიდი მამის, პაისის (ხსენება 19 ივნისს) ცხოვრებაში გვხვდება საოცარი მაგალითი იმისა, თუ რა ადვილია ღმრთის მადლის დაკარგვა. ერთხელ მისი მოწაფე ქალაქში წავიდა ხელსაქმის გასაყიდად. გზად ერთი ებრაელი გადაეყარა, რომელმაც შენიშნა მისი გულუბრყვილობა და გადაწყვიტა ეცთუნებინა. "საყვარელო, რატომ გწამს უბრალო კაცი, ჯვარზე გაკრული? – უთხრა მან. – ის არ არის ჩვენი ამდენი ხნის ნანატრი მესია, მის ნაცვლად სულ სხვა მესია მოვა". პაისის მოწაფე მიამიტი და ცოტა გონებასუსტიც იყო და უპასუხა: "შესაძლოა, მართალიც იყო". უდაბნოში დაბრუნებულ მოწაფეს პაისიმ ზედაც აღარ შეხედა და ერთი სიტყვაც არ აღირსა. ბოლოს, ხანგრძლივი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, ჰკითხა: "ვინა ხარ? მე შენ არ გიცნობ. ჩემი მოწაფე ქრისტიანი იყო, მას წმ. ნათლისღების მადლი ჰქონდა, შენ მას არ ჰგავხარ. ხოლო თუ მართლა ჩემი მოწაფე ხარ, მაშინ წმ. ნათლისღების მადლი დაგიკარგავს და ქრისტიანის სახე აღარა გაქვს". მაშინ მოწაფემ ტირილით უამბო ებრაელთან შეხვედრის ამბავი. პაისიმ უთხრა: "ჰოი, ბედკრულო! რა უნდა იყოს იმ სიტყვებზე უარესი, რითაც შენ ქრისტე და მისი ღმრთაებრივი ნათლისღება უარყავი? ახლა წადი და იგლოვე საკუთარი თავი, როგორც გინდა, ჩემს გვერდით შენი ადგილი აღარ არის. შენი სახელი მათ შორის ჩაიწერა, ვინც ქრისტე უარყო – მათთანვე მოგელის სასჯელი და წამება". ასეთი განაჩენი რომ მოისმინა, მოწაფე სინანულში ჩავარდა და დიდხანს ევედრა წმიდანს შეწევნას. ღირსი მამა სენაკში დაეყუდა და შესთხოვა უფალს მიეტევებინა მისთვის ცოდვა. ღმერთმა შეისმინა წმიდანის ლოცვა და გამოუცხადა, რომ შეუნდო დამნაშავეს. პაისიმ უთხრა მოწაფეს: "შვილო, ერთად აღვუვლინოთ ღმერთს მადლობა და დიდება, რადგანაც ღმრთისმგმობი, არაწმიდა სული განდევნა შენგან, მის ნაცვლად კი სული წმიდა მოგივლინა და წმ. ნათლისღების მადლი დაგიბრუნა. ამიერიდან გაფრთხილდი, შენი დაუდევრობით კვლავ არ გაება მტრის მახეში, არ შესცოდო და ჯოჯოხეთის კერძი არ გახდე". საინტერესოა, რომ "ქარიზმატულმა" და "მედიტაციურმა" მიმდინარეობებმა სწორედ "ეკუმენიზირებულ" ქრისტიანებს შორის მოიკიდეს ფეხი.

ეკუმენისტური მწვალებლობისათვის დამახასიათებელია ეს მცდარი პოსტულატები: მართლმადიდებელი ეკლესია არ არის ქრისტეს ერთადერთი ეკლესია; ღმრთის მადლი სხვა "ქრისტიანულ" აღმსარებლობებში და თვით არაქრისტიანულ რელიგიებშიც არსებობს; ცხონების ვიწრო გზა, მართლმადიდებელი წმ. მამები რომ მიგვითითებენ, მხოლოდ "ერთ-ერთია მრავალთაგან", რომლებსაც ცხონებისაკენ მივყავართ; ქრისტეს სარწმუნოების სხვადასხვა დეტალები კი ისევე არაარსებითია, როგორც ამა თუ იმ კონკრეტული ეკლესიისადმი კუთვნილება. მართალია, ამ მოსაზრებას ეკუმენისტური მოძრაობის ყველა მართლმადიდებელი მონაწილე მთლიანად არ იზიარებს (პროტესტანტები და კათოლიკეები კი ძირითადად ასე ფიქრობენ), მაგრამ უკვე თავიანთი მონაწილეობით ეკუმენისტურ მოძრაობაში, აუცილებელი საერთო ლოცვით მათთან, ვისაც არასწორი წარმოდგენა აქვს ქრისტესა და მის ეკლესიაზე, ისინი, პაისი დიდის იმ საბრალო მოწაფისა არ იყოს, თითქოს ეუბნებიან მწვალებლებს: "იქნებ მართლებიც იყოთო", ეს კი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მართლმადიდებელმა ქრისტიანმა დაკარგოს ღმრთის მადლი – და მერე რა მძიმე შრომა დასჭირდება მის დასაბრუნებლად!

მაშ, რაოდენ მნიშვნელოვანი უნდა იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ღმრთის შიში –კაცს მუდამ უნდა ეშინოდეს ღმრთის მადლის დაკარგვისა, რომელიც ყველას კი არ ეძლევა, არამედ მხოლოდ მას, ვინც ჭეშმარიტ სარწმუნოებას იმარხავს, ცხოვრებას ცოდვასთან ქრისტიანულ ბრძოლაში ატარებს და უძვირფასესი საგანძურივით უფრთხილდება ღმრთის მადლს, რომელსაც ძალუძს სულის ზეცად აყვანა. მით უმეტეს, რა სიფრთხილე მართებთ ქრისტიანებს დღეს, როდესაც გარშემო ყალბი "ქრისტიანობა" აკრავთ, "მადლისა" და "სული წმიდის" საკუთარ განცდებს რომ სთავაზობს მათ და თავისი "სიმართლის" დასამტკიცებლად მზად არის უამრავი ციტატა მოიყვანოს საღმრთო წერილიდან თუ წმ. მამათა ნაწერებიდან!

ჭეშმარიტად, ახლოს არის უკანასკნელი ჟამი და მოვა დიდი სულიერი საცთური, რათა აცთუნოს, "უკუეთუმცა შეუძლეს, რჩეულთა მათცა" (მათე, 24,24). თანამედროვე ცრუწინასწარმეტყველნი, მათ შორის ბევრი ისეთიც, ოფიციალურად რომ "მართლმადიდებელი" ჰქვია, სულ უფრო ხმამაღლა აცხადებენ "სული წმიდის ახალი ერის", "სული წმიდის ახალი გარდამოსვლის", "ომეგას წერტილის" მოახლოებას – მაგრამ ეს მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტ წინასწარმეტყველთა თანახმად ანტიქრისტეს მეუფება გახლავთ; და სწორედ დღეს, ჩვენს დროში იწყება ამ წინასწარმეტყველებათა აღსრულება ეშმაკთა ძალით.

დღევანდელი მსოფლიოს მთელი სულიერი ატმოსფერო პირდაპირ დამუხტულია დემონურ ინიციაციათა ენერგიით, როცა "უსჯულოების მისტერია" თანდათან იპყრობს ადამიანთა სულებს და ცდილობს, ეს რომ შესაძლებელი იყოს, თვით ქრისტეს ეკლესიასაც დაეუფლოს. სწორედ ამ მძლავრ "რელიგიურ ცდას" უნდა დაუპირისპირდნენ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანები, ამისათვის კი ბოლომდე უნდა ჰქონდეთ შეგნებული, რას წარმოადგენს ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა, რა არის მისი მიზანი და რით განსხვავდება იგი ყველა სხვა რელიგიის – ქრისტიანულისა და არაქრისტიანულის – მიზნებისაგან. მართლმადიდებელო ქრისტიანებო!

მთელი ძალ-ღონით დაიცავით თქვენთვის ბოძებული მადლი ღმრთისა, გაუფრთხილდით მას, ნუ ეცდებით მის გაზომვას კაცობრივი საზომით და ნურც კაცობრივი ლოგიკით შეაფასებთ! არ გეგონოთ, თითქოს შეიძლებოდეს ჩასწვდეთ მას კაცობრივი გონებით ანდა თითქოს სული წმიდის მოხვეჭა რაღაც სხვა გზითაც შეიძლება, იმის გარდა, რომელიც ქრისტეს ეკლესიამ გვამცნო. ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის ადგილი ამ დემონურ დროში თითქოს მართლაც აღარსად არის –ესაა სულ უფრო მცირე ჯგუფი "შეურაცხი" და "უგუნური" ადამიანებისა, რომელთაც გარშემო სულ სხვა სულით შთაგონებული რელიგიური "აღორძინება" აკრავთ. მაგრამ დაე, უფალ იესო ქრისტეს სიტყვებმა გვანუგეშონ: "ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი" (ლუკა, 12,32).

მაშ დაე, ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი გამხნევდეს მომავალი ბრძოლის მოლოდინში და ნუ დაივიწყებს, რომ ქრისტეს მიერ გამარჯვება მუდამ ჩვენ დაგვრჩება. მან აღგვითქვა, რომ ქრისტეს ეკლესიას "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან" (მათე, 16,18), რომ თავის რჩეულთათვის შეამოკლებს ამ უკანასკნელი, საძაგელი მოოხრების დღეებს (მათე, 24,22). და მართლაც, "უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვინ არს ძვირის მყოფელ ჩუენდა?" (რომ. 8,31). უმძიმეს განსაცდელთა ჟამსაც კი უნდა გვახსოვდეს უფლის ბრძანება: "ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" (იოანე, 16,33). მაშ მოდი, ისე ვიცხოვროთ, როგორც ყველა დროის მორწმუნე ქრისტიანები ცხოვრობდნენ – მოველოდეთ სოფლის აღსასრულს და მაცხოვრის მოსვლას, რამეთუ "იტყვის, რომელი წამებს ამას: ჰე, მოვალ ადრე! ამინ. ჰე, მოვიდოდე, უფალო იესო!" (გამოცხ. 22,20)

მღვდელმონაზონ სერაფიმე როუზის წიგნიდან „მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია“.


Комментариев нет:

Отправить комментарий