ღმერთი

ღმერთი

суббота, 24 мая 2014 г.

კარგია, როცა ბავშვები ხედავენ, როგორ წუხან მათი ცუდი საქციელის გამო მშობლები, რომლებიც კი არ უწყრებიან, არამედ ლოცულობენ მათთვის

მამა პაისი ათონელის დარიგებები

მშობლები ვალდებულნი არიან, შვილებს შორის სიყვარული დათესონ. ყველაზე სუსტის დახმარებისთვის მათ ყველაზე ძლიერს უნდა "სთხოვონ" თანხმობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უფრო ძლიერს დაეხმარონ იმის გაგებაში, რომ მის ძმასა თუ დას მშობლების დახმარება სჭირდება.

სამართლიანობა საღვთო საქმეა, ამიტომაც უფროსებისა და უმცროსების მიმართ თანაბრად სამართლიანები უნდა ვიყოთ... თუ დამნაშავე უფროსი ძმაა, ცხადია, უმცროსი უნდა გავამართლოთ, მაგრამ არც უფროსი შეურაცხვყოთ უმცროსის თვალწინ. დამნაშავემ თავისი შეცდომა რომ შეიგნოს, ცალკე უნდა ვესაუბროთ.

- ხშირად უფროსი და-ძმები უმცროსებზე ეჭვიანობენ. როგორ ვუშველოთ ამას?

- ეჭვიანობა ვნებაა, მაგრამ სამი წლის პატარა თუ ეჭვიანობს ახალშობილ დასა თუ ძმაზე, რომელსაც დედა აწოვებს ძუძუს, რაღაცნაირად შეიძლება გაამართლო ეს ეჭვიანობა - ის ხომ ცოტა ხნის წინ თვითონ წოვდა ძუძუს და ახლა ძამიკოს დედის მკლავებში განაბულს რომ ხედავს, ფიქრობს: "დედაჩემს გუშინდლამდე მე ვყავდი ხელში აყვანილი, ახლა კი მივავიწყდიო". კარგია, თუ პატარას ბებია ჰყავს, ის მაინც დაამშვიდებს. ოთხი წლის ბავშვი ნაკლებად უნდა ეჭვიანობდეს, ხოლო ექვსი წლისას დედამ უნდა უთხრას: "შენ უკვე დიდი ხარ, აბა, რომელი დედა აიყვანს ხელში შენხელა ბავშვს?" თუ დედა შვილს ეჭვიანობის დაძლევაში დაეხმარება, პატარა მას მხოლოდ სერიოზული მიზეზის გამო თუღა შეაწუხებს. როცა ბავშვი დედის კალთას ვერ სწყდება და მასზეა ჩამოკიდებული, ამაში არის რაღაც არაჯანსაღი.

***
- მამაო პაისი, ერთმა დედამ რჩევა გვთხოვა. არ იცის, რა ქნას - მისი ქალიშვილი ღვთისმშობელს გმობს.

- დაე, ბოროტების სათავე ეძებოს. ზოგჯერ დამნაშავენი მშობლები არიან. ცუდი ქცევით თვითონვე რყვნიან შვილებს და ისინიც ურცხვად იწყებენ ლაპარაკს. მცირე დარიგებაზეც კი, ეშმაკის მიერ აღძრულნი, საძაგლად რეაგირებენ. ზოგიერთს ჰგონია, რომ შეუძლია, შვილი აიძულოს, უკეთესი გახდეს. ჩაერევა საქმეში ეგოიზმიც და მშობლები ბავშვებს გაღიზიანებული, განრისხებული ტონით ესაუბრებიან. და ეს მაშინ, როცა მათ მიმართ ყოველთვის კეთილნი უნდა იყვნენ.

განკითხვის დღეს საკვირველ ამბებს ვიხილავთ! კერპთაყვანისცემის ჟამს დედები მოლოქის სადიდებლად მისი კერპის წინ წვავდნენ შვილებს. ამ ქალებს რომ ჭეშმარიტი ღმერთი სცოდნოდათ, ვინ იცის, რარიგ მსხვერპლს შესწირავდნენ უფალს! ღვთის სამსჯავროზე მათ დანაშაულის შემამსუბუქებელი გარემოება ექნებათ - ისინი ხომ ბოროტმა აცდუნა. მაგრამ რა გარემოება გაამართლებს დღევანდელ დედებს, რომლებიც შვილებს ასე გულგრილად ეპყრობიან? უფალი ეტყვით: "თქვენ შეიცანით ჭეშმარიტი ღმერთი, წმინდა ნათლისღებით ხართ მონათლულნი, რამდენი რამ შეიტყვეთ და რამდენი რამ იხილეთ. თქვენი ხსნისთვის თვით უფალი ეცვა ჯვარს. თავად კი რა გააკეთეთ? - ტაძარში შვილების საზიარებლად წაყვანაც კი გეზარებოდათ!.."

მშობლების შეცდომების გამო პასუხს შვილები აგებენ. ზოგიერთი თავად ღუპავს შვილს. მაგრამ ღმერთი სამართლიანია. მას განსაკუთრებით უყვარს ის ბავშვები, რომელთაც ამ სოფელში ბევრი უსამართლობა დაატყდათ თავს. თუ ყრმა მშობლების გამო მრუდე გზას დაადგა, ღმერთი მას არ მიატოვებს, ვინაიდან მას აქვს უფლება, ღვთაებრივი შეწევნა მოითხოვოს. ხშირად გვინახავს, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა, და არა მარტო ახალგაზრდა - ხანში შესულიც, ერთბაშად შემობრუნებულა სიკეთისკენ. ასეთი შემთხვევა მახსოვს: ერთ ოჯახს ორი შვილი ჰყავდა. მშობლები და მათი ქალიშვილი ეკლესიის მიმართ გულგრილნი იყვნენ, ვაჟი კი მარქსისტული ორგანიზაციის წევრი გახდა, მაგრამ არ მოეწონა, ახლა ინდუიზმის მიმდევრებს დაუახლოვდა, არც ეს დაუჯდა ჭკუაში. შემდეგ ათონის მთაზე წავიდა, ჩემთანაც იყო, სხვა მონასტრებიც მოინახულა... მისი მშობლები კი ამ დროს ლოცულობდნენ: "უფალო ჩვენო, იესო ქრისტე, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, დაიფარე ჩვენი შვილი!" ბიჭმა ბერობისთვის ვერ ივარგა, თუმცა ერთხანს ათონზე იცხოვრა და სულიერად გაძლიერებული დაბრუნდა შინ. სულიერადვე შეეწია მშობლებს. მას შემდეგ მამამისიც ხშირად მოდის ათონზე, ღამისთევის ლოცვებს ესწრება, ტაძარში ფსალმუნებს კითხულობს, შინ კი მწუხრსა და შუაღამიანს ლოცულობს, პარაკლისებს გალობს. ეშმაკი ბოროტის ქმნას ცდილობდა, მაგრამ უფალმა ყველაფერი თავ-თავის ადგილას დააყენა, ბოროტება გააწონასწორა და ეს ხალხი სწორ გზაზე გაიყვანა.

- ზოგიერთი წუხს, რომ სულიერი ცხოვრება გვიან დაიწყო და შვილები პატარაობიდანვე ვერ აღზარდა ქრისტიანულად.

- თუ გულწრფელად შეინანებენ და ასე შესთხოვენ ღმერთს, რომ მათ შვილებს შეეწიოს, უფალი მათთვის ყველაფერს გააკეთებს, მაშველ რგოლს გადაუგდებს აბობოქრებულ ტალღებში მოხვედრილ ბავშვებს. ძეხორციელიც რომ არ ჰყავდეთ გვერდით, ღმერთი დაეხმარება და სწორ გზაზე დააყენებს.

- არიან ბავშვებიც, ათასნაირ განსაცდელს რომ ითმენენ სარწმუნოების მიმართ გულგრილი მშობლებისგან...

- ასეთ ბავშვებზე ღმერთი უფრო მეტად ზრუნავს, ვიდრე იმათზე, ვისი მშობლებიც ეკლესიურად ცხოვრობენ. ღმერთი მათთვის ისე იღვწის, როგორც ობლებისთვის.

***
- მამაო, რა ასაკის ბავშვებზე უფრო მოქმედებს გარემო?

- ბავშვი აკვნიდანვე მშობლებისგან იღებს მაგალითს. უცქერის უფროსების საქციელს, ასლს იღებს და სუფთა ფირზე იწერს. ამიტომ, დაე, მშობლებმა გულმოდგინედ იღვაწონ და ვნებები მოიკვეთონ. ამ ვნებათა ნაწილი მათ თავიანთი მშობლებისგან მიიღეს და ამის გამო ღმერთი პასუხს არ მოსთხოვთ; უფალი მათ იმის გამო განიკითხავს, რომ ვნებების მოსაკვეთად არ იშრომეს და ისინი შვილებსაც გადასდეს. დიახ, დიდად მოქმედებს ბავშვზე გარემო, მაგრამ თუ მასში არის კეთილი მარცვალი, როცა გაიზრდება, ღმერთი უფრო მეტად გაუნათლებს გონებას და დაანახვებს საკუთარ არსებაში იმ ბოროტი ზემოქმედების კვალს.

სამყაროში დღეს ბოროტება ბატონობს. სურთ, ბავშვები აკვნიდანვე გახრწნან. ნაცვლად იმისა, რომ ბოროტებას მოარიდონ და სანამ არ გაიზრდებიან, იზრუნონ მათზე, - კეთილის ქმნაშიც ხელს უშლიან. საცოდავი ბავშვები, როგორ იტანჯებიან! ცოდვაში ჩაცვენილებს წამოდგომა სურთ, მაგრამ არ იციან, რა ქნან, რადგან ერთხელ თავქვე დაშვებულთ შეჩერება უჭირთ.

ჩემთან, კალივაში, ხშირად მოდიან
25-27 წლის ახალგაზრდები და დახმარებას მთხოვენ. რამდენიმეს დავეხმარე სწორ გზაზე დადგომაში. მათ თავიანთი მეგობრები მოიყვანეს, იმათ - სხვები... ყველა შველას ითხოვდა. ერთი ახალგაზრდა იყო, საწყალს, ნარკოტიკებისგან ცალი ფეხი სამარეში ედგა, მაგრამ ბოლოს მაინც შეჩერდა და სხვებსაც კი დაეხმარა... მაგრამ რამდენი ასეთი მიექანება უფსკრულისკენ! ნარკოტიკების საყიდლად საკუთარ სისხლსაც კი ყიდიან, თავსაც ღუპავენ და მშობლებსაც. რამდენის დედ-მამა ინსულტით თუ გულის შეტევით კვდება...

***
- რატომ არის, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა, რომელიც ბავშვობაში სულიერად ცხოვრობდა, ახლა გზას ასცდენია და ხელიდან წასულა?

- იოლად ნუ განსჯით. ამას მრავალი მიზეზი აქვს. ბავშვები, რომლებიც არასწორად ცხოვრობენ, ხედავენ სულიერად მცხოვრებ თანატოლებს, სათნოდ და მოკრძალებულად რომ იქცევიან. ეს მათ საქციელს ამხილებს, ამიტომაც ცდილობენ, სათნო ბავშვები თავიანთ საქმიანობაში ჩაითრიონ. ერთხელ გზაზე ორი ბიჭი მიდიოდა, უეცრად ერთი წაბორძიკდა, გუბეში ჩავარდა და ტალახში ამოიგანგლა. გზა განაგრძეს და მეორე გუბეს მიადგნენ. მაშინ წაქცეულმა მეგობარს ხელი ჰკრა და გუბეში ჩააგდო. ისიც ერთიანად ამოისვარა. ბიჭი ასე იმიტომ მოიქცა, რომ თავს ცუდად გრძნობდა, რაკი სხვა სუფთა იყო, თვითონ კი - დასვრილი.

როცა პატარა ვიყავი, დაბადებიდან თანდაყოლილი სიყვარული მქონდა. ის ჩემს არსებაში იყო. როცა სადმე მივდიოდით, თანატოლებს ჯორზე შემოვსვამდი, უმცროსი ძმა კი მხრებით მიმყავდა. როცა ჩემმა ერთ-ერთმა ძმამ ჩიტი მოკლა, ძალიან გავუბრაზდი, ბევრი ვიტირე და ეს ჩიტი დავმარხე. ვმეგობრობდი თანატოლებთან. ერთად დავდიოდით ტყეში, ვლოცულობდით, წმინდანთა ცხოვრებას ვკითხულობდით, ვმარხულობდით. მაგრამ დედებმა ამ ბავშვებს ჩემთან მეგობრობა აუკრძალეს: "ნუ დადიხართ მასთან, დაგაჭლექიანებთო". მათაც მიმატოვეს. ის კი არა, დაცინვაც დამიწყეს. "ბერო, ბეროო", - დამძახოდნენ. ბოლოს და ბოლოს დაცინვა ვეღარ ავიტანე და ვთქვი, მოდი, უფროსებთან ვიმეგობრებ-მეთქი. ასეც მოვიქეცი. ბოლოს შურდულიც გავაკეთე და ყველაზე უკეთ ვისროდი. ერთხელ ჩიტსაც ვესროლე და ჩამოვაგდე, მაგრამ დავინახე თუ არა მკვდარი ფრინველი, იმწამსვე გონს მოვედი და საკუთარ თავს ვუთხარი: "გახსოვს, რა დღე დააყენე შენს ძმას, ჩიტი რომ მოკლა? როგორ მოთქვამდი, როგორ ლანძღავდი იმისთვის, რაც ახლა შენ თვითონ ჩაიდინე? ხედავ, სადამდე დაეშვი - ჯერ ჩიტს მოკლავ, მერე კი ნელ-ნელა იქამდე მიხვალ, რომ ცხოველებსაც დაუწყებ ხოცვას..." აი, როგორ შეიძლება გაბოროტდეს მგრძნობიარე, ნაზი სულის ადამიანი, თუ უყურადღებოდ იცხოვრებს და ცუდ წრეში მოხვდება. კარგი მეგობრები კი სიკეთით აგავსებენ. ღმერთმა ადამიანს სხვადასხვა ნიჭი მისცა. ასე რომ, თუ სხვის ცუდ საქციელს ხედავთ, შეგიძლიათ, მეორის კეთილი საქმეებიც დაინახოთ და მას მიბაძოთ.

***
როგორ დავეხმაროთ ყმაწვილს? - სახლში სიყვარული და სიმშვიდე უნდა სუფევდეს. თუ ბავშვი ოჯახში მცირეოდენ სიყვარულს მაინც მიიღებს, თუნდაც შინიდან გაიქცეს, ბოლოს მაინც უკან დაბრუნდება, რადგან სხვაგან სიყვარულს ვერ იპოვის - იქ მხოლოდ ფარისევლობაა, მაგრამ თუ ახსოვს ოჯახში ატეხილი ჩხუბი, ლანძღვა-გინება, უხამსი სცენები, შინისკენ გული როგორღა გამოუწევს?!

- როგორ მოიქცნენ მშობლები, როცა შვილი შინიდან მიდის?

- უნდა ეცადონ, მასთან კავშირი არ გაწყვიტონ, რათა გონს რომ მოვა, უკან დაბრუნება შეეძლოს. მშობლები მას თბილად უნდა ესაუბრონ და დააფიქრონ. მაგალითად, თუ ბიჭი მთელი ღამე კაცმა არ იცის სად დაეხეტება, დედამ უნდა უთხრას: "მოდი ჩემთან, ჩემო ვაჟკაცო. ჩემს ადგილას რომ იყო, განა მშვიდად იქნებოდი, შენი შვილი სახლში შუაღამისას რომ ბრუნდებოდეს?"

მშობლები შვილების დაცემამაც კი არ უნდა ჩააგდოს სასოწარკვეთილებაში, ვინაიდან ახლა ცოდვა მოდური გახდა. უნდა ახსოვდეთ, რომ ახლანდელ ბავშვებს ცოდვის შემამსუბუქებელი გარემოება აქვთ. დღეს ყოფაქცევაში დაწერილი ოთხიანი ჩვენი ახალგაზრდობის დროინდელ ხუთიანზე მეტია. ცხადია, დახმარებას უნდა ეცადონ, მაგრამ ზომაზე მეტად არ უნდა შეშფოთდნენ. დადგება დრო და ბავშვები ჭკუას მოიკრებენ. ისინი ჯერ ისე არ მომწიფებულან გონებით, რომ სიკეთე და ბოროტება ერთმანეთისგან გაარჩიონ. გონება ამღვრეული აქვთ და ვერ ხედავენ უფსკრულს, რომლისკენაც მიექანებიან, ვერ ხედავენ გამოუსწორებელ ვნებას, მათ თავს რომ მოიწევა.

კარგია, როცა ბავშვები ხედავენ, როგორ წუხან მათი ცუდი საქციელის გამო მშობლები, რომლებიც კი არ უწყრებიან, არამედ ლოცულობენ მათთვის. მწუხარებით აღვლენილი ლოცვა უთუოდ გამოიღებს ნაყოფს. მაგრამ თუ ბავშვი მძიმე დანაშაულს ჩაიდენს, მშობლები ფაქიზად უნდა ჩაერიონ. მაშინ კი, როცა შეცდომა მცირეა, აჯობებს, თვალი დავხუჭოთ მასზე, რათა ბავშვი არ გავაფიცხოთ და ამით უფრო არ გავართულოთ მდგომარეობა. მშობლებს ამ დროს მხოლოდ უფლისა და ღვთისმშობლის მიმართ ლოცვა მართებთ, მათ უნდა შეავედრონ შვილები. მშობლის ლოცვა, განსაკუთრებით - დედისა, ღმერთამდე ადვილად აღწევს. დედისა იმიტომ, რომ უფრო მეტი ტკივილითა და მწუხარებით არის ამოთქმული.


სტატიის ავტორი: კახაბერ კენკიშვილი



karibche.ambebi.ge



Комментариев нет:

Отправить комментарий