ღმერთი

ღმერთი

суббота, 24 мая 2014 г.

რას აპირებენ სასულიერო პირები, თუ პარლამენტი ანტიდისკრიმინაციულ კანონს უკან არ გაიწვევს?

  გაზეთი "ალია", ჟანა ასანიძე

უნდა დაიშალოს თუ არა პარლამენტი? რას აპირებენ სასულიერო პირები იმისთვის, რომ არ იფიქროს პარლამენტმა, თითქოს საზოგადოება ანტიდისკრიმინაციულ კანონს შეეგუა?

"ალიას" ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ეკლესიის მოძღვარი მამა გიორგი რაზმაძე ესაუბრა:

- მამა გიორგი, ბოლო დღეებში მრევლი მოლოდინშია, რომ საპატრიარქო ანტიდისკრიმინაციულ კანონში არსებული ტერმინების ("სექსუალური უმცირესობა" და "გენდერული თანასწორობა". - ჟ.ა.) ამოღებას პარლამენტს კატეგორიულად მოსთხოვს. მიდის საპატრიარქოში ამ საკითხზე მსჯელობა?


- პარლამენტმა, სამწუხაროდ, პატრიარქის თხოვნა უგულებელყო და არ გაითვალისწინა. სამწუხაროა, რომ საუბარში ყველა აღნიშნავს პატრიარქის სიძლიერეს და მის კარგ ადამიანურ თვისებებს, მაგრამ მის თხოვნას ყურს არავინ უგდებს. ევროკავშირის აზრი უფრო მეტად აინტერესებთ, ვიდრე პატრიარქის, ან ჩვენი თითოეული მოქალაქის. ყველაზე მთავარი კი ავიწყდებათ, რომ პარლამენტში ჩვენი მანდატით არიან შეკრებილნი. ჩვენ მივეცით მათ ხმა და დროა, ეს გააცნობიერონ.

საპატრიარქოს დამოკიდებულება და მოვალეობაა, შეაგონოს ადამიანს. თუ ადამიანს არ ესმის, ეს უკვე მისი პრობლემაა. საპატრიარქოში არ იხილება ეს საკითხი, მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ ყველაფერი ამაზე არ გაჩერდება, ხელმოწერების შეგროვებაა დაწყებული და ამ კანონს აუცილებლად გამოვითხოვთ უკან. არავინ არ გაჩერდება, ამ თემის დავიწყება როგორ შეიძლება? თუ ერთხელ დავივიწყეთ და ვაპატიეთ, გავა დრო და მერე უკვე ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებასაც მოგვთხოვენ. ეს თემა არ დახურულა და არც არასდროს დაიხურება. ეს თემა ყოველთვის აქტუალური იქნება, მანამ სანამ ეს ადამიანები თავიანთ უგუნურ და არაადამიანურ გადაწყვეტილებას არ შეცვლიან და უარს არ იტყვიან ამაზე. უნდა შევაგონოთ ამ ადამიანებს, ავუხსნათ, რომ ფართოდ გაახილონ თვალები.

რამდენიმე დღის წინ საინტერესო სტატია გავრცელდა, ინგლისში 9 წლის ბავშვებს ნებას რთავენ, სქესი აირჩიონ. ანუ თუ ბიჭია როგორ უნდა გახდეს გოგო და პირიქით, სხვადასხვა საშუალებებისა და წამლების დახმარებით. 9 წლის ბავშვებს, რომლებსაც ჯერ ცნობიერებაც არ აქვთ ჩამოყალიბებული, უკვე ასეთ რამეს სთავაზობენ. საქართველოშიც მსგავსი რაღაცების გაკეთება უნდათ. ასე დაიწყო ინგლისშიც თავიდან, გარკვეული კანონმდებლობის მიღება და ბოლოს, ერთსქესიანთა ქორწინებაც დაიშვა. კიდევ რას მოითხოვენ, ღმერთმა იცის.

ჩვენ კარგად ვიცით, ლოგიკურად საითაც მიდის ეს ყველაფერი, ეს არის ღვთის გმობა, ღვთის მცნებების წინააღმდეგ სიარული. არც ერთ ერს არ დამართნია კარგი, რომელიც ღმერთის მცნებებისა და კანონების წინააღმდეგ მიდიოდა. პირისგან მიწისა აღიგავა ყველაფერი და ეს უნდა გააცნობიეროს ყველამ და პირველ რიგში იმ ადამიანებმა, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, კანონმდებლების სახელი ერქვათ. ბოროტების მოტანის მაგივრად ჩვენი ქვეყნისთვის, ისეთი კანონები მიიღონ, რაც ჩვენს ქვეყანას სულიერადაც წაადგება და ფიზიკურადაც.

- რამდენიმე დღის წინ უსუფაშვილმა ღვთისმშობელს, პრაქტიკულად, შეურაცხყოფა მიაყენა, ღვთისმშობლის წილხვედრს კი ვეძახით საქართველოს, მაგრამ აქ ნამყოფიც არ არისო. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს რიტორიკა კანონის მიღების მეორე ეტაპია?

- ეს ძალიან ცუდია. უსუფაშვილს ვურჩევდი, "მოქცევაი ქართლისა" წაიკითხოს. მოციქულებთან ერთად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს კენჭისყრის დროს საქართველოს მფარველობა და ქრისტიანობის ქადაგება დაევალა. თუმცა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, უფალმა უთხრა, რომ საქართველოში ანდრია მოციქული და სხვა მოციქულები წავიდოდნენ და მის წილად იქადაგებდნენ ქრისტიანობას. ისტორია "მოქცევაი ქართლისაში" ნათლად ამბობს, რომ საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ეს ელემენტარული განათლება და ცნობიერება რომ არ აქვს ამ ადამიანს და ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებს, სამარცხვინოა. პარლამენტის თავმჯდომარე რომ ასეთი აზროვნებისაა, სხვაზე რაღა უნდა ვილაპარაკოთ. შეგნებულად დგამენ ისინი ამ ნაბიჯებს და მათი განცხადებებიდან კარგად ჩანს ეკლესიისადმი მათი დამოკიდებულება.

წინა ინტერვიუშიც გითხარით, რომ ესენი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი განშტოება არიან. "ნაციონალური მოძრაობა" ერისთვის კიბო იყო და ეს არის ერთ-ერთი მეტასტაზი, რომლის პროგრესირება უკვე ხდება. ვფიქრობ, რომ ესენი ძალიან ცუდად დაამთავრებენ, თუ ასე გააგრძელებენ, რადგან ვინც ღმერთის წინააღმდეგ წავიდა, ვიცით, რაც დაემართა იმ ხალხს. მე კიდევ ერთხელ შევაგონებ ამ ადამიანს, რომ თუ მართლა გააკეთა ასეთი განცხადება, მე არ მომისმენია, არ მაქვს დრო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ასეთ სისულელეებს ვუსმინო, სხვა ბევრი ადამიანია მოსასმენი, თუ მართლა გააკეთა ასეთი რამ, უნდა გამოვიდეს და ერის წინაშე პატიება ითხოვოს. თუ არა და, მთელმა ერმა მკაცრად უნდა მოსთხოვოს ამ ადამიანს პასუხი.

- საზოგადოების დიდი ნაწილი ითხოვს ამ პარლამენტის დაშლას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას. კარგად გამოჩნდა უკვე, რომ ამ პარლამენტმა არ გაამართლა. სასულიერო პირების პოზიცია როგორია?

- ალბათ, ჯერ ადრეა პარლამენტის დაშლაზე საუბარი, ნამდვილად არიან ღირსეული ადამიანები ამ პარლამენტში, რომლებსაც არც ადამიანობა, არც ქრისტიანობა და არც ვაჟკაცობა აკლიათ, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ან ფულიდან გამომდინარე, ან თანამდებობიდან გამომდინარე უჭირთ რამის თქმა, მე ასე ვფიქრობ. მაგრამ შევახსენებ, რომ არც სააკაშვილსა და მის გუნდს ეგონა, რომ ასე განვითარდებოდა მათი მომავალი. ეს ყველაფერი უნდა გააცნობიერონ და თავიანთი მოქალაქეობრივი მოვალეობა აუცილებლად უნდა მოიხადონ ისე, როგორც ამას მათი სინდისი, ჩვენი რწმენა და ჩვენი ტრადიციები ითხოვს. თქვეს, რომ არ მოვაწერთ ხელს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებასო, მაგაზეც თუ მოაწერეს ხელი და დარწმუნებული ვარ მოაწერენ, ამაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ. ჩვენ თუ ამაზე დავხუჭეთ თვალი, მერე უფრო უარესს გააკეთებენ. "რესპუბლიკური პარტია" მართავს შიგნით პარლამენტსაც და ყველაფერს, რაც ამ სტრუქტურებში ხდება, ეს ძალიან სამწუხაროა.

- როგორ ფიქრობთ, მხოლოდ შეგონებითა და ხელმოწერებით, ეს პარლამენტი ამ კანონს უკან გაიწვევს?

- თუ ეს ადამიანები მიხვდნენ და კანონი უკან გაიწვიეს, კარგს იზამენ, მაგრამ, თუ ამ ხალხმა ამ გზაზე სიარული გააგრძელა, მაშინ უკვე მოთხოვნა იქნება, რომ პარლამენტი დაიშალოს. ჯერ იყო და შევარდნაძის საშინელი რეჟიმიდან გვეგონა, სააკაშვილი გამოგვიყვანდა და ვერ შეძლო, 9 წელი სრულ ჯოჯოხეთში გვაცხოვრა, როსტომ ხანსაც კი არ გაუკეთებია ისეთი საშინელება, რაც ამ თავხედმა ადამიანმა გააკეთა. სამწუხაროდ, იგივე გზას ადგანან ესენიც და ხსნა ღმერთში უნდა ეძიონ და არა ადამიანში. სანამ ამაზე მთელი ერი ერთსულოვანი და ერთ აზრზე არ ვიქნებით, ყოველთვის ასე იქნება.
ზუსტად ასეთ დროს, როდესაც სულიერი ფასეულობები ყველაზე მეტად გაჭირდება, ამ დროს გამოჩნდება სწორედ ანტიქრისტე, რომელშიც, სამწუხაროდ, მრავალი ადამიანი და მრავალი ერი დაინახავს მხსნელს, მაგრამ ბოლოს გამოაჩენს თავის კლანჭებს და როგორც არის აღწერილი ბიბლიაში და მამათა წიგნებში, სწორედ ისე მოხდება. ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ ხსნა ღმერთშია და არა რომელიმე პიროვნებაში. 

- სასულიერო პირები რამე აქციას კიდევ ხომ არ გეგმავთ?

- ჯერჯერობით არავითარი აქცია არ იგეგმება, ამ ეტაპზე, როგორც გითხარით, ხელმოწერების შეგროვება ხდება და მთელმა ერმა უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა, რომ ეს უზნეო კანონი, რაც მიიღეს, უკან გაიწვიონ.

23-05-14

alia.ge



Комментариев нет:

Отправить комментарий