ღმერთი

ღმერთი

пятница, 16 мая 2014 г.

ვისი მკვლელობა იგეგმებოდა გასულ 17 მაისს და რაზე ესაუბრა პატრიარქი სასულიერო პირებს 17 მაისის შესახებ?

  ვისი მკვლელობა იგეგმებოდა გასულ 17 მაისს? რა პროვოკაციებია მოსალოდნელი და როგორ აპირებს მის აღკვეთას მრევლი?

"ალიას" ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ეკლესიის მოძღვარი, მამა გიორგი რაზმაძე ესაუბრა:

- მამაო, ამბობენ, რომ 17 მაისს პროვოკაციებია მოსალოდნელი. შარშანდელივით რომ არ მოხდეს, მრევლს რას ურჩევთ?

- პირველ რიგში, გეტყვით, რომ 17 მაისი მშობელთა დღედ უნდა გამოცხადდეს. ასევე ტაძარში პარაკლისი უნდა გადავიხადოთ. შემდეგ სხვადასხვა ქუჩები ნაკურთხი წყლის შესხურებით უნდა მოვიაროთ, შევასხუროთ სახლებში, ქუჩებში, ყველგან, ვისაც სურვილი ექნება და მერე სამების საკათედრო ტაძრაში მსვლელობით მივიდეთ, სადაც მისი უწმინდესობა 12 საათზე პარაკლისს გადაიხდის და საქართველოში მშობელთა დღე გამოცხადდება. პატრიარქმა ხუმრობით თქვა, საქართველოში დედის დღე თუ არსებობს, მამამ რა დააშავაო? ის ფაქტი, რომ ეკლესია ვერ შეეგუება ვერანაირ ურჯულოებას, ყველამ უნდა გააცნობიეროს. როცა პარლამენტის თავმჯდომარე პატრიარქთან შეხვედრაზე ბრძანდებოდა, ისაუბრა, რომ სასულიერო პირები ვალდებულნი არიან ქვყნის მართვაში ჩაერიონ, ზნეობრივად მოუწოდონ ადამიანებს და ასე შემდეგ.

რაც შეეხება პროვოკაციებს, ჩვენი მხრიდან იქნებიან თუ მეორე მხრიდან, უნდა დააკავონ. ვინც წამოეგება პროვოკაციას და შეეკამათება მეორე მხარეს, ის არის პროვოკატორი. ჩვენი მხრიდან ეს არ მოხდება და ვინც ამას გააკეთებს, თავის თავს დააბრალოს. ვინც პროვოკაციას აპირებს, ყველას ვურჩევ, რომ ასეთი შეკრებებისგან თავი შეიკავოს, თავიანთ სახლში კი რაც უნდათ ის აკეთონ.

- იმ ორგანიზაციებზე, ვინც თქვენი მსვლელობის პროვოკაციაზე წამოგებას შეეცდება, ინფორმაცია თუ გაქვთ?

- კი, ჩვენ ეს ინფორმაცია ვიცოდით და ფართო მსჯელობის საგანიც იყო. შარშანაც უნდოდათ და აპირებდნენ ცემა-ტყეპას, გარკვეული ექსცესებიც მოხდა, მაგრამ დროზე აღკვეთეს. იმაზეც კი იყო საუბარი, რომ ელჩის მკვლელობა უნდა ჩაედინათ, რომ სიტუაცია გართულებულიყო. ამისთვის ფულიც კი გადახდილი იყო.

- რომელი ელჩის მკვლელობა იგეგმებოდა?

- მთხოვეს, არ დავაკონკრეტო, ამიტომ, ვერ გეტყვით. მადლობა ღმერთს, რომ სასულიერო პირები გამოვიდნენ და ამის საშუალება არ მიეცეთ, რომ ეს პროვოკაცია განეხორციელებინათ. ყველანაირ მსგავს პროვოკაციას ჩვენ აღვკვეთთ. თქვენ იცით, რომ ეკლესია მხოლოდ მშვიდობიანობას აკურთხებს.

- შარშან ხომ მოახერხეს პროვოკაციის მოწყობა, როგორ აპირებთ აღკვეთას?

- ჩვენ უკვე მოვუწოდეთ მრევლს და კიდევ მოვუწოდებთ, რომ არანაირ პროვოკაციას არ აჰყვნენ. ის ადამიანები, რომლებსაც მოთმინების უნარი არ აქვს, მე ვურჩევ, რომ საერთოდ ქუჩაში არ გამოვიდნენ. ეს მსვლელობა აბსოლუტურად მშვიდობიანი იქნება და ნაკურთხი წყლის სხურებით, რომელიც, როგორც აღვნიშნე, უწმინდესის მიერ პარაკლისის გადახდით დასრულდება.

- თუ გაქვთ ინფორმაცია, რა პოზიციას დაიკავებს ხელისუფლება და კონკრეტულად, პარლამენტი, რომელმაც ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო და ამით უკვე გამოავლინა თავისი თავი?

- ბოლო დროს, ამ ხალხთან ურთიერთობა აღარ გვქონია, მაგრამ ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ადამიანები თავიანთ გადაწყვეტილებას გადახედავენ და თავიანთ ქრისტიანულ-მოქალაქეობრივ პოზიციას დააფიქსირებენ. იმედია, გონს მოეგებიან და ამ კანონს გააუქმებენ თუ არა და ღვთის წინაშე იქნებიან პასუხისმგებლები. წინასწარ რომ
ამ საქმის უტრირება არ მოვახდინოთ, მოდით, ვთქვათ, რომ არაფერი მოხდება. როცა ისინი ამდენ ხალხს დაინახავენ, კურდღლებივით დაიმალებიან და ვერსად ვერ გამოვლენ. ჩვენ შევაგონებთ ამ ადამიანებს და ნაკურთხ წყალს ვასხურებთ. ხომ არის ნათქვამი, რომ ადამიანი შეცდომაზე სწავლობს და ამ ადამიანებს თუ ცოტა გონება აქვთ, თავიანთ შეცდომას გაითვალისწინებენ და აღარ გაიმეორებენ.


- როდესაც მიდის საუბარი, რომ ეს არის დავალება ბიძინა ივანიშვილისგან, ასოცირების ხელშეკრულება ამას გვავალდებულებსო, ქართული პოლიტელიტა სხვანაირად რატომ მოიქცევა?

- კარგი იქნება, თუ ოდესმე ბატონ ბიძინასგან მოვისმენთ ამაზე პასუხს. იმედია, გონს ახლა მაინც მოეგება, რადგან ღვთისმშობლის ხატი დაილოცა და მსვლელობა იქნება, ცოტა სწორად იფიქრებენ. იმედია, ღმერთი შეეწევა გარკვეულ ადამიანებს და მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც გონებას გაუნათებს.

- როგორ შეაფასებთ ხელისუფლების დამოკიდებულებას ეკლესიის მიმართ, რადგან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ხალხზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, ერთგვარი კონკურენციაა თქვენს შორის?

- არ ვიცი, რა გითხრათ, წინა ხელისუფლების პერიოდში სააკაშვილს, შეიძლება ითქვას, გული მისდიოდა ხოლმე, როცა მაღალი რეიტინგი გვქონდა და ყველანაირად ცდილობდა, ხან პოლიციელებით, ხან სამხედროებით როგორმე გადაეფარა ეს. დღევანდელ ხელისუფლებაში კი "რესპუბლიკელებმა" დაიკავეს "ნაციონალების" ადგილი. "რესპუბლიკელებიც", ასევე, ცდილობენ ეკლესიის დისკრედიტაციას, მაგრამ არაფერი გამოუვათ ჭეშმარიტების წინააღმდეგ ბრძოლაში.

- რაში სჭირდება, ზოგადად, ხელისუფლებას ეკლესიის დისკრედიტაცია?

- ევროპისა და ამერიკისთვის გუნდრუკის საკმევლად. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბასილი რომ დაიჭირეს და ეკლესია რომ დაუნგრიეს, რისთვის იყო საჭირო? მათ ხომ არ იცოდნენ, ვინ იყო ბასილი, ერთი მართლმადიდებელი მღვდელი ეგონათ. ამით დაანახეს ევროპასა და ამერიკას, რომ ეკლესიას იმორჩილებდნენ. ამით დაანახეს მსოფლიოს, თითქოს სახელმწიფო ეკლესიას მართავს, ასეთი რაღაცები კათოლიკეებში მოიკითხონ.

- თინა ხიდაშელმა განაცხადა, რაც წინა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, ჩვენ მოვახერხეთ და დამნაშავე დაისჯება, სასულიერო პირიც რომ იყოსო. თქვენი აზრით, საიდან მოდის ეს სიამაყე?

- ესენიც იმავე გზას ადგანან, რასაც ნაციონალები. ცდილობენ, დაანახონ ევროპას, რომ, რაც წინა ხელისუფლებამ ვერ გააკეთა, ჩვენ ვაკეთებთო. რაც შეეხება ხიდაშელს, ვურჩევ, ჩაიხედოს ისტორიაში და ნახოს, ვინც ეკლესიას წინ აღუდგა, როგორ დაამთავრა. იულიანე განდგომილი როცა კვდებოდა, იძახდა, შენ მაჯობე გალილეველოო და კბილებით იგლეჯდა სხეულს. დი ხაშელს ვურჩევ, ისტორია წაიკითხოს და ნუ ებრძვის ეკლესიას. ხოლო თუ სასულიერო პირი ან ნებისმიერი პირი დანაშაულს ჩაიდენს, რა თქმა უნდა, ის კანონის წინაშეა პასუხისმგებელი.

- პირად საუბარში მითხარით, უგულავა ჩემი კურსელი იყო და მაშინვე ეტყობოდა, როგორც გაგრძელდებოდა მისი კარიერაო. თინა ხიდაშელიც სასულიერო პირის ოჯახიდანაა, მამა გაბრიელი მისი ბიძა იყო, რატომ ხდება, რომ ეკლესიას ასეთი ადამიანები სხვებზე მეტად უპირისპირდებიან?

- იუდაც ერთ-ერთი მოციქული იყო და შემდეგ ღმერთი გაყიდა. სასულიერო ოჯახიდან გამოსვლა არ არის იმის გარანტი, რომ ადამიანი ღვთისმოსავი იყოს. რუსეთში რევოლუცია სასულიერო პირის შვილებმა მოახდინეს, როცა მათი მამები ხალხს მარხვისკენ მოუწოდებდნენ, სახლში კი თვითონ ხორცს ჭამდნენ. მათი შვილები რომ ხედავდნენ მამების ასეთ უზნეო საქციელს, ამბობდნენ, ღმერთი არ არსებობსო. აქედან გამომდინარე, თინა ხიდაშელი რომ სასულიერო პირების ოჯახიდანაა, ეს იმაზე არ მეტყველებს, რომ ღვთისმოშიშია. ჯობია, ხიდაშელმა თავის სულში ჩაიხედოს და ის სიბინძურეები ამოყაროს, რაც ჩადენილი აქვს.

- რატომ ხდება, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე ზოგიერთი სასულიერო პირი არ იღებს ხმას. არ არის ერთსულოვნება ეკლესიაში?

- უმჯობესია, ეს კითხვა იმ ადამიანებს დაუსვათ, რომლებიც ხმას არ იღებენ, იმიტომ რომ ეკლესიაში ერთსულოვნება ნამდვილად არის და სამი-ხუთი ადამიანი ეკლესიის ხმა არ არის. ეკლესიის ხმა უმრავლესობაა და კარგად ხედავთ, რომ უმრავლესობას თავისი მოსაზრება და პოზიცია აქვს და მას აფიქსირებს. ღმერთი კი ყველას თავისას მოჰკითხავს.

- ხელისუფლებაში მოსვლამდე დღევანდელი მმართველები მორწმუნეობით ტრაბახობდნენ და კამერების წინ ერთმანეთს ასწრებდნენ სანთლის დანთებას. რატომ ებრძვიან ახლა ეკლესიას, შეგიძლიათ, ამაზე მიპასუხოთ?

- მე გეტყვით, რომ, რაც საქართველოში "ყაზტრანსგაზი" და "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შემოვიდა, ეკლესიასა და მონასტრებს წყლისა და გაზის გადასახადი გაუოთხმაგეს. ჩვენ მივაკითხეთ კალაძეს ამ საკითხთან დაკავშირებით და გვითხრეს, რომ ეს კერძო კომპანიების პრეროგატივაა და ვერ ვერევით ამაშიო. კომუნისტებიც კი არ კადრულობდნენ ამას, რასაც წინა და დღევანდელი მთავრობა უკეთებს ეკლესიას. პირდაპირ გვბეგრავენ რესტორნის გადასახადებით. შეგიძლიათ, მობრძანდეთ და ნახოთ, რამხელა გადასახადები გვაქვს. 4,75 თეთრი წყალზე ერთ სულზე და 75 თეთრი გაზსა და დენზე, ზუსტად არ ვიცი, ისიც შედარებით ბევრია.

- თქვენი აზრით, ასეთი დამოკიდებულებით სადამდე მივა ხელისუფლება?

- იმედი მაქვს, რომ ამაზე შორს აღარ წავლენ და ვფიქრობ, რაც უფრო მეტად ექნებათ ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკლესიასთან ურთიერთობა, მათთვის უკეთესი იქნება. ყოველ შემთხვევაში ამას ვურჩევ. "ნაციონალებსაც" ეგონათ, რომ სულ ხელისუფლებაში იქნებოდნენ, მაგრამ ვხედავთ, რაც მოხდა. თუ ხელისუფლება ხალხისკენ და თავის სახელმწიფოსკენ არ მობრუნდება, ხალხი თვითონ გასცემს საკადრის პასუხს.


ჟანა ასანიძე გაზეთი "ალია"

16-05-2014


Комментариев нет:

Отправить комментарий