ღმერთი

ღმერთი

четверг, 15 мая 2014 г.

"შეიმჩნევა, რომ ეკლესია გახდა პარტიულ-პოლიტიკური და ეს თვითონ ეკლესიას აყენებს დარტყმას"

  ისტორიული კონფლიქტები საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის

"დღეს საეკლესიო მსახურნი ზედმეტად პოლიტიზირებულები არიან. როგორ შეიძლება მღვდელმა გაყოს მრევლი პარტიული ნიშნით?!"


რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკლესიას და სახელმწიფოს ერთმანეთთან ცივილური ურთიერთობის გამოცდილება არ აქვთ. ქართულ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზე კომენტარი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ზურაბ პაპასქირს ვთხოვეთ:

– საქართველოს სახელმწიფოს და ეკლესიას ისტორიული თანაცხოვრების დიდი ხნის გამოცდილება აქვთ, მაგრამ ყოველთვის სიამტკბილობით სავსე არ ყოფილა მათი ურთიერთობა. პირველ გახმაურებულ კონფლიქტს ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ V საუკუნეში, როდესაც ვახტანგ გორგასალს დაუპირისპირდა მთავარეპისკოპოსი მიქაელი. ეს დაპირისპირება აშკარად პოლიტიკურ-იდეოლოგიური შეფერილობის იყო. და ამ დროიდან მოყოლებული, იყო პერიოდები, როდესაც სასულიერო ხელისუფლება გამოდიოდა საერო ხელისუფალთა წინააღმდეგ. ეს დაპირისპირება მკაფიოდ ჩანს XI საუკუნეში, გიორგი I-ის ეპოქაში (სხვათაშორის, ამ კუთხით ”დიდოსტატის მარჯვენაში” ასახული ვითარება არაა მხოლოდ მწერლის ფანტაზიის ნაყოფი და მეტწილად ისტორიული სიმართლეა). ეს დაპირისპირება არ იყო მხოლოდ შიდაპოლიტიკური პრობლემა, ის მნიშვნელოვანწილად საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციასთან იყო დაკავშირებული. იმჟამად საეკლესიო ხელისუფლება ადგა პრობიზანტიურ ორიენტაციას, ხოლო მეფეს ჰქონდა მკვეთრად გამოხატული ანტი-ბიზანტიური კურსი. საერო და საეკლესიო დაპირისპირების ძალიან მწვავე მაგალითია რუს-ურბნისის კრება, როდესაც სამეფო ხელისუფლებამ წესრიგი დაამყარა ეკლესიაში. სხვათაშორის, რუის-ურბნისის კრებამდე ამის გაკეთება მოინდომა ბაგრატ IV-მ, რომელმაც ამისთვის გიორგი მთაწმინდელი ჩამოიყვანა საქართველოში, მაგრამ მან ვერ განახორციელა ის, რაც შემდგომში დავით აღმაშენებელმა და გიორგი ჭყონდიდელმა აღასრულეს. რუის-ურბნისის კრების მერე ეკლესიაზე დამყარდა სამეფო კონტროლი და ეპისკოპოსს სამეფო კარი ნიშნავდა.


– ანუ ეკლესიას ყოველთვის უნდოდა გავლენის მოპოვება სახელმწიფოზე და პირიქით?


– საქართველო ძლიერი იყო მხოლოდ მაშინ, როცა საერო და საეკლესიო ხელისუფლება შეთანხმებულად მოქმედებდნენ. მათ შორის დაპირისპირება ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იყო და გავლენას ახდენდა როგორც შიდა, ასევე გარე პოლიტიკაზე. უკიდურესად გამწვავდა ურთიერთობა საეკლესიო ხელისუფლებასა და სახელმწიფოს შორის თამარის მეფობის პირველ პერიოდში, როდესაც კათალიკოსმა მიქაელ მირიანის ძემ ”მოივერაგა” (მიიტაცა) მწიგნობართუხუცესობა და ფაქტობრივად საერო ხელისუფლების მთავარი ფიგურაც გახდა. აღსანიშნავია, რომ სანამ მიქაელი არ გარდაიცვალა, თამარმა ის ვერ გადააყენა. ეს იყო ეკლესიის მხრიდან ყველაზე დიდი მცდელობა, ხელში ჩაეგდო სამეფო ხელისუფლება და თან იმ პერიოდში, როდესაც საქართველო უძლიერესი სახელმწიფო იყო. XIX ს. დამდეგიდან, მას შემდეგ, რაც საქართველო რუსეთის შემადგენლობაში შევიდა ქვეყანაში იყო სრული დიქტატი ეკლესიაზე სახელმწიფოს მხრიდან. ამ პერიოდის ქართველი მღვდელმთავრები იდგნენ ეროვნულ პოზიციაზე. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე წამოვიდა სასულიერო პირების უბრწყინვალესი თაობა: კირიონ საძაგლიშვილი, ამბროსი ხელაია და სხვ., რომლებიც ამხელდნენ, თავგამოდებით ებრძოდნენ რუსეთის იმპერიულ პოლიტიკას საეკლესიო სფეროში და თავგამოდებით იბრძოდნენ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის.


– დღეს ხშირად საუბრობენ, რომ ეკლესია ზედმეტად ერევა სახელმწიფოს საქმეებში, თქვენ რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ეს მოსაზრება?


– მეც ვფიქრობ, რომ დღეს საეკლესიო მსახურნი ზედმეტად პოლიტიზირებულები არიან. როგორ შეიძლება მღვდელმა გაყოს მრევლი პარტიული ნიშნით?! მისთვის ხომ ერთი უნდა იყოს ყველა (ეს არაა მხოლოდ ქართული მოვლენა და თუ ევროპის ქვეყნების ისტორიას გადავხედავთ, იქაც ვნახავთ ასეთ მაგალითებს). დღეს აშკარად შეიმჩნევა, რომ ეკლესია გახდა პარტიულ-პოლიტიკური და ეს თვითონ ეკლესიას აყენებს დარტყმას.


ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)




Комментариев нет:

Отправить комментарий