ღმერთი

ღმერთი

среда, 21 мая 2014 г.

უსუფაშვილის კონფერენციაზე გამოსვლამ სასულიერო პირები აღაშფოთა

21-05-14

გაზეთი "ალია", ჟანა ასანიძე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმს, რომელიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ეძღვნებოდა, სასულიერო პირებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილიც ესწრებოდა და ძალიან უცნაური განცხადება გააკეთა: "ორი ათასი წელი იწურება მას აქეთ, რაც თავს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად ვთვლით. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ღვთისმშობელს თავისი წილხვედრი ქვეყანა არასოდეს უნახავს, საფიქრებელია, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ჯერჯერობით მხოლოდ პოტენციურადაა, გახდება თუ არა რეალურად, ეს ჩვენზე და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული".

ამ განცხადებამ სასულიერო პირების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. მამა არჩილ მინდიაშვილმა უსუფაშვილს ვრცელი წერილით მიმართა. გთავაზობთ მის მოკლე მონაკვეთს: "ჩემო კეთილო, ბ-ნო პარლამენტის თავმჯდომარევ, გავეცანი რა თქვენს გამოსვლას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმზე, რომელიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ეძღვნებოდა, როგორც ამ ეკლესიის მღვდელმსახურმა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ განვიზრახე თქვენთვის პასუხი მიმეგო. აქედანვე, რომ ვთქვა საზოგადოდ, ეს სიტყვა იყო ცილისწამება ჭეშმარიტებაზე, გამოთქმული არაწმიდა კადნიერებით (არსებობს წმინდა კადნიერებაც), თქვენთვის დამახასიათებელი მენტორული ტონით, ამჯერად გამოთქმული უკვე არა პარლამენტის ტრიბუნიდან, არამედ ერთმორწმუნე მართლმადიდებელთა, სამღვდელოთა და საეროთა, კრებულის წინაშე (სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მართლმადიდებელი ღვთისმეტყველნიც ბრძანდებოდნენ). აშკარად ჩანდა, რომ ვერ მალავდით აღელვებასა და გაღიზიანებას..."

"ალია" მამა არჩილს დაუკავშირდა, მაგრამ მან ინტერვიუზე უარი გვითხრა.
ამის შემდეგ დავუკავშირდით გლდანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის მოძღვარს, მამა ბასილი მკალავიშვილს:



- მამაო, როცა პოლიტიკოსი სასულიერო პირებთან ასეთ რამეს ამბობს, ხომ იცის, რომ ეს ამბავი გახმაურდება. რატომ მოიქცა ასე უსუფაშვილი?

- რატომღაც, თუ ეკლესია რაიმე ღონისძიებას ან სინოდის კრებას ატარებს, ყოველთვის იწვევენ მთავრობის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით ისეთ პიროვნებებს, რომლებიც აშკარად ებრძვიან ღმერთს. უსუფაშვილისგან ცუდის გაკეთება გასაკვირი არ არის, ის უნდა გაგვიკვირდეს, რაიმე კარგი გააკეთოს. როგორ შეიძლება, თუ შენ ქართველი ხარ, თქვა, რომ ღვთისმშობელს არ უნახავს საქართველო. ეს რომ თქვა, სასულიერო პირებმა რატომ იქვე არ შეაჩვენეს? რატომ არ ჩააგონეს იმ უგუნურს, რომ საქართველოში საქადაგებლად დედა ღვთისა უნდა წამოსულიყო და რატომ არ წამოვიდა? რამდენი სასწაული უნდა გვიჩვენოს უფალმა, თუმცა მათგან არაფერია გასაკვირი, სააკაშვილს გადააჭარბეს ბოროტებით. დეისაძის დონეზე რომ დადგება პარლამენტის თავმჯდომარე, კიდევ კარგად მოვაღწიეთ ჩვენ აქამდე. ესეც ერთი სასწაულია, რომ ამ მიწიერ ცხოვრებაზე პატრონი არა გვყავს, მხოლოდ უფალია ჩვენი პატრონი.
ეს ამბავი რომ გახმაურდებოდა, ძალიან კარგად იცოდა უსუფაშვილმა, სწორედ ეს მიზანი ჰქონდა მას, რომ დასავლეთის ძმებს უფრო გაახარებდა, რაც უფრო დაუპირისპირდებოდა ეკლესიას.

- "რესპუბლიკელები" ეკლესიას ებრძვიანო, ხშირად მომისმენია სასულიერო პირებისგან, მაგრამ ახლა, ასეთი დემარში რის მანიშნებელია?

- "რესპუბლიკელები" ეკლესიას ადრეც ებრძოდნენ, ახლა კი აქტიურ ფაზაში არიან შესული. სხვა მოღალატეებთან ერთად, სწორედ მათ შეიმუშავეს
ანტიდისკრიმინაციული კანონი. დაბეჩავებული ხალხის ხმებით მოკალათდნენ თბილ სავარძლებში, რასაც ვერასოდეს ეღირსებოდნენ, რომ არა ბიძინა ივანიშვილი და ახლა იმას ცდილობენ, როგორ გამოუთხარონ ძირი ყოველგვარ ქართულს, ეროვნულს, ტრადიციულს, ზნეობრივს და რაც მთავარია, სარწმუნოებას. სწორედ ამიტომ დაეცა ივანიშვილის რეიტინგი, რომ ეს ქართველთმოძულენი დაიყენა გვერდით და მათ მიანდო ქვეყნის მართვა. ჩემს ინტერვიუებში გამუდმებით ვუწერდი, მოეშორებინა საქართველოს დაუძინებელი მტრები "რესპუბლიკელების" სახით. ეს პარტია ჯერ ზვიად გამსახურდიას ებრძოდა, რადგან არ უნდოდათ საქართველო დამოუკიდებელი ყოფილიყო, მათი მიზანია, საქართველო იყოს ამერიკელი და ევროპელი მამათმავლების მორჩილი, არ უნდათ, რომ საქართველო იყოს მართლმადიდებელი ქვეყანა.

- სადამდე ეყოფა უტიფრობა ხელისუფლებას?

- იცით, სადამდე? მანამ, სანამ საპატრიარქოს თბილ ბალიშზე უდევს თავი და უზრუნველად სძინავს. როგორც ღვთისმსახურს, მწამს, რომ ლოცვას უდიდესი ძალა აქვს, მაგრამ რწმენა საქმის გარეშე მტყუარ არს... გასულ წელს გახსოვთ ხალხის სიმრავლე რუსთაველზე? წელსაც ნახავდით, ალბათ. ახლა მე გეკითხებით, იქ მთელი საქართველო არ უნდა მდგარიყო? მტრებს ენახათ, რომ ჩვენი ერი ერთსულოვანია და მტკიცედ იცავს ტრადიციებს და ამით ეჩვენებინათ მათთვის, რომ მამათმავლები ჩვენთან ფეხს ვერ მოიკიდებენ! რამდენ კითხვას უნდა გასცეს პასუხი საპატრიარქომ? თუ საპატრიარქო ამ მოღალატეებს პასუხს არ მოსთხოვს და სასჯელს არ მიაგებს, უშუალოდ მე გადავცემ მათ ანათემას, დარწმუნებული ვარ, დღესაც იხსენიებენ ლოცვებში უღირს ხელისუფლებას, ვერ აცნობიერებენ, რა ჩაიდინეს მათ.

- იყო დრო, სინოდის კრებას რომ სოსო თოფურიძე ესწრებოდა. ახლა თოფურიძე ვინმემ ჩაანაცვლა, თუ რა ხდება?

- რამდენჯერ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, რომ ხელისუფლებას, გიჟი სააკაშვილის დროსაც და ახლაც ყურით უჭირავს საპატრიარქო. ცდილობ, მაგრამ ვერ აჟღერებ იმის აღმოფხვრას, რომლისგანაც თვით განსაწმენდი ხარ, ალბათ, მიმიხვდებით რის თქმაც მინდა. აი, ამით ემუქრებიან მათ. ადრე თუ სინოდს თოფურია და ბოკერია მართავდა, ის დღეს ჩაანაცვლა "რესპუბლიკურმა პარტიამ". საპატრიარქომ 17 მაისს აჩვენა თავისი რეალური სახე, ამ დღეს რუსთაველის პროსპექტზე მარტო მამა ელიზბარი (დიაკონიძე) უნდა მდგარიყო და არა სრულიად საქართველო, სასულიერო პირებთან ერთად? სანამ უნდა ვიყოთ ასე გონებადახშულნი, ვერ ვხვდებოდეთ, რომ ქვეყანა თავზე გვენგრევა, პარლამენტის შემადგენლობაში მინახავს მტრები, პიროვნებების სახით, მაგრამ ის, რომ ყველა ერთ ჭკუაზე იდგეს ქვეყნის საზიანოდ, პირველად ვნახე. ამას გვპირდებოდა ჩვენ ივანიშვილი? ვიცოდით, რომ ის წავიდოდა და ისე დაალაგებდა ყველაფერს, როგორც ქართველ ერს ეკადრება.

17 მაისის გახსენება შემაძრწუნებელია ყველა ქართველისთვის, რამეთუ ეს დღე უნდა აქციონ მამათმავალთა დღესასწაულად. ამიტომაც იყო, რომ ღმერთმა მოგვცა ნიშანი, ხომ ხედავთ, რა ღვთის რისხვა დაატყდა დარიალის ხეობას. ღმერთი ზემოდან არ ჩამოვა და არ გვეტყვის ეს მე გავაკეთეო. როგორც აღდგომის წინა დღით გვიგზავნის სასწაულებრივ ცეცხლს და ამით თანადგომას გვიდასტურებს, ასევე, ჩვენვე უნდა მივხვდეთ სასჯელსაც.

რამდენიმე კვირის წინ პარლამენტმა შეიმუშავა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი, რომელიც განიხილეს და ერთსულოვნად დაამტკიცეს. სოდომისეულ კანონს ხელი მოაწერა პრეზიდენტმაც. გლდანის მართლმადიდებელი ეპარქია სამშობლოს ღალატსა და სარწმუნოების შეურაცხყოფას არავის აპატიებს.

ამ კანონის ამოქმედება ყოვლად მიუღებელია ძირძველი ტრადიციული მართლმადიდებელი ქვეყნისთვის. სამწუხაროდ, ყოველივე უმსგავსობის მიღება ხდება ისევ ვაიქართველთა ხელშეწყობით, რათა დასავლელი ძმებისგან მიიღონ აურაცხელი გრანტი გარყვნილების პროპაგანდის საფასურად, რომელიც ყოვლად მიუღებელია ქართველი ერისთვის.

თითოეული მორწმუნე ვალდებული ვართ წინაშე უფლისა, ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად მოგვიტანეს დღემდე, ასევე, შეურყვნელად გადავცეთ მომავალ თაობას, თავიდანვე აღმოვფხვრათ ყოველივე უკეთურება, რათა ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს არ მოუხდეთ ჩვენი შეცდომების გასწორება. ეს ღმერთის ღალატია, მისი მცნებების, წმინდა სახარების, ბიბლიის უარყოფა.

მრავალრიცხოვანმა მრევლმა, მოძღვრებთან ერთად, უნდობლობა გამოუცხადა იმ მთავრობას, რომელსაც იმედის თვალით შეჰყურებდა შეჭირვებული ხალხი, შეურაცხადი სააკაშვილის ცხრაწლიანი ფაშისტური რეჟიმის შემდეგ. ფაქტობრივი ხელისუფლება ისეთი შენიღბული დაპირებებით წარდგა საზოგადოების წინაშე, იფიქრეს, მშველელი მოვიდაო, მაგრად მწარედ მოტყუვდნენ, დაპირებები ჰაერში დარჩა, ხალხის პირობების გაუმჯობესებისთვის არაფერი გაკეთებულა, პირიქით, საქართველოს ისტორიას მსგავსი ღალატი არ ახსოვს. კომუნისტებიც იბრძოდნენ ეკლესიის წინააღმდეგ, მაგრამ უზნეობის, სულიერი გახრწნის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. პარლამენტის მიერ ჩადენილი ქმედება მიუტევებელი ცოდვაა, რომელიც მკაცრად მოეთხოვებათ მათ, ამიტომ ღვთისმგმობი, ფარისევლების, მწიგნობრების შესაკრებელი უნდა დაიშალოს, ისინი ღირსი არ არიან, მართონ ქვეყანა, ებრაელების შემდეგ მათ მეორედ აცვეს უფალი ჯვარს. ასევე, მოვითხოვთ უღირსი სახალხო დამცველის ნანუაშვილის თანამდებობიდან გაშვებას.

- საპატრიარქო მოზომილი პოზიციებით რატომ გამოირჩევა? არადა, მისგან ელოდება მრევლი მკვეთრ განაცხადს.

- ვნახოთ, მოსთხოვს კი ხელისუფლებას საპატრიარქო მკაცრად კანონის გაუქმებას? მერამდენეჯერ უნდა იყვნენ სახელმწიფოსგან მართვადი.... უჭირს დღეს საქართველოს. მტრების ასეთი ერთსულოვანი ღალატი ახლა ვიწვნიეთ, ამიტომ მხოლოდ ერთად დგომა გადაგვარჩენს. შევევედროთ უფალს, შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენნი, ვევედროთ ყოვლადწმინდა დედას, გაგვიწიოს შუამდგომლობა წინაშე ძისა მისი წილხვედრი საქართველოს გადარჩენისთვის. მართალია, ხელისუფლება ყოვლად შეუწყნარებელ ქმედებებს სჩადის, მაგრამ, საბედნიეროდ, არიან მორწმუნენი, რომლებიც მხოლოდ უფლის მცნებებს იცავენ და მიჰყვებიან ქრისტეს ეკლიან გზას, რამეთუ სხვა გზა ხსნისა არ არსებობს, რამეთუ ღმერთი გულმოწყალეა, არ გაგვწირავს.

ღმერთმა დაგლოცოთ!


http://www.alia.ge/article.php?id=684

Комментариев нет:

Отправить комментарий