ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 11 мая 2014 г.

რელიგიური უმცირესობები პრობლემას არა ანტიდისკრიმინაციულ კანონში, არამედ საზოგადოებაში ხედავენ, ჰომოსექსუალიზმს კი დაავადებად მიიჩნევენ

 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 6 მაისს, ქადაგებისას პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება დაგმო. "როგორ შეიძლება, უკანონობა დააკანონო?! უკანონობის დაკანონება დიდი ცოდვაა და სწორედ ამის შესახებ ვთქვი მე და მე რომ არ მეთქვა, ის იქნებოდა გასაკვირი და საოცარი. მე ვალდებული ვარ, უნდა მეთქვა. არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ამას, ასეთ კანონს და მინდა, ვთქვა, რომ გავა დრო და ჩვენ თვითონ გაგვიკვირდება, თუ როგორ იყო მიღებული ეს კანონი. მე შევთხოვე უფალს, შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენნი, ნებსითი და უნებლიე. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გვაპატიებს ჩვენს ცოდვებს" – განაცხადა უწმინდესმა.

„ცოდვის დაკანონებას“ წინ უძღოდა სასულიერო პირთა უმრავლესობის მკაცრი განცხადებები, ზოგ შემთხვევაში – ხელისუფლების მიმართ მუქარაც. გაიჟღერა, კერძოდ, ანათემირების იდეამ. მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის მღვდელმსახურმა მამა ლაზარე გაგნიძემ კი დღევანდელ ხელისუფლებას „დედალი“ უწოდა და „მიშას გზაზე გამგზავრება“ უწინასწარმეტყველა. „დღევანდელი ხელისუფლება არის დედალი ხელისუფლება. სამარცხვინო ხალხია შეკრებილი პარლამენტში, ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა არჩიეს დედა ეკლესიის პრინციპებსა და კანონებს. ამათი დასასრული მალე დადგება!“ – განაცხადა მამა ლაზარემ.

იყვნენ ისეთებიც, ვინც სულიერი ძმების მსგავსი პოზიცია დაგმეს, ვისაც ამ ყველაფრის შემყურე, შიში გაუჩნდათ „არა ღვთის, არამედ სწორედ იმ ადამიანების, რომლებიც ღმერთის სახელით ზნეობას, მორალს, ,,კანონებს" იცავენ“, თუმცა სასულიერო პირთა ეს მცირე ნაწილი შედარებით ლიბერალური მოსაზრებების გამო კიდევ უფრო მკაცრი კრიტიკის ობიექტად იქცა რადიკალურად განწყობილი სულიერი ძმების მხრიდან, ვიდრე ხელისუფლება. „ეკლესიას საპოლემიკო არაფერი აქვს. მე ვნახე ზოგიერთი სასულიერო პირის ინტერნეტ–გვერდზე გამოქვეყნებული მოსაზრებები. ყველა იმ ადამიანის საკითხი, რომელიც ასეთ განცხადებებს აკეთებს, ალბათ, ქორეპისკოპოსთან ან წმინდა სინოდთან უნდა იყოს განხილული. ნუ შეეცდებიან ჟურნალისტები, წარმოადგინონ ეკლესია ორი განსხვავებული მოსაზრების ბანაკად, ან კოჰაბიტაციად. ეს მცდელობა კრახით დასრულდება, ისევე, როგორც ეკლესია შეურაცხყოფილი არასდროს დარჩება. პოლიტიკოსები ამას ვერ მოახერხებენ, თავად დარჩებიან შეურაცხყოფილი“ – აღნიშნა მამა დავით ლასურაშვილმა.

„Front news” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლების აზრითაც დაინტერესდა.

ამიერკავკასიის ლათინ–კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის კანცელარიის გამგე, მამა აკაკი ჭელიძე ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას მიესალმება და სახელმწიფოს მისი მიღებისთვის მადლობას უხდის.

„ჩვენც უმცირესობას წარმოვადგენთ, რელიგიურ უმცირესობას. ხშირად ილახებოდა ჩვენი უფლებები ჩვენი რწმენის გამო. არ ვამახვილებ ყურადღებას ჰომოსექსუალიზმზე – ეს დაავადებაა, რომლის განკურნებაც შესაძლებელია. ჩემთვის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რელიგიური უმცირესობის უფლებები არ დაირღვევა და თუ დაირღვევა, კანონი მიღებულია და დამრღვევები შესაბამისად აგებენ პასუხს შესაბამის ორგანოებში“– აცხადებს მამა აკაკი.

სომეხთა მართლმადიდებელი სამოციქულო წმინდა ეკლესიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი ლევონ ისახანიანი კანონის მიღებას დადებითად აფასებს, თუმცა თვლის, რომ მათთვის უფლებრივად მნიშვნელოვნად არაფერი შეიცვლება.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სანამ საქართველოში ზემოთხსენებული კანონმდობლებობა არ არსებობდა, მართლმადიდებელი ეკლესია პრივილეგირებული იყო როგორც ფინანსურად, ასევე სხვა კომპონენტებში. ეს მოსახლეობას აძლევდა გამბედაობას, რელიგიურ უმცირესობებზე სხვადასხვა სახის ზეწოლა განეხორციელებინა, ანუ დაერღვია ჩვენი უფლებები და ამის დამადასტურებლად ფაქტებიც არსებობს. აქედან გამომდინარე, ანტიდისკრიმინაციული კანონი მისაღები იყო და ამას მივესალმებით. მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს კანონი ჩვენ რაიმე დამატებით უფლებას გვანიჭებს, ეს მცდარი მოსაზრებაა. რაც შეეხება საზოგადოების სხვადასხვა წრეების მხრიდან ამ კანონში ყურადღების სექსუალურ უმცირესობებზე აქცენტირებას და ამ კუთხით „ცოდვის პროპაგანდირებაზე“ საუბარს, ვთვლი, რომ ეს არამართებული მიდგომაა, რადგან ჰომოსექსუალიზმი არის დაავადება, რომლის განკურნებაც რელიგიურად შესაძლებელია“ – განაცხადა ლევონ ისახანიანმა.

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ტარიელ ნაკაიძე ასევე იზიარებს მოსაზრებას, რომ ამ კანონს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებისა და ცხოვრების ასეთი წესისთვის არანაირი პროპაგანდა არ გაუწევია.

„ვიცნობ ამ კანონს, რადგან ვმონაწილეობდი მისი მომზადების პროცესში და რეალურად, ის პრობლემას არავის უნდა ქმნიდეს, უბრალოდ საქართველოში ეს კანონი უმრავლესობას წაკითხული არ აქვს და ალბათ, სწორედ ამან გამოიწვია აჟიოტაჟი. თუმცა უფრო იმ აზრისკენ ვიხრები, რომ ეს პროცესი ხელოვნურადაა გამწვავებული. საქართველო სეკულარული სახელმწიფოა და არა რელიგიური და ამ კანონის შემთხვევაში რელიგიური დამოკიდებულება მეორეხარისხოვანია. არსებობს რიგი საკითხების, რომელიც უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან. თუ ჩვენ ვაშენებთ რელიგიურ სახელმწიფოს, ასეთი კანონი არ უნდა მიგვეღო, მაგრამ თუ ვაშენებთ სუვერენულ, დემოკრატიულ და სეკულურულ სახელმწიფოს, ის აბსოლუტურად მისაღებია“ – აღნიშნა მან.

რაც შეეხება სექსუალური უმცირესობების უფლებების საკითხს, ნაკაიძის აზრით, „აქ პრობლემა არა კანონში, არამედ საზოგადოებაშია და მისი სხვადასხვა ჯგუფების ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაში“. „რამდენი კანონიც არ უნდა მიიღო, თუ ქვეცნობიერად არ გაიზარდე, არაფერი გეშველება“ – დასძინა მან.



პაპუნა შუშანია

ახალი ამბების სააგენტო „Frontnews”


08 May, 2014


http://frontnews.ge/ge/news/38464


Комментариев нет:

Отправить комментарий