ღმერთი

ღმერთი

суббота, 10 мая 2014 г.

"მოძღვრის ლოცვა–კურთხევით ჩვენზე თავად მაცხოვრის დალოცვა გადმოდის"

მოძღვრის ლოცვა–კურთხევა ღვთის ნების გამოხატულებაა. ეკლესიის მამათა განმარტებით, კურთხევის გარეშე ცხოვრება და საქმიანობა ალალბედზე სიარულის ტოლფასია, როცა არ იცი, სიკეთეს გადაეყრები თუ უბედურებას. როცა სულიერი მამა ლოცვა–კურთხევას აძლევს ადამიანს, ამით თავად მაცხოვარი ლოცავს მას და სავალ გზას უადვილებს. მორწმუნეს ბოროტი ძალა უამრავ განსაცდელს უვლენს, ე.წ. სასწაულებსაც აჩვენებს, რომ დააბრკოლოს. სწორედ აქ არის საჭირო მოძღვრის მიერ სწორი მიმართულების მიცემა. ამ თემაზე იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე) გვესაუბრება.


– მამაო, რისთვის სჭირდებათ მორწმუნეებს მოძღვრისგან დალოცვა და კურთხევა?


– ლოცვა–კურთხევა ყველასათვის საჭირო და აუცილებელია. თუ ადამიანი თავისი არსებობის საზრისს ხედავს, მან იცის, ამქვეყნად რატომ მოევლინა, რა არის მისი დანიშნულება, რისთვის უნდა იღვაწოს. ჩვენი უმთავრესი ვალია, ის სულიერი ამაღლება და წარმატება მოვიპოვოთ, რისკენაც უფალი მოგვიწოდებს. ეს მაცხოვრისაკენ სავალი გზაა, რაც ქრისტემ წუთისოფელში თავისი მოსვლით მოგვანიჭა.

თვითნებურად აღსრულებული ნებისმიერი საქმე ღვთისათვის მიუღებელია. როდესაც ნოე წარღვნის შემდეგ კიდობნიდან გადმოვიდა, პირველი, რაც მან აღასრულა, ის იყო, რომ სამსხვერპლო აღმართა და უფალს მსხვერპლი შესწირა. იქვე წერია, რომ მაცხოვარმა ნოეს მსხვერპლი იყნოსა და მისთვის სათნო იყო, მაგრამ უფალი ამბობს, მიწას აღარ დავსჯი, ქვეყნიერებას არც წარღვნას მოვუვლენ, რადგან ადამიანის გული ცოდვისაკენ არის მიდრეკილიო. ამით წმინდა მამები რას განგვიმარტავენ? იმას, რომ ნოემ მსხვერპლი თვითნებურად შესწირა, უფალს ეს მისთვის არ უთხოვია. შესაწირი კი მიიღო, მაგრამ, რადგან ნოემ თვითნებობა გამოავლინა, სწორედ ამიტომაც ამბობს მაცხოვარი, ადამიანის გული ცოდვისკენაა მიდრეკილიო. აქედან გამომდინარე, მოძღვრის ლოცვა–კურთხევა უფლის ნების გამოვლენა და აღსრულებაა.

მოძღვრის ლოცვა–კურთხევით ჩვენზე თავად მაცხოვრის დალოცვა გადმოდის. საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში ეს კავშირი მოციქულთაგან უწყვეტად მომდინარეობს. ღვთისმშობელმა კურთხევა სწორედ უფლისაგან მიიღო, ანდრია პირველწოდებული თავისი ხელთუქმნელი ხატით ჩვენს სამშობლოში გამოეგზავნა. კურთხევა მიიღო მოსემაც, რომ მის ნაცვლად აარონი ისაუბრებდა და ეგვიპტის ფარაონთან ღვთის სიტყვების გამომთქმელიც ის იქნებოდა, თავად კი უფლის ნებას შეასრულებდა. დიდი დატვირთვა აქვს აღსრულებას, მადლმოსილებისა და საზრისის ხედვას, ანუ იმ მადლის შეცნობას, რაც ჩვენზე მაცხოვრისაგან გადმოდის. უფალს ფანატიკურად კი არ უნდა ვჭვრეტდეთ, არამედ ჩვენში უნდა ვეძებდეთ მას, მოვიპოვოთ მშვიდობა და მაცხოვარიც ჩვენთან იქნება.

ადამიანი შემოქმედია და ღვთის ხატი ამიტომაც არის. მან საკუთარ თავში უფლის შემოქმედებითობა უნდა დაინახოს და მღვდლის ლოცვა–კურთხევა აღასრულოს. მოძღვარი თვითნებურად ვერაფერს გეტყვის. ის წმინდა მამების სწავლებით იძლევა კურთხევას. მისი მეშვეობით ღვთის კურთხევა გვენიჭება და არა – კონკრეტული პიროვნებისა.


– კურთხევის შეუსრულებლობა მძიმე ცოდვაა?


– ქრისტიანული სამართალი ერთ–ერთი დარგია ქრისტიანობაში, რომელშიც კანონებია მოცემული. ეს კანონები განაკანონებს პიროვნებას, რომელიც ლოცვა–კურთხევას არ ასრულებს. მორჩილმა ერთ წმინდა მამას ჰკითხა: "მამაო, ადამიანი ქრისტიანი არ არის, მაგრამ კეთილად ცხოვრობს და იღვწის. ნუთუ მას ღმერთი წარწყმედს და არ აცხოვნებს?". მოძღვარმა უპასუხა: "ღვთის განგებულებით ცხონდება. უფალი ან მას მიუვლენს ქრისტიანს, ვინც ქრისტიანული ცხოვრების არსს აუხსნის, ან ამ პიროვნებას ქრისტიანებთან მიიყვანს და ადამიანის ჭეშმარიტ დანიშნულებას, ცხოვრების საზრისს დაანახვებს. ამით კი ის უფლის ლოცვა–კურთხევას მიიღებს".

აუცილებელია ისიც ითქვას, რომ უფლის სიტყვის, ლოცვა–კურთხევის მიმოფანტვა არ შეიძლება. მაცხოვარი გვასწავლის, ღორებს მარგალიტებს ნუ დაუყრითო, რადგან ღორმა მარგალიტის ფასი არ იცის. იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: "გნოსტიკოსებს ანუ მწვალებლებს მშვიდობას ნუ ეტყვით და კარს ნუ გაუღებთ, რადგან ისინი მგლების სახით გვევლინებიან და ყველაფერს გვტაცებენ". ეს იოანე ღვთისმეტყველის ლოცვა–კურთხევაა და ისევე უნდა აღვასრულოთ, როგორც უფლისაგან მომდინარე ნებისმიერი ლოცვა–კურთხევა.

ადამიანი როცა თვითნებურად დგამს ნაბიჯს, მისი ქმედება შეიძლება ხრამში გადავარდნის ტოლფასი აღმოჩნდეს. ახალ აღთქმაში უფალმა აღსარების საიდუმლო დაადგინა იმისათვის, რომ მოძღვარი მრევლს მართლმადიდებლური სწავლებებით დაეხმაროს, განუმარტოს, რას ნიშნავს ქრისტიანობა და ღვთის სათნოდ როგორ უნდა იცხოვროს. ქრისტიანობის აღიარება ნათლობით იწყება, მაგრამ ნათლობა ქრისტიანობა არ არის. უფლისაგან ბოძებულ ჯილდოს იმის მიხედვით ვიღებთ, თუ როგორ ვიღვწით და ვშრომობთ. გნოსტიკოსებიც მოინათლნენ, მაგრამ შემდეგ ღმერთი დაივიწყეს. ეს არის მწვალებლობისაკენ გადახრა. ამას დანახვა უნდა, რაც მხოლოდ ლოცვა–კურთხევის საშუალებითაა შესაძლებელი.

მოძღვარი როდესაც სამწყსოს ლოცავს, ამბობს: "სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა", რაც იმას ნიშნავს, რომ ლოცვა–კურთხევას მოძღვრის შუამდგომლობით თავად უფლისაგან ვიღებთ.


– არიან ადამიანები, ვინც განსაკუთრებული ნიჭით არიან დაჯილდოებული, მაგალითად, წინასწარმეტყველების, ტელეპათიის. ამ უნარს მათ ღმერთი ანიჭებს?


– ტელეპათიას, ანუ ტერმინს, რომლითაც დღეს განსაკუთრებულ უნარებს აღნიშნავენ, როგორიცაა წინასწარმცოდნეობა, გულის ზრახვათა გამოცნობა, შორ მანძილზე მომხდარ ან მომავალში მოსახდენ ამბავთა გამოცნობა, საეკლესიო ტერმინოლოგიით შეესატყვისება წინასწარმეტყველება, სასწაულთმოქმედება, წინასწარმხედველობა. ეს არის განსაკუთრებული ნიჭები, რომელიც შეიძლება სულიწმინდით ებოძოს ადამიანს დიდი სულიერი ღვაწლის შედეგად, როდესაც ყოველგვარი ვნებებისაგან განიწმინდება მისი სხეული და სული. მხოლოდ ვნებების დამთრგუნველს შეიძლება მიენიჭოს ღვთისაგან ამგვარი ნიჭები. შეუძლებელია ვნებებით აღძრულ ადამიანში ეს ნიჭები ღვთაებრივი წარმომავლობის იყოს.

ეშმაკი, რომელიც ღვთის ანტიპოდი და ცრუ მიმბაძველია, ცდილობს, ამ უნარებითაც გაეჯიბროს უფალს. ის ხშირად მანიპულირებს რწმენაში გამოუცდელი ან სულაც ურწმუნო ადამიანებით და აძლევს ამდაგვარ "ნიჭებს", მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამის ძირი არაა წმინდა და არც ნაყოფი იქნება წმინდა.


– როგორ გავარჩიოთ ღვთისგან დაშვებული სასწაული ბოროტისგან მოვლენილი ცრუ სასწაულისგან?


– წმინდა მამათა სწავლებით, ადამიანს დიდი სიფრთხილე ჰმართებს ყოველგვარი სასწაულის მიმართ. უნდა გვახსოვდეს, რომ ხშირია ბოროტი ძალისაგან მოსული ცრუ სასწაულებით ცდუნება და დაცემა ადამიანისა. წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე (ბრიანჩანინოვი) ბრძანებს: "სიმდაბლის სიღრმე ამავდროულად არის წარმატების სიმაღლე. სიმდაბლის უფსკრულში ჩასვლით ზეცად ავდივართ. ვინც ზეცაში ასვლას სიმდაბლის გარეშე ცდილობს, ის ამპარტავნებისა და დაღუპვის უფსკრულში ვარდება". ანუ თავმდაბლობა პირველი საფეხურია ღვთაებრივისაკენ სავალ გზაზე.

ქრისტიანული ასკეტიზმის დიდი მასწავლებელი, წმინდა იოანე სინელი ცრუ სასწაულების შესახებ ბრძანებს: "როდესაც ამპარტავნების ეშმაკი განმტკიცდება თავის მსახურებაში, მაშინ ეცხადება მათ ძილში ან ცხადად ნათლის ანგელოზის ან მოწამის სახით. გამოუცხადებს მათ საიდუმლოს და თითქოს ნიჭებს უბოძებს, რომ ეს უბადრუკები მოიხიბლონ და სრულიად გონებაცდომილნი გახდნენ". ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რომ სულიწმინდით ბოძებულ ნიჭებს აქვთ მხოლოდ ერთი დანიშნულება – დაგვეხმაროს ცხონებაში. ღვთაებრივი სასწაულები, ანუ ნიშნები, მხოლოდ ამ ფუნქციის მატარებელია.


– როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მორწმუნეს ურწმუნოსადმი?


– ძალიან ფრთხილად, დაფიქრებით უნდა მივუდგეთ ასეთ დროს ურთიერთობებს, რომ ნებსით თუ უნებლიეთ ღვთის გმობაში არ ჩავვარდეთ. წმინდა პაისის მოწაფე ქალაქში წავიდა ხელნაკეთის გასაყიდად. გზად ერთი ებრაელი გადაეყარა, რომელმაც შენიშნა მისი გულუბრყვილობა და გადაწყვიტა, ეცდუნებინა. "საყვარელო, რატომ გწამს უბრალო კაცი, ჯვარზე გაკრული? – უთხრა მან, – ის არ არის ჩვენი ამდენი ხნის ნანატრი მესია, მის ნაცვლად სულ სხვა მესია მოვა". პაისის მოწაფე მიამიტი და ცოტა გონებასუსტიც იყო და უპასუხა: "შესაძლოა, მართალიც იყო". უდაბნოში დაბრუნებულ მოწაფეს მამა პაისიმ ზედაც აღარ შეხედა და ერთი სიტყვაც არ აღირსა. ბოლოს, მოწაფის ხანგრძლივი ხვეწნა–მუდარის შემდეგ, ჰკითხა: "ვინა ხარ? მე შენ არ გიცნობ. ჩემი მოწაფე ქრისტიანი იყო, მას წმინდა ნათლისღების მადლი ჰქონდა, შენ მას არ ჰგავხარ. ხოლო თუ მართლა ჩემი მოწაფე ხარ, მაშინ წმინდა ნათლისღების მადლი დაგიკარგავს და ქრისტიანის სახე აღარა გაქვს". მაშინ მოწაფემ ტირილით უამბო ებრაელთან შეხვედრის ამბავი. პაისიმ უთხრა: "ჰოი, ბედკრულო! რა უნდა იყოს იმ სიტყვებზე უარესი, რითაც შენ ქრისტე და მისი ღმრთაებრივი ნათლისღება უარყავი? ახლა წადი და იგლოვე საკუთარი თავი, როგორც გინდა. ჩემ გვერდით შენი ადგილი აღარ არის. შენი სახელი მათ შორის ჩაიწერა, ვინც ქრისტე უარყო და მათთანვე მოგელის სასჯელი და წამება". ასეთი განაჩენი რომ მოისმინა, მოწაფე სინანულში ჩავარდა და დიდხანს ევედრა წმიდანს შეწევნას. ღირსი მამა სენაკში დაეყუდა და შესთხოვა უფალს, მიეტევებინა მისთვის ცოდვა. ღმერთმა შეისმინა წმიდანის ლოცვა და გამოუცხადა, რომ შეუნდო დამნაშავეს. პაისიმ უთხრა მოწაფეს: "შვილო, ერთად აღვუვლინოთ ღმერთს მადლობა და დიდება, რადგანაც ღმრთისმგმობი, არაწმინდა სული განდევნა შენგან, მის ნაცვლად კი სულიწმინდა მოგივლინა და წმინდა ნათლისღების მადლი დაგიბრუნა. ამიერიდან გაფრთხილდი, შენი დაუდევრობით კვლავ არ გაება მტრის მახეში, არ შესცოდო და ჯოჯოხეთის კერძი არ გახდე".


მანანა ნოდია, ჟურნალი სარკე

Комментариев нет:

Отправить комментарий