ღმერთი

ღმერთი

вторник, 13 мая 2014 г.

რეზო ჩხეიძე: აშშ დემოკრატიული სახელმწიფო იყო, დღეს კი ის საზიზღარი აგრესორია!

  გამოჩენილ ქართველ რეჟისორ რეზო ჩხეიძეზე ცოტა ხნის წინათ ფილმი გადაიღეს. «ჩვენ ჩვენი ფესვებიდან მოვდივართ» _ ასე ჰქვია მხატვრულ-დოკუმენტურ ნაწარმოებს, რომელშიც დიდი რეჟისორის ცხოვრება და მოღვაწეობაა ასახული. რამდენიმე დღის წინათ კი ბატონი რეზოს ხელის ანაბეჭდის ცერემონიაც გაიმართა. რაც მთავარია, ხელისუფლებამ რეჟისორს ქუთაისში დაუბრუნა სახლი, რომელშიც ბავშვობა გაატარა. მალე ეს სახლი გახდება კინოსკოლა, აგრეთვე, მუზეუმი, რომელშიც გამოიფინება ბატონი რეზოსა და მისი მამის, საზოგადო მოღვაწის _ დავით ჩხეიძის, იმავე დია ჩიანელის ნივთები.




_ მამა _ დია ჩიანელი, დასავლეთ საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დირექტორი, აგრეთვე, პედაგოგიური ინსტიტუტის დაუსწრებელი სწავლების პრორექტორი გახლდათ. მამა 1937 წელს დახვრიტეს, 45 წლისა... რიონის პირას, ოქროს ჩარდახის გვერდით, ე.წ. სამეფო უბანში, თეთრ ხიდთან ვცხოვრობდთ. იქ ახლაც დგას უძველესი მაგნოლია, რომელსაც კოლაუ ნადირაძემ მშვენიერი ლექსი მიუძღვნა. ჩვენს ოჯახში დადიოდა გალაკტიონი, ტიციანი, კონსტანტინე ლორთქიფანიძე და სხვა უამრავი გამოჩენილი ადამიანი. სხვათა შორის, ლადო ასათიანი მამაჩემის მოსწავლე იყო. როდესაც მამა დახვრიტეს, ლადოს უთქვამს, დია არ არის ქუთაისში და ამ ქალაქში მე როგორ გავჩერდეო და თბილისში გადმოსულა საცხოვრებლად. მამას დაპატიმრების შემდეგ «ხალხის მტრის შვილი» გავხდი, მაგრამ სკოლის დირექტორმა თამარ დახუნდარიძემ თავის კაბინეტში შემიყვანა, გულში ჩამიკრა და მითხრა, არ ინერვიულო, მამაშენი პატიოსანი კაცია, ძველებურად განაგრძე სწავლა და შენს გვერდით ვიდგებიო. იმხანად ასეთი საქციელი სასწორზე სიცოცხლის დადებას ნიშნავდა. მამას დახვრეტის შემდეგ სახლიდან გამოგვასახლეს და ჩვენთვის უცნობმა ადამიანმა, ვანო მაჭავარიანმა, რომელმაც სახლის წინ, ფუთებზე ჩამომსხდარი დაგვინახა, წაგვიყვანა და 6 თვის განმავლობაში თავის სახლში გვაცხოვრა. ერთმა ჩეკისტმა კი გამოსახლებისას ნუსხაში არ შეიტანა ჩვენი როიალი, რომელიც გავყიდეთ და რამდენიმე თვის განმავლობაში ამ თანხით გავიტანეთ თავი. 1938 წელს, თბილისში რომ გადმოვედით საცხოვრებლად, გოგლა ლეონიძემ დედა _ «ხალხის მტრის» ცოლი, ლიტერატურის ინსტიტუტში მიიღო სამუშაოდ. განა ეს საოცრება არ არის?

1973 წელს ფილმ «ნერგებს» რომ ვიღებდი, თან მახლდა მეგობარი შოთა ლაფერაძე, რომლის მამაც 37 წელს დახვრიტეს. მოვიძიეთ ის ადგილი, სადაც ჩვენი მამები დახვრიტეს და მე, შოთა ლაფერაძემ და ირაკლი ჭუმბურიძემ დავდგით მემორიალური ძეგლი. 1995 წელს ეს ადგილი უწმინდესმა აკურთხა და ყველა, ვინც იმ ადგილას დახვრიტეს, წმინდანად შერაცხა. სხვათა შორის, 1937 წლების მოვლენებზე რა ფილმი და ნაწარმოებიც არის გადაღებული და დაწერილი, მცდარი ან გაზვიადებულია, რადგან არც კა-გე-ბე იყო ისეთი მონსტრი, როგორადაც წარმოაჩენენ, და არც ადამიანები იყვნენ ისე გადაგვარებულნი, რომ სხვისი ქონების ხელში ჩასაგდებად ანონიმური წერილები ეწერათ. რა თქმა უნდა, ასეც ხდებოდა, მაგრამ არა იმ დოზით, როგორითაც ისტორიას შემორჩა.

რამდენიმე წლის წინათ შევიტყვე, რომ ქუთაისში, ხახანაშვილის 14-ში მდებარე ჩემი სახლი იყიდებოდა, მაგრამ მის ყიდვას თავი ვერ მოვაბი. შარშან კი ამ სახლის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა შეიტყო, შეისყიდა და მე გადმომცა. იქ გაკეთდება შემოქმედებითი სახლი «ჯარისკაცის მამა». ამ სახლში იმუშავებს კინოსკოლა და ჩემი და მამას მუზეუმი. უზარმაზარი ფილმოთეკა მაქვს, რომელსაც ამ კინოსახლში მივიტან. ეს მართლაც დიდი საჩუქარია ქუთაისისთვის.


_ ბატონო რეზო, საქართველოში შექმნილ ვითარებას როგორ შეაფასებთ?


_ სააკაშვილი ქვეყნიდან გააგდეს, თუმცა «ნაციონალები» დარჩნენ. ხელისუფლება ცდილობს, დემოკრატიულად მიუდგეს მათ, მაგრამ მაწუხებს ეს ამბავი, რადგან «ნაციონალებთან» თეთრი ხელთათმანებით ბრძოლა არ შეიძლება. ხომ ხედავთ, რა ხდება? გამწარებული ადამიანები თავის გამამწარებელსა და ამომგდებს თვითონ უსწორდებიან ქუჩაში. გადამწყვეტი ზომების მიღებაა საჭირო. «ნაციონალებმა» თავი მას შემდეგ წამოყვეს, რაც ივანიშვილი ჩრდილში გადგა. სიმართლე გითხრათ, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ჩემთვის თავიდანვე გაუგებარი ნაბიჯი იყო. როდესაც ეს გადაწყვეტილება გაახმაურა, ვკითხე, სად და რატომ მიდიხარ-მეთქი, რაზეც მიპასუხა, პირიქით _ ახლა მოვდივარო... ცხადად ჩანს, რომ დღევანდელი ხელისუფლება, ამერიკელების გავლენით, ლიბერალიზმის გზას დაადგა. ამერიკა მსოფლიოშია გაბატონებული და ცდილობს, ქვეყნები შიშით ან ფულით ჩაიგდოს ხელში. ადრე, ჯონ კენედის პრეზიდენტობის ჩათვლით, აშშ დემოკრატიული სახელმწიფო იყო, დღეს კი საზიზღარი, აგრესორია. ადრეც და ახლაც მრავალჯერ ვარ ამ ქვეყანაში ნამყოფი და, როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება ერთმანეთისგან ძველი და ახლანდელი. ცხონებულმა სოფიკო ჭიაურელმა თქვა, ქართველებმა ცურვა არ ვიცით და ოკეანის გადაღმა რა გვესაქმებაო, _ ზუსტად ასეა ჩვენი საქმე. მართალია, საქართველო ილიასა და აკაკის ეპოქაში რუსეთის კოლონია იყო, მაგრამ არც ისე იყო საქმე, როგორც ზოგი წერს. რუსეთმა ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააკეთა საქართველოსთვის. დავიწყოთ კულტურით. რომ არა რუსეთი, ილია ჭავჭავაძე და «სამოციანელები» არ იქნებოდნენ, რადგან ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ ევროპული კულტურა საქართველოში აღარ შემოდიოდა. ერთადერთი გზა, რომელიც დაგვრჩა, პეტერბურგი იყო და ჩვენმა დიდმა მოღვაწეებმაც ამ ქალაქის უნივერსიტეტში მიიღეს განათლება. გაიხსენეთ ჩვენი კლასიკოსები, მეცნიერები, იმჟამინდელი განათლების დონე. ქართული კინო მსოფლიოში წამყვან პოზიციაზე რომ იდგა, სწორედ რუსეთის დამსახურებაა. ყველა გამოჩენილმა რეჟისორმა ვგიკი (კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტი) დაამთავრა... როდესაც მე და თენგიზ აბულაძე მოსკოვში ჩავედით, თბილისის თეატრალური ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტები ვიყავით და, ვგიკში განცხადება რომ შევიტანეთ, პირველი კურსიდან სწავლის დაწყება მოვითხოვეთ, ამის გამო ვგიკის რექტორმა დაგვიბარა და გვითხრა, ბიჭებო, რა გჭირთ, მესამე კურსის სტუდენტები ხართ, შემიძლია, გამოცდების ჩაბარების შემდეგ აქაც პირდაპირ მესამე კურსზე დაგსვათო. შემავსებინეს სპეციალური ანკეტა, რომელშიც ჩავწერე, რომ თავადიშვილი ვიყავი, რომ მამა მუშაობდა ბიბლიოთეკაში და 37 წელს დახვრიტეს, როგორც ტროცკისტი. ამ კაცმა აიღო ეს ფურცელი და გადახია. მითხრა, რას შვრებიო? შემდეგ ახალი ფურცელი მომცა და თავისებურად დამაწერინა. დიახ, ეს რუსმა, აბსოლუტურად უცხო ადამიანმა გააკეთა. ამერიკელი ასე მოიქცეოდა?

მიმაჩნია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გეზი რუსეთისკენ უნდა აიღოს. ჯერ ერთი, მეზობელი სახელმწიფოა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მეორეც _ მართლმადიდებელი ქვეყანაა და, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ვიცნობთ რუსეთს. რომ არა ჩვენი შიში ამერიკისა, უკეთ განვითარდებოდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა. თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთი ახლაც კი აკეთებს ბევრ კარგს ჩვენს დასახმარებლად. ბოლო ფილმი, რომელიც ჩემზე გადაიღეს, რუსეთმა დააფინანსა და არა ამერიკამ. ასეა, დილით რომ ადგები და ფანჯრიდან გაიხედავ, ჯერ მეზობელს დაინახავ და შემდეგ _ მზეს.


_ ენ დი აის კვლევებს როგორ შეაფასებთ. ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, პატრიარქის შემდეგ (96 %), ყველაზე მეტად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მოსწონთ (67%), მას პრემიერი ღარიბაშვილი (64%) და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მოჰყვებიან.


_ გამორიცხულია, პატრიარქს და ვიღაცას ლამის თანაბარი რეიტინგი ჰქონდეთ. ბოდიში და, ვინ ჩემი ფეხებია უსუფაშვილი ან ალასანია?! დღეს არიან და ხვალ აღარ იქნებიან. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ისეთი ორგანიზაციები, როგორიც ენ-დი-აია ოდესმე სიმართლეს გამოაქვეყნებენ, ძალიან ცდება. ავტორიტეტში კი პატრიარქს ნურავინ გაეჯიბრება, ის ათასი თავით მაღლა დგას ყველაზე.


_ საქართველოში შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი რაში მდგომარეობს?


_ ვიცი, რომ პოლიტიკურად თავისუფლად ცხოვრებას არაფერი სჯობს, მაგრამ არსებულ ვითარებაში, როდესაც ორი დიდი სახელმწიფოს დაპირისპირების ფონზე გვიწევს არსებობა, გვაქვს მთელი რიგი მოუგვარებელი საკითხებისა, მაგალითად, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნება და ა. შ. ამიტომ მგონია, რომ ამ პერიოდისთვის საჭიროა, უფრო მეტად დავდგეთ რუსეთის მხარეს და თავი დავანებოთ ამერიკის შეერთებული შტატებისა და იმ სახელმწიფოების მოფერებას, რომლებიც ამერიკას ყურით უჭირავს. მე მაინც მართლმადიდებელ კერას ვარჩევდი, რუსეთის სახით, იმ კერას, სადაც უმაღლესი განათლება ილიამ, აკაკიმ, ვაჟამ, ბარნოვმა და უამრავმა გამოჩენილმა ქართველმა მიიღო. კინემატოგრაფისტები, რომლებმაც ქართული კინოფენომენი შევქმენით, ყველანი ვგიკელები ვიყავით.


_ ბატონო რეზო, დღეს მათ, ვინც ასე ფიქრობს და აზროვნებს, მოღალატეებსა და რუსეთუმეებს უწოდებენ....


_ მათ არ ვაქცევ ყურადღებას, თუმცა ჩემთვის პირში არავის უთქვამს მსგავსი რამ.



ესაუბრა ნინო მაისურაძე



geworld.net




Комментариев нет:

Отправить комментарий