ღმერთი

ღმერთი

четверг, 12 июня 2014 г.

"შური მკვლელობის ტოლფასია"

 "წუხილი სხვის სიკეთესა ზედა", – ასე განმარტავს სულხან–საბა ორბელიანი შურს. წმინდა მამები ამ გრძნობას ადამიანის სულიერი სიკვდილის ერთ–ერთ მთავარ მიზეზად მიიჩნევენ. ის ერთ–ერთი მომაკვდინებელი ცოდვაა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაც ფიზიკურ ავადმყოფობასთან, სიმსივნესთან ბრძოლას შეიძლება შეედაროს. ქრისტიანობა შურის საფუძველს ყველაზე მთავარ ცოდვას, ამპარტავნებაში ხედავს. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე) ამ დამღუპველი ვნების შესახებ გვესაუბრება.


– მამაო, რა არის შური და როგორ წარმოიშობა ეს გრძნობა?


– შური მწუხარების განსაკუთრებული სახეა. ეს გახლავთ დარდის, უსიამოვნების გრძნობა, როდესაც სხვის კეთილდღეობას ვხედავთ. ეს მდაბალი გრძნობა მეტად გავრცელებულია ადამიანთა შორის. მისი აღძვრა ძალიან მარტივია. იშვიათად ხდება, რომ ამ გრძნობამ არ დაბადოს მრავალი სხვა ცოდვა: რისხვა, შურისძიების სურვილი. შურით აღვსილი გულისათვის უცხოა ყველა კეთილი გრძნობა: სიყვარული, სიბრალული, სიხარული, გულმოწყალება. შური მკვლელობის ტოლფასია, შური იყო მიზეზი პირველი კაცისმკვლელისა, მერე კი – ღმერთის მოკვლისაც.


– ეკლესია როგორ განმარტავს მას?


– ეკლესიის სწავლებით, ყოველი ცოდვის საწყისი ამპარტავნებაა, სულის ასეთი მდგომარეობა წარმოშობს ძლიერ შურს ადამიანებისადმი. თუ ამპარტავნება ცოდვის ბოროტი ხის ძირია, შური მისი ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი და შხამიანი ტოტია. ძნელია სრულად აღწერო ის საზარელი ნაყოფი, რაც კაცობრიობის არსებობის მანძილზე ამ საზარელ ტოტს გამოუღია. წმინდანთა სწავლებანი გვაფრთხილებენ, რომ ეს არის სულისათვის მომაკვდინებელი ცოდვა, ერთ–ერთი უმოკლესი გზა ჯოჯოხეთისაკენ, რომელსაც არაერთი ადამიანის სულიერი სიკვდილი გამოუწვევია.

შურის ყველაზე ზუსტი ფორმულირება ასეთია: ესაა მწუხარება სხვათა ბედნიერების გამო. მაშასადამე, მოშურნე სიხარულსა და მწუხარებას შორის თვითონ ირჩევს მწუხარებას. წმინდა ისაკ ასური ამბობს: "ვინც შური მოიპოვა, მოიპოვა დემონიც". წმინდა მამის ეს სიტყვები გვიჩვენებს, თუ ვის უღებს მოშურნე თავისი სულის კარს. წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს: "როგორც იქედნე დაბადებისას მშობელს კლავს, ასევე შური ღრღნის სულს, რომელშიც ის იბუდებს". ასევე წმინდა დიმიტრი როსტოველი ბრძანებს: "შური ჩრჩილს ჰგავს, რომელიც იმ სამოსს აფუჭებს, რომელშიც დაიბადა. ასევე ის ჭამს იმ გულს, რომელშიც იბადება".

შური აზიანებს, ანადგურებს და კლავს იმ გარემოს, იმ პიროვნებას, რომელშიც იგი ბუდობს. წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველი ასე გვიხატავს მოშურნის სურათს: "თუ ძაღლებს აჭმევენ, ისინი მორჩილნი ხდებიან; როდესაც ლომს უვლიან, თვინიერდება; მოშურნეები კი უფრო მეტად მძვინვარდებიან, როდესაც მათ სიკეთეს უკეთებენ". ერთ–ერთი მამა ბრძანებს: "როგორც კი შური სულს დაეუფლება, მას, დიდებისთვის შექმნილ ჭურჭელს, ყოველგვარი სისაძაგლით აღვსილ ჭურჭლად აქცევს".

ადამიანები ხშირად განიცდიან შურის გრძნობას და არ ცდილობენ მისგან გათავისუფლებას. მათ მოშურნეობა ჩვეულებრივად მიაჩნიათ, ხოლო შური – მათი ცხოვრების აუცილებელ თანამდევ გრძნობად. უფრო მეტიც: ზოგი ცრუ მოძღვრების მიხედვით, შურის გრძნობა მოშურნისთვის სტიმულს წარმოადგენს, რომ არსებულ პრობლემებს შეებრძოლოს და უკეთესი გახდეს. ასეთი უგუნური ხედვის წინააღმდეგ ეკლესიისა და წმინდანების უამრავი სწავლება არსებობს, ასევე უამრავი ისტორიული მაგალითი, თუ რამდენად საგანგაშოა მოშურნის სულიერი მდგომარეობა.


– ფიზიკურ მდგომარეობაზე თუ მოქმედებს შურის გრძნობა?


– შური მართლაც უამრავი დაავადების მიზეზია. ძველი მედიცინით, შური სხვადასხვა სენის, მათ შორის გულის დაავადებათა, პირდაპირ თუ არაპირდაპირ მიზეზად ითვლებოდა. იაპონელი მეცნიერების თანამედროვე გამოკვლევებით, შურის დროს ადამიანის თავის ტვინის რეაქცია ტვინის ხვეულების წინა ნაწილებში გადის. ტვინის ეს უბანი ძირითად როლს თამაშობს ტკივილების განცდისას, ამიტომ სავარაუდოა, რომ შურის მდგომარეობაში ხანგრძლივმა ყოფნამ მოშურნეში სხვადასხვა ტკივილის პროვოცირება გამოიწვიოს.

შური მოშურნე ადამიანზე ნეგატიურად და უწყვეტად მოქმედებს, ანუ იგი მოქმედებს მაშინაც, როდესაც გონება შურის ობიექტზე არ ფიქრობს. ის გარკვეულ აქტივობას ინარჩუნებს მაშინაც, როცა გვძინავს, ანუ შური არსებობს და მოქმედებს ქვეცნობიერების დონეზე ცნობიერების მიძინებისას.

შურს, რომლის უკანაც დემონები დგანან, გააჩნია პროგრესირებისადმი უდიდესი ლტოლვა: თუ გარემო პირობები ხელს არ უშლის, ის ცდილობს, მოშურნის პიროვნება მოიცვას. ამიტომ ადამიანი მას ჩანასახშივე უნდა შეებრძოლოს, როგორც ხორციელი სიმსივნის პირველად გამოვლინებას.


– შესაძლებელია, რომ შურით შეპყრობილ ადამიანს შენარჩუნებული ჰქონდეს კეთილი ადამიანის თვისებებიც?


– შური აჩლუნგებს მოშურნის სინდისის მეტყველებას, რომელიც ღვთის მეგობარია ჩვენში. მოშურნე თანდათანობით კარგავს სხვათა თანაგრძნობის უნარს. ერთ პიროვნებაში შურისა და სიყვარულის თანაარსებობა შეუძლებელია. შური არათავსებადია სიყვარულთან, რომელიც ღმერთთან მსგავსების ყველაზე უტყუარი გამოვლინებაა ადამიანში, ამიტომ მოშურნე კარგავს მსგავსებას ღმერთთან და დემონებთან მსგავსებაში გადადის.


– ზოგადად ვისი შურთ ადამიანებს, უცნობების თუ ახლობლების?


– გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ ადამიანს ყველაზე ძლიერად შურს მათი, ვინც მასთან ახლოა სოციალური და ფიზიკური მდგომარეობით და მცირე სოციალური დისტანცია აშორებთ. ამას თუ გავიაზრებთ, დავინახავთ, რომ ასეთი ადამიანები ქმნიან ჩვენი მეგობრების და ახლობლების წრეს. ეს ის ხალხია, ვისაც უფალი ჩვენს მოყვასს უწოდებს. მათდამი უფალმა მოგვცა ერთ–ერთი დიდი და ძირითადი მცნება: "შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი". ეს მცნება ადამიანის სულის გადარჩენის აუცილებელი პირობაა. მოშურნე ამ მცნებას უპირისპირდება და უკუღმა აღასრულებს, აღვივებს რა გულში მოყვასისადმი სიძულვილს სიყვარულის ნაცვლად.

მოშურნის აუცილებელი ხვედრი დამარცხებაა. ეკლესიის ისტორია გვიჩვენებს უამრავ მაგალითს მოშურნეთა ტრაგიკული ბედის შესახებ, იმ საშინელი აღსასრულის შესახებ, რომელიც მათ საკუთარი ნებით აირჩიეს, რადგან არ ისურვეს შურისაგან გათავისუფლება და ბოლომდე მიეცნენ ამ გრძნობას.

შურმა მიიყვანა ეშმაკი ანგელოზის მდგომარეობიდან დემონობამდე. შურის გამო კაენმა მოკლა აბელი და ამით უდიდესი ცოდვა იტვირთა. შურმა უბიძგა ძმებს, გაეყიდათ იოსები ეგვიპტეში, რაც მომავალში მწარედ შეინანეს. შური აიძულებდა საულს, მოსაკლავად ეძებნა დავით წინასწარმეტყველი, რაც მისი სრული განადგურებით დასრულდა. შურის გამო გააკრეს ფარისევლებმა ჯვარზე მაცხოვარი და ამით საუკუნო წყევლა დაატეხეს საკუთარ თავს და მოდგმას. ყველა მოშურნის ქმედება სასტიკი და სამარცხვინო დამარცხებით მთავრდება. შეგვიძლია მიმოვიხედოთ გარშემო და მოშურნეთა ცხოვრების დინამიკას დავაკვირდეთ. დავინახავთ უამრავ მარცხს, დაქვეითებას, გაბოროტებას, შხამიან ყოფას და მრავალ უარყოფით მდგომარეობას.


– ალბათ ძნელია მოიძებნოს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ გამოუცდია შური, თუნდაც მცირე დოზით და ხანმოკლედ. როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ გრძნობას ჩვენში?


– ყოველი ადამიანი ცხოვრების რაღაც ეტაპზე ამა თუ იმ ფორმით ვარდება შურის მდგომარეობაში. არსებობს წმინდანთა მრავალი რჩევა შურისაგან განსაკურნებლად. ნეტარი ავგუსტინე გვარიგებს: "შური ამპარტავნების შვილია. მოუკალი მშობელი და მოკვდება შვილი". მართლაც, ამპარტავნება მიზეზია, მოშურნეობა კი – მისი შედეგი.
წმინდა მამები გვმოძღვრავენ, თუ როგორ განვეშოროთ ცოდვას: უნდა ვერიდოთ იმ სიტუაციებსა და ადამიანებს, ვინც და რაც ჩვენში არაწმინდა გრძნობებსა და განწყობებს აღძრავენ. შურს უნდა განვერიდოთ. როდესაც სხვის წარმატებას დავინახავთ, უნდა გვიხაროდეს მათთან ერთად. გვახსოვდეს, უფალი გულთამხილავია, ხედავს ჩვენს გულს და სიმდიდრეს მოგვაგებს. ადამიანი ჩანასახშივე უნდა შეებრძოლოს შურის პირველ იმპულსებს. ის უნდა გავაშიშვლოთ ცოდვათა მონანიებისას. ეს გრძნობა ნათლად უნდა აისახებოდეს მორწმუნის აღსარებაში. მასთან ბრძოლას ადამიანი სიყრმიდან უნდა მიეჩვიოს და ამას, უპირველეს ყოვლისა, ოჯახმა უნდა შეუწყოს ხელი. მშობლებმა და ზოგადად უფროსებმა უნდა ასწავლონ შვილებს, როგორ ებრძოლონ შურს, რათა ისინი არ გადაიქცნენ უიმედო მოშურნეებად და არ დაიტანჯონ ამ საშინელი გრძნობით.
სხვისი სიხარულის გაზიარებით ადამიანი ღირსი ხდება ასეთივე სიხარულისა. ეს არის მარტივი და უმოკლესი გზა ბედნიერების მოსაპოვებლად.

ყურადღება უნდა გავამახვილოთ საკუთარ თავზე, ჩვენს ქცევაზე, სიტყვაზე, გრძნობაზე, მოქმედებასა და სურვილზე. ხშირად უნდა ვთქვათ აღსარება და ზიარებით განვიწმინდოთ, ვიაროთ ეკლესიაში, დავესწროთ წირვა–ლოცვას, ვიკითხოთ სასულიერო წიგნები, ვიშრომოთ. არ შეიძლება ერთდროულად იყო ქრისტიანი და ამავ დროს შურით შეპყრობილი. სიყვარული და შური ისევე შეუთავსებელია, როგორც ნათელი და ბნელი.


მანანა ნოდია, ჟურნალი სარკე


sana.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий