ღმერთი

ღმერთი

среда, 4 июня 2014 г.

ომარ ნიშნიანიძე: ზოგიერთ სასულიერო პირს სახელმწიფოებრივად აზროვნება არ შეუძლია

ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აღშფოთებით შეხვდა ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რომლის შედეგად «ქართული ოცნების» რეიტინგი დაეცა. აღსანიშნავია, რომ ეს კანონი საპატრიარქოს მძაფრი წინააღმდეგობის ფონზე მიიღეს. რატომ მისცა ხმა ანტიდისკრიმინაციულ კანონს და იგეგემება თუ არა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება? _ ამ და სხვა საკითხებზე ,,საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ,,ქართული ოცნების» წარმომადგენელი, დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე:



_ რომ გითხრათ, ამ კანონს დიდი ენთუზიაზმით მივეცი ხმა-მეთქი, მოგატყუებთ. ბოლო წუთამდე ვყოყმანობდი, მაგრამ პოლიტიკა კომპრომისებზე წასვლას მოითხოვს, რაღაც უნდა დათმო, რაღაც უფრო მნიშვნელოვანი რომ მიიღო და მეც დავთმე.


შემთხვევით არ უთქვამს პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს, რომ ოჯახი მამაკაცისა და ქალის ერთობაა. ეს განცხადება სწორედ ამიტომ გაკეთდა, პრევენციული ხასიათის იყო და ეს კონსტიტუციაში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს, არასდროს რომ არ დაგვაძალონ ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონის მიღება. ამის წინააღმდეგია უმრავლესობა, ყოველ შემთხვევაში, _ პარტია «ქართული ოცნება».


_ ამ განცხადების შემდეგ ღარიბაშვილს თავს რესპები დაესხნენო, ასეა?
_ ვინც უნდა დაესხას თავს, გინდ ჩვენი კოალიციიდან, გინდ სხვა პარტიიდან (ამას ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს), ხმას ჩავაკმენდინებ. თუ ვინმე _ გინდ რესპუბლიკელი, გინდ ჩემი თანაპარტიელი _ მომთხოვს, ხმა მივცე ერთსქესიანთა ქორწინებას, ბუნებრივია, არ შევასრულებ მის მოთხოვნას და, თუ სხვა გზა არ მექნება, არა მხოლოდ უმრავლესობას, არამედ პარლამენტსაც დავტოვებ! ხაზს ვუსვამ: მე ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგი ვარ, ვიქნები ყოველთვის და, თუ ვინმე დასვამს ამ საკითხს, მიიღებს საკადრის პასუხს. ჩვენ, პარტია «ქართულ ოცნებას», სწორედ ეს გვაწუხებდა და ფიცი დავდეთ, რომ, მომავალში თუ ვინმე გაბედავს და გვეტყვის, ხმა მიეცით ამ კანონსო, კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნებით. პირდაპირ გეუბნებით: ხელი მიკანკალებდა, როცა ანტიდისკრიმინაციულ კანონს ვამტკიცებდით, მაგრამ ხანდახან ჩვენც გვიწევს დათმობაზე წასვლა ქვეყნის გადასარჩენად, თუნდაც იმისგან, რომ არ მოხდეს უკრაინიზაცია. ვიმეორებ: რაღაცის გამო შეიძლება, მოგვიწიოს კომპრომისი, მაგრამ იმის იქით წასვლა გამორიცხულია. ვერავინ მაიძულებს, გავაკეთო ის, რაც დაარტყამს ჩვენს ქვეყანას, ოჯახს, შვილებსა და შვილიშვილებს.


_ თქვით, ხელი მიკანკალებდაო, ანუ საფრთხე დაინახეთ, მაგრამ ამ კანონს ხმა მაინც მიეცით. იმიტომ ხომ არა, რომ ივანიშვილმა გაიძულათ, მხოლოდ თქვენ კი არა, მთელი უმრავლესობა?


_ ჩვენ ბიძინა ივანიშვილს უდიდეს პატივს ვცემთ, სხვათა შორის, ყველა ქართველმა უნდა სცეს პატივი, რადგან მან სამშობლო გადაგვირჩინა. ბატონი ბიძინა არასდროს იკადრებს, რაიმე გვაიძულოს. მან, უბრალოდ, გვირჩია, ხმა მიგვეცა ანტიდისკრიმინაციული კანონისთვის, თორემ ჩვენთან კატეგორიული ადრეც არ ყოფილა, მით უმეტეს _ ახლა. რჩევას კი ყველასგან ვიღებთ. ნუ ღელავთ, გეუბნებით, დავიფიცეთ, პირობა დავდეთ, რომ ერთსქესიანთა ქორწინებას არ დავაკანონებთ, ვერც ვერავინ გაგვიბედავს, რომ მოგვთხოვოს ეს! და, საერთოდაც, ნუ აღიზიანებენ ხალხს ლევან ვასაძეები და მისნაირები. ყოველდღე იმართებოდა დემონსტრაციები პარლამენტთან, იქ მყოფებიდან ბევრი გულწრფელი იყო, მაგრამ ანკესზე წამოგებულიც ბევრი მინახავს. აი, ლევან ვასაძის გულწრფელობის მე, მაგალითად, არ მჯერა. მის უკან რაღაც ძალას ვხედავ, რომელიც მას განგებ ალაპარაკებს (ლევან ვასაძის განცხადებით, ანტიდისკრიმინაციულ კანონს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება მოჰყვება _ ქ. ხ.). მე ხელმოცარულ ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს არ ვცნობ, გინდ ეწყინოს ვასაძეს, გინდ არა. პოლიტიკას, ქვეყნის მართვას სხვა ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე ეს ვასაძეს წარმოუდგენია, ამიტომაც ყველამ დააყენოს ერთი ადგილი, _ ამას პირდაპირ ვეუბნები ვასაძესა და მისნაირ პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს. ამ სისულელეების ლაპარაკს სჯობს, თავიანთ ჩასვრილ საქმეებს მიხედონ. ჩვენ გვინდა, რომ გადავარჩინოთ სახელმწიფო ომისა და დავიდარაბისგან. მართალია, ევროპისკენ ვიყურებით, მაგრამ კომპრომისზე მივდივართ რუსეთთანაც, არ ვაგინებთ, არ ვლანძღავთ, მუშტებს არ ვუქნევთ. რუსეთი ჩვენი მეზობელია და მას ანგარიში უნდა გავუწიოთ; რუსეთიც წავიდა კომპრომისზე _ აგერ ბაზარი გახსნა და დავიწყეთ მასთან მოლაპარაკება. იმიტომ აგვირჩია ხალხმა, რომ საქმე ვაკეთოთ და არა მუშტები ვიქნიოთ; რუსეთთანაც უნდა მოვაგვაროთ ურთიერთობა, თურქეთთანაც და დასავლეთთანაც _ აი, ეს არის პოლიტიკა და არა ვიღაცის გამოხდომებზე სიარული. ზოგიერთ სასულიერო პირს სახელმწიფოებრივად აზროვნება არ შეუძლია.


_ სასულიერო პირებს უპირისპირდებით, თუ როგორ გავიგო თქვენი ნათქვამი?
_ რა სისულელეა, მე მათ დიდ პატივს ვცემ. რწმენა, რელიგია, მართლმადიდებლობა სულ სხვაა. ეკლესიაში მრევლი ცუდიც არის და კარგიც. თქვენ ამაში ეჭვი გეპარებათ? ვიმეორებ: დიდ პატივს ვცემ ჩვენს პატრიარქს და სასულიერო პირებს საერთოდ, მაგრამ მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც არ იციან, რა არის სახელმწიფოებრივი აზროვნება და მე მათ ჭკუაზე არ ვივლი. მე ცოტა მეტი მომეთხოვება, ვიდრე მათ.


_ ისიც გვითხარით, ივანიშვილის მეგობარ ლევან ვასაძეს რა ძალა მართავს?


_ არ ვიცი, ვინ მართავს, თუმცა ბოლო პერიოდში ისე უადგილოდ გააქტიურდა, რომ ეჭვი გამიჩნდა, რომ ვიღაცის დაკვეთას ასრულებს. ჯერ თითქოს ჩვენზე ამოსდიოდა მზე და მთვარე, ახლა კი გვიპირისპირდება. რა დაემართა, ვერ გავიგე.


_ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების პრემიებზე რას გვეტყვით; მაშინ, როცა უამრავი ადამიანი შიმშილობს, ბავშვები არასრულფასოვანი კვების გამო იხოცებიან, გამართლებულია ამ ოდენობის პრემიების მიღება?


_ რა თქმა უნდა, არ ვამართლებ. ეს როგორ უნდა გავამართლო?! მეტიც, ვისაც წასცდება ხელი, უნდა მიამტვრიო, მით უმეტეს, როდესაც ქვეყანას უჭირს. მაგრამ მოდი, შედარება გავაკეთოთ წინა ხელისუფლებასთან: ისინი იყვნენ საოცრად ჯიუტები და, თუ რამე დათმობაზე წავიდოდნენ, მიაჩნდათ, რომ ეს მათი სისუსტის გამოვლინება იყო. არ მახსოვს, ვინმე გაეთავისუფლებინოთ ამის გამო ან საყვედური ეთქვათ. ჩვენ კი, ვინც ეს გააკეთა, გავუშვით სამსახურიდან, მართალია, ცოტა მოგვიანებით (ადრე უნდა გაგვეშვა, ვაღიარებ, შეცდომა დავუშვით), მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ვინც ასეთი რამ გაბედა ამ გაჭირვებულ ქვეყანაში, ის ჩვენთან ერთად ვერ იქნება.


_ «ნაცმოძრაობა» საქართველოსთვის იმდენი უბედურების მომტანია, რომ უნდა მივუჩინოთ თავისი ადგილი, ასეთი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული პარტია საქართველოში უნდა აიკრძალოს», _ ეს თქვენი განცხადებაა... ბოლო ხანს აღარ აქტიურობთ, აღარ გაწუხებთ, რომ «ქართული ოცნება» «ნაცებს» ვერ ელევა და ბათუმის (და არა მხოლოდ) მერობის კანდიდატად წარადგინა ადამიანი, რომელიც «ნაცმოძრაობის» მმართველობის პერიოდში ძალოვან უწყებაში მაღალ თანამდებობას იკავებდა და ბათუმელებს აწიოკებდა...


_ გუშინ წავიკითხე მასალა, რომელშიც გიორგი ერმაკოვზე მსგავსი რამ ეწერა. ეს ჩემთვის შოკი იყო, თუ სიმართლეა, რა თქმა უნდა. მე ჩემს გუნდში აუცილებლად მოვიკითხავ ამ ამბავს. მე ხმალამოღებული ვიბრძოდი «ნაცების» წინააღმდეგ და გეთანხმებით, ბოლო ხანს ცოტა შევარბილე ეს ბრძოლა. იმედი მქონდა, რაღაც ნაბიჯები გადაიდგმებოდა, მაგრამ ვხედავ, იძულებული გავხდები, ქარქაშიდან ხმალი კვლავ ამოვიღო და განვაგრძო ბრძოლა მათ წინააღმდეგ. «ნაციონალური მოძრაობის» ფესვების ამოსაძირკვად მუდმივი ბრძოლაა საჭირო! მე ამ ბრძოლას განვაგრძობ და, თუ ვერ მივიყვან ბოლომდე, წავალ «ოცნებიდან», რადგან ჩემი ადგილი «ნაცებთან» არ არის!


ესაუბრა ქეთი ხომერიკი

04 06 2014 

geworld.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий