ღმერთი

ღმერთი

вторник, 10 июня 2014 г.

მორჩილება – ძირი მონაზვნობისა.

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


მონაზვნად აღკვეცის წესი დასაფლავებას მოგვაგონებს, მონაზონი კი – მიცვალებულს, საკუთარი ნებით რომ წვება საფლავში. მონაზონი კვდება სოფლისთვის: იმ სოფლისთვის, რომელიც, როგორც მაცხოვარი ამბობს, "ბოროტსა ზედა ძეს", – მთელი თავისი წარმართული წეს-ჩვეულებებით, ყაიდით, სიკეთისა და ბოროტების შეფასებით, – სოფლისთვის, რომელიც ვნებების ნაზავს წარმოადგენს. მონაზონი, კვდება რა, კვლავ ახლად იბადება, რათა იცხოვროს სულის ცხოვრებით, რომელშიც მომავალი საუკუნის სიხარული და საიდუმლოებაა არეკლილი. როცა მონაზონი მკვდარია სოფლისთვის, მაშინ ის ცოცხალია ღვთისთვის; ხოლო როცა სოფლისთვის ცოცხალია – ღვთისათვის მკვდარია. იმისთვის, რომ მოვკვდეთ სოფლისა და ვნებებისთვის (რომელთა მიერ გვებრძვის დემონი), ორი გზა გვაქვს მოცემული. პირველი: დაყუდება და განმარტოება უდაბნოში, რაც დღევანდელ დღეს თითქმის შეუძლებელია; და მეორე: მორჩილება, რომლის მიერაც მონაზონი უარყოფს საკუთარ ნებას – ცოდვის სათავეს. თუ მონაზონი თავს არ გაიღებს სრული მორჩილებისთვის, იგი სოფლისთვის მკვდარი არ არის და მის გონებაში განუწყვეტლივ ირევა აზრები და ვნებიანი წარმოსახვები. ურჩი მონაზონი – ეს მხოლოდ და მხოლოდ მონაზვნის სამოსში შემოსილი ერისკაცია, რომელიც ცხოვრობს საკუთარი ვნებების, თავისთავადობისა და სიამაყის არეალში.

ურჩობის პირველი შედეგია თვითნებური მოღვაწეობა, სულიერი მამის კურთხევისა და რჩევის გარეშე: მოღვაწეობა, რომელსაც დასცინის დემონი. ყველანაირი გარეგნული ღვაწლი მორჩილების გარეშე პატივმოყვარეობისა და სიამაყის საკვებად იქცევა, ურჩი კი მას საღმრთო მოშურნეობად მიიჩნევს. ასეთი თავდაჯერებული მოშურნეობა, გაღვივებული შავბნელი სულის მიერ, ჩვეულებრივ დაცემებით მთავრდება, რაც ამაყს მოწყინებასა და სასოწარკვეთილებაში აგდებს, იშვიათად კი გონს მოჰყავს იგი. როგორც მითიურ სიზიფეს[1], მას კვლავ და კვლავ ააქვს მთაზე ქვა, რომელიც კვლავ და კვლავ სწყდება ადგილს და ქვემოთკენ მიგორავს. ასეთი ადამიანი ვერ მიიღებს კურნებას მანამდე, სანამ საკუთარ უძლურებას არ შეიცნობს და არ მოუხრის თავის უდრეკ ქედს მორჩილების მსუბუქ უღელს.

ურჩობის კიდევ ერთი შედეგია უდებება. თავიდან ადამიანი მხურვალებას ამჟღავნებს, რასაც თან ახლავს გარეგნული მოუსვენრობა; შემდეგ კი ნელ-ნელა გაგრილებას იწყებს და თითქოს სულიერად ქვავდება. იგი ამოკლებს ან სულაც ტოვებს მონაზვნურ კანონს, ცხოვრობს უდებებით, სავსეა ვნებებით, მაგრამ ცდილობს არ გამოავლინოს ისინი; და, ბოლოს და ბოლოს, მონაზვნობა მისთვის ხდება პროფესია, რომელიც მას უჭირველი არსებობის საშუალებას აძლევს, და იგი ეჩვევა იმ სატანურ აზრს, რომ ჩვენს დროში სხვანაირად ცხოვრება შეუძლებელია.

მონაზონმა მუდამ უნდა აკონტროლოს თავისი სულის ვნებები და სხეულის ბუნდოვანი მიდრეკილებები. სამშვინველი დაჯილდოებულია აზროვნების უნარით, მაგრამ სულის უნართან შედარებით ეს უნარი მდარეა. ესაა ლოგიკური აზროვნება და წარმოსახვა, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო სულიერ ცოდნასთან და ხშირად ეწინააღმდეგებიან კიდეც მას. ამიტომაც მონაზონმა მორჩილების მეშვეობით უნდა განაგდოს მშვინვიერ-ხორციელი გონის დიქტატი. თუ მონაზონი შეჩვეულია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილებები, თავისი სულიერი მოძღვრის რჩევებისა და კურთხევების საწინააღმდეგოდ, ან განზრახ გაურბის მოძღვართან ურთიერთობას, მაშინ ის კვლავაც იმ სოფელს მიეკუთვნება, რომელზეც უარი თქვა მონაზვნური აღთქმების დადებისას. საკუთარ მშვინვიერ გონებაზე მინდობა – ეს უკვე დაცემაა. აქ ცოდნა უპირისპირდება სარწმუნოებას – სულის ღვაწლს. ამიტომ მონაზონმა არ უნდა ეძებოს მიწიერი სიბრძნე, არც ერში მომხდარი საქმეებითა და სიახლეებით უნდა დაინტერესდეს, არამედ უნდა შემოიფარგლოს აუცილებელი პრაქტიკული ცოდნით და სულიერი წიგნებიც კი მოძღვრის ხელმძღვანელობით უნდა იკითხოს.

მშვინვიერ-ხორციელი გონების ერთ-ერთი თვისებაა წარმოსახვა. იგი განსაკუთრებულად თავს იჩენს ხელოვნებასა და ლიტერატურაში. ამიტომაც მონაზონმა უნდა უარყოს საერო ხელოვნება და სხვადასხვა სახის სანახაობები, მით უმეტეს, რომ ხატოვანი აზროვნება ლოგიკურ აზროვნებაზე გაცილებით უფრო მჭიდროდ უკავშირდება ვნებებს. თუ მონაზონს მიწიერი სილამაზე ატყვევებს, ის უკვე ვეღარ ხედავს სულიერ სილამაზეს. თვით ბუნების სილამაზით ტკბობაც კი დასაშვებია, მხოლოდ და მხოლოდ როგორც დასვენება, – ადამიანური უძლურების გათვალისწინებით. ასკეტების ნაწარმოებებში არ არსებობს ხილული სამყაროს სილამაზით აღფრთოვანების გრძნობა, მხოლოდ აქა-იქ თუ შევხვდებით იმ აზრს, რომ თუ ცოდვებით დამძიმებულ დედამიწაზე პირველქმნული სილამაზის ანარეკლი შეგვიძლია დავინახოთ, მაშინ რა მშვენიერი უნდა იყოს სამყაროს შემოქმედი.

მონაზონი, რომელიც აღტაცებაში მოჰყავს მზის ამოსვლასა და ჩასვლას, ხარობს ყვავილებისა და მდინარის ტალღების ჭვრეტით, ტკბება ჩიტების ჭიკჭიკით, საერო პოეზიითა და მუსიკით – ასეთი მონაზონი კარგავს ზეციური სილამაზის შეგრძნებას, იგი კვლავ ვნებებითაა სავსე, კვლავ ცოცხალია და კვლავ გულგახსნილია ერისთვის. ვინც გულწრფელ მორჩილებაშია, ის ოდნავ თუ ეხება მიწიერსა და გარეგნულს, სულით კი ღმერთთან იმყოფება: მორჩილება ცეცხლოვანი კედელივითაა აღმართული ამსოფელსა და მას შორის. მხოლოდ მორჩილებისა და ლოცვის მეშვეობით იხსნება ადამიანისთვის მისი საკუთარი გული, ხოლო მათ გარეშე ვნებები თალხი საფარველივით გადაეფარებიან გულს და ხდიან მას სულისთვის შეუღწეველს. გონება, დამძიმებული საკუთარი აზრებით, მკვდარი ცოდნითა და გაბერილი სიამაყით, ვერ შეძლებს შევიდეს გულში, ისევე როგორც მსუქანი ადამიანი ვერ შეძლებს გაიაროს ვიწრო კარში.

მორჩილება ათავისუფლებს გონებას მიწიერი ტვირთისგან და ხდის მას დანასავით მჭრელს; მორჩილება, როგორც წყალი, აქრობს ადამიანის სულში ვნებების ცეცხლს. ამიტომაც მორჩილის გონება ადვილად უერთდება გულს იესოს ლოცვაში.

იესო ქრისტეს სახელი – სიყვარულია. მაგრამ მას აქვს კიდევ ერთი საიდუმლო სახელი – სიმდაბლე. უფალი ამბობს: "ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა". სიმდაბლე – ეს მონაზვნობის ძირია და მონაზვნის დაულევნელი სიმდიდრე, რომლითაც მოიყიდება ცათა სასუფეველი. მდაბალი გული უთქმელად მოუწოდებს თავისთან ქრისტეს, და იგი ივანებს ასეთ გულში, როგორც საკუთარ სამყოფელში. ერთხელ წმინდა ანტონი დიდმა დაინახა ბადე, რომელიც ეშმაკს მთელს დედამიწაზე გადაეჭიმა. ბერს ცრემლები წამოსცვივდა და შესძახა: "ვინ შეძლებს თავი დააღწიოს ამას!"; და მოესმა ხმა: "მხოლოდ თავმდაბალი. თავმდაბალს ვერც კი შეეხება ეს ბადე".

არსებობს სიამაყისა და პატივმოყვარეობის კიდევ ერთი სახე, – როგორც ანკესი ურჩი მონაზვნებისთვის: ესაა მოჩვენებითი უვნებელობა, რომელსაც დროებით აძლევს დემონი მონაზონს, იმისათვის, რომ დააკარგვინოს სიფრთხილე, ამასობაში კი მახეს უმზადებს თავის მსხვერპლს. ღირს მაკარი დიდს მონაზვნების დასამოძღვრად ასეთი მაგალითი მოჰყავს: ფრჩხილზე თასმაგამობმული ჩიტი ფიქრობს, რომ ის თავისუფალია, მაგრამ მონადირე ქაჩავს თასმას და ჩიტი მიწაზე ეცემა. მხოლოდ და მხოლოდ მორჩილებას – წრფელს, გამუდმებულს, სრულს – შეუძლია გაწყვიტოს თასმა, რომლითაც ადამიანი დემონს ჰყავს მიბმული საკუთარ ხელზე.

ურჩი მონაზვნები ცდილობენ თავიანთ მოძღვარს ნაკლოვანებები და შეცდომები უპოვონ და ამით გაამართლონ საკუთარი ურჩობა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ადამიანი ადამის ცოდვითაა შესვარული და თითოეულ მათგანს, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, აქვს თავისი სისუსტე და ნაკლოვანება. ეშმაკი იმით ატყუებს მონაზონს, რომ ან ცილს სწამებს წინამძღვარს, ან კიდევ აჩვენებს მის ადამიანურ სისუსტეებს, ნამდვილად არსებულს, თითქოსდა გამადიდებელი შუშით. მაგრამ თუნდაც სამართლიანი იყოს ამგვარი ბრალდებები, ეს მონაზონს მაინც არ აძლევს იმის უფლებას, რომ მოიქცეს თვითნებურად, არ ათავისუფლებს მას მორჩილების უღლისგან (რასაკვირველია, იმ მორჩილებაზეა ლაპარაკი, რომელიც მიედინება მართლმადიდებლობისა და მონაზვნური გადმოცემების კალაპოტში).

წმინდა იოანე ოქროპირი წერს, რომ ის, ვინც ქრისტეს გულისთვის გლახაკებს აძლევს მოწყალებას, უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე ისინი, ვინც თვით ქრისტეს უკეთებდა სიკეთეს მისი მიწიერი ცხოვრების დროს. რას ნიშნავს ეს თითქოსდა უცნაური ნათქვამი? ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტეს გარშემო მყოფი ადამიანები საკუთარი თვალით ხედავდნენ ღვთაებრივი ნათლით გაცისკროვნებულ მის წმინდა ხატებას, ესმოდათ მისი ტკბილი საუბარი, ესწრებოდნენ იმ სასწაულებს, რომლებსაც ის აღასრულებდა, და ამიტომაც მზად იყვნენ მომსახურებოდნენ მას. მაგრამ მათზე მაღლა ის ადამიანები დგანან, რომლებიც ხედავენ დასვრილ, დაკონკილ ტანსაცმელში შემოსილ, თავით ფერხამდე დაწყლულებულ გლახაკებს და სწყალობენ მათ, რათა შეასრულონ სახარების მცნება. მათს მოწყალებას თვით უფალი იღებს გლახაკების სახით, და იღებს, როგორც უძვირფასეს საბოძვარს. სწორედ ამიტომ მონაზვნები ქრისტეს გულისთვის უნდა დაემორჩილონ თავიანთ მოძღვრებს, არ უნდა მიაქციონ ყურადღება მათს ადამიანურ უძლურებებსა და სისუსტეებს, – ნამდვილად არსებულსა თუ მოჩვენებითს, – და მაშინ ასეთი მორჩილება სასწაულმოქმედებისა და მჭვრეტელობის ნიჭით დაჯილდოებული, ანგელოზთა მსგავსი ბერებისადმი მორჩილების ტოლფასი გახდება.

ის მონაზონი, რომელიც არ ცხოვრობს მორჩილებით, ცრუ და მოღალატეა თავისი მონაზვნური აღთქმებისა; იგი სუნთქავს ამასოფლის ჰაერით, ვნებების მიაზმებით[2] რომაა სავსე, და ამიტომაც მონაზვნური ცხოვრება არ აძლევს მას სულიერ სიხარულსა და ღვთის მადლის საკუთარი გამოცდილებით შეგრძნების უნარს. მას ეს არ ესმის და ეჩხუბება იღუმენს, დრტვინავს თავის სულიერ მოძღვარზე, განიკითხავს ძმებს და ფიქრობს, რომ წმინდა ანტონი დიდისა და წმინდა მაკარი დიდის დროს რომ ეცხოვრა, მათი მსგავსი მოღვაწე შეიქნებოდა. ავიწყდება კი, რომ არა დრო, არა ადგილი, არამედ მხოლოდ სიმდაბლე და მორჩილებაა სიწმინდის მიზეზი.

____________

[1] სიზიფე – ბერძნულ მითოლოგიაში კორინთოს მეფე, რომელსაც ჩადენილი უკეთური საქმეებისთვის მიესაჯა შემდეგი საუკუნო სასჯელი: მთაზე უნდა აეგორებინა ქვა, რომელიც მწვერვალს მიღწეული უკან გორდებოდა. აქედანაა გამოთქმა – ,,სიზიფეს შრომა”, ანუ მძიმე და უნაყოფო შრომა.

[2] მიაზმები (ბერძნ. სიბილწე) – გადამდები ბაქტერიები.



martlmadidebloba.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий