ღმერთი

ღმერთი

среда, 11 июня 2014 г.

ჰალსტუხიანი ეშმაკები!

დავით უსუფაშვილი პოლიტიკური რესპექტაბელურობით გამოირჩევა, ამიტომ, თუ ვიტყვით, რომ იგი იდიოტია, არ იქნება უსუფაშვილის შეურაცხყოფა, ეს საზოგადოებას შეურაცხყოფს, რადგან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნამდვილად განსხვავდება დანარჩენი პოლიტიკოსებისგან. და, კაცმა რომ თქვას, იდიოტი ნამდვილად არ არის. სწორედ აქ იმალება საფრთხე საქართველოსთვის.



დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა იმ თავხედობის შესახებ, რომელიც ამ რესპექტაბელურმა ადამიანმა იკადრა, თუ გნებავთ, გაბედა. ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებულ V საერთაშორისო სიმპოზიუმზე _ «ღვთისმშობლის თაყვანისცემის ტრადიცია მართლმადიდებელ ეკლესიაში» _ გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველი და უცხოელი მეცნიერების წინაშე და კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის თანდასწრებით, მკრეხელური გამოსვლით ჭკუა დაარიგა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელს და სხვა სასულიერო იერარქებს.


გამოსვლა, რომელმაც ყველა გონიერი ქართველის არამხოლოდ გაოცება, არამედ განრისხებაც გამოიწვია, რასაკვირველია, ემოციურად გათვლილი იყო და შეიძლება ითქვას, რომ არამხოლოდ უსუფაშვილის, არამედ მთელი რესპუბლიკური პარტიის იდეოლოგიის დემონსტრირებასაც წარმოადგენდა. თუკი ქვეყნის მართვის სადავეებთან მიშვებამდე რესპუბლიკელები თავშეკავებულად, მაგრამ ქვებუდანურად, არადემონსტრაციულად უპირისპირდებოდნენ ეკლესიას და პატრიარქს, ახლა უკვე ღიად გაილაშქრეს.
რესპუბლიკელებმა, როგორც იტყვიან, დრო იხელთეს და «თავისუფლების ინსტიტუტის» წიაღში (ტყუილად იბრალებენ წულუკიანი და ღარიბაშვილი «დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ» კანონის ავტორობას) გამოზრდილი იქედნეს გამოშვებაც გადაწყვიტეს. მანამდე, სააკაშვილის მონა-დეპუტატების საშუალებით, ამ «ასპიტისებრთა ოჯახის», ანუ «თავისუფლების ინსტიტუტის» წევრებმა რამდენიმე კანონში შეიტანეს ისეთი ცვლილებები, რომელთა თაობაზეც საზოგადოებამ ახლაღა შეიტყო.


ახლა კი, როცა ყველა «კვერცხს» ერთად მოუყარეს თავი, ხალხმა ნათლად დაინახა, რას უმზადებდნენ «ვარდნი და ნეხვნი», რომელთაც, როგორც ჩანს, «სწორად მოეფინა» ბიძინა ივანიშვილის მზე.


აქვე ისიც სათქმელია, რომ უსამართლობა იქნება მხოლოდ რესპუბლიკელების პასუხისმგებლობაზე საუბარი, როცა ხელისუფლების, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი შტოს წარმომადგენლები მონუსხულებივით იმეორებენ, რომ ამ კანონის მიღება აუცილებელი იყო და ამ აუცილებლობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ხსნიან.


სულ მალე კი ყველაფერი გაცხადდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რესპუბლიკელების კოლექტიური შრომის ნაყოფი ისე თამამად გაგვაცნო, რომ უეჭველია, «დიდ ფსიქოლოგთან» და «ყოვლისმცოდნესთან» შეთანხმებულია. ეს ადამიანები კი, თავის მხრივ, უფრო სერიოზული ძალების გავლენის ქვეშ არიან და, ბუნებრივია, ნაკისრ ვალდებულებებს გვერდს ვერ აუვლიან.


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მსოფლიო რელიგიურ (და არა მხოლოდ!) წრეებში ცნობილია, როგორც ყველაზე მიმტევებელი ღვთისმსახური. ამჯერად კი უწმინდესი და უნეტარესი იმდენად შეაშფოთა კანონმდებელთა და მათი «უფლის» გაუგონარმა თავხედობამ, რომ რამდენიმეჯერ მოუწოდა, უარი ეთქვათ ჭეშმარიტი ღმერთის მოძღვრების უარყოფაზე, ბოლოს კი, მანამდე რომ არ უთქვამს, ისეთი რამ ბრძანა: «როგორ შეიძლება უკანონობა დააკანონო? უკანონობის დაკანონება დიდი ცოდვაა... არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ასეთ კანონს».


არც ერთი მორწმუნე, ანუ არამხოლოდ მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის, არამედ ერთნაირად მიუღებელია მუსლიმანებისთვის, გრიგორიანელებისთვის, იუდეველებისთვის, კათოლიკეთათვის...


არ გაითვალისწინეს!


ჟურნალისტიკის წესია, რომ პუბლიკაციის ციტატით დაწყება არაპროფესიონალიზმის ნიშანია. პარლამენტის თავმჯდომარემ კი თავის გამოსვლა სწორედ ციტატით, ვრცელი ციტატით დაიწყო და მაშველად ჯემალ ქარჩხაძე იხმო.


მოდით, დავშალოთ ეს ვრცელი ციტატა _ უსუფაშვილის მხსნელი ქარჩხაძის «სიბრძნე შეუწონელი», სინამდვილეში კი გაუგონარი მკრეხელობა.


ქარჩხაძე უსუფაშვილის პირით გვეუბნება, რომ «...ორი ათასი წელი იწურება მას აქეთ, რაც თავს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად ვთვლით (ხოლო ამ სიმბოლოში, უნდა ვიფიქროთ, ეროვნული მისიის გასაღებიცაა ჩადებული) და ორი ათასი წლის განმავლობაში ერთი ნაბიჯითაც კი ვერ მივუახლოვდით მაღალ არსს. პირიქით, ჯიუტად და შეუპოვრად სულ იმას ვცდილობთ, უკან-უკან ვიაროთ; იმ ზომამდე, რომ დროდადრო სულიერი თვითმკვლელობის მცდელობაც კი გვაქვს».


კი არ ვთვლით, საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და საქართველოს სულიერი მისიის შესახებ ქარჩხაძესა და უსუფაშვილზე ბევრად ჭკვიანი ადამიანები წერდნენ და ლაპარაკობდნენ არამხოლოდ შორეულ წარსულში, არამედ სულ ახლახან, გასულ საუკუნეშიც. მაგრამ ეს მისია ქარჩხაძე-უსუფაშვილისთვის გაუგებარი ან, რაც კიდევ უფრო ტრაგიკულად წარმოაჩენს ამ ორ პერსონას, მიუღებელია. ორი ათასი წლის განმავლობაში ერთი ნაბიჯითაც მივუახლოვდით და მეტითაც მაღალ არსს და სწორედ ამ მიახლოებამ გადაარჩინა საქართველო. ალბათ, ესეც გაუგებარია ქარჩხაძე-უსუფაშვილისთვის, თორემ სულ რამდენიმე წამით რომ დაფიქრებულიყვნენ იმაზე, თუ რამ მოიყვანა ჩვენი სამშობლო დღემდე, როგორ უძლებდა ქართველობა საუკუნეთა განმავლობაში ურიცხვი მტრის შემოსევებს, ცეცხლითა და მახვილით თუ ქვემძრომობით განადგურება-გადაგვარების ათასგვარ მცდელობებს (მათ შორის, ხაზგასასმელია _ უგვან ქართველთა დახმარებითაც!), იქნებ მიმხვდარიყვნენ კიდეც, რომ მხოლოდ ღვთის ნებით შევძელით წარსულისგან აწმყოს შობა და დღევანდლამდე მოღწევა. უკან-უკან სვლის მაგალითებიც ბევრია საქართველოს ტრაგიკულ ისტორიაში და გმირობის, ქრისტესთვის თავდადების უამრავი ფაქტიც შემოგვინახა ისტორიამ. სულიერი თვითმკვლელობის მცდელობა კი დროდადრო კი არა, სწორედაც რომ დღეს გვაქვს, როცა ხელისუფალთა ღვთისგარეგანობით კიდევ უფრო იხრწნება თაობები.


ბოლო 23 წლის მანძილზე, დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდან, მას შემდგომ, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მზრუნველობითა და რუდუნებით საქართველო უფლის გზას დაუბრუნდა, როცა ათასობით გამუსლიმანებული ქართველი მოექცა ქრისტეს რჯულზე, როცა ერის მწყემსმთავრის დაუღალავი ღვაწლითა და სულიერ მამათა მუხლჩაუხრელი შრომით ერი სწორ გზას დაადგა, სწორედ ამ დროს გამოვლინდა ბევრი სიავე და სიბილწე, რომელთაც ხელისუფალნი არათუ წინ აღუდგნენ და ეკლესიის მხარდამხარ შეებრძოლნენ, არამედ კიდევ უფრო წაახალისეს სწორედ დემოკრატიისა და ლიბერალიზმის სახელით.


ახლა ქარჩხაძე-უსუფაშვილის მორიგი მკრეხელობა მოვისმინოთ:


«...ერთი წუთით პატარა რელიგიური სასწაული წარმოვიდგინოთ: ღვთისმშობელმა «თავისი» ქვეყნის ხილვა მოისურვა. რას ნახავს? ნახავს მონობის სენით შეპყრობილ კერპთაყვანისმცემლებს, რომელთაც თავისუფლება ბატონის გამოცვლა ჰგონიათ; ნახავს მდიდარ ფარისევლებს, რომლებიც საჩვენებელ და გამოყენებით ქველმოქმედებას ეწევიან იმ დროს, როდესაც მათ გვერდით ნამდვილი ადამიანები ნამდვილი სიკვდილით ნამდვილად იხოცებიან; ნახავს ცრუ ადამიანებს, რომლებიც რელიგიურობანას თამაშობენ და რწმენაც აღებ-მიცემობის საგნად უქცევიათ. წმინდა ღვთისმშობელი ასეთ ქვეყანაზე, გარწმუნებთ, უარს იტყვის. ლეგენდაც დამთავრდება და სიმბოლოც წაიშლება».


ქარჩხაძე-უსუფაშვილს ღვთისმშობელი საქართველოში, ალბათ, ოფიციალურ ვიზიტად ან ტურისტად წარმოუდგენიათ, რომელმაც შეიძლება ქვეყნის ხილვა მოისურვოს. პარლამენტის თავმჯდომარისთვის იმდენად უცხოა წმინდანის მიმართ კრძალვა და რიდი, რომ ამგვარი მკრეხელობის გამეორებასაც არ ერიდება და მით უფრო, პატრიარქის თანდასწრებით ბედავს ასე აგდებით საუბარს.


რაკი ქარჩხაძის ამ მოსაზრებას მნიშვნელოვან სიმპოზიუმზე ამდენ ყურადღებას უთმობს, როგორც ჩანს, პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილიც ფიქრობს, რომ საქართველოში მხოლოდ «მონობის სენით შეპყრობილი კერპთაყვანისმცემლები», «მდიდარი ფარისევლები» (ასეთებს უსუფაშვილი, ალბათ, პირადად იცნობს კიდეც) და «ცრუ ადამიანები» არიან. ქარჩხაძე-უსუფაშვილისთვის ასეთია დღევანდელი საქართველო. ვთქვათ, მწერალი თავისუფალია თავის ნააზრევში, მაგრამ პოლიტიკოსი, ეს უკანასკნელი კი ერთ-ერთი უმაღლესი ხელისუფალია, როცა ამბობს, რომ მონებისთვის, ფარისევლებისთვის და ცრუ ადამიანებისთვის ქმნის კანონებს, ვერ უნდა აცნობიერებდეს, რომ მთელ ქვეყანას შეურაცხყოფს? შეიძლება მის ირგვლივ მხოლოდ მონობის სენით შეპყრობილებს ხედავს, კერპთაყვანისმცემლებიც მოუმრავლდებოდა ივანიშვილისგან პარლამენტის თავმჯდომარედ ნაკურთხს, მაგრამ მდიდრებს შორის მხოლოდ ფარისევლები არიან? ისეთი არავინ ეგულება, თუნდაც ერთი მაინც, ვინც მართლა სიყვარულით ეწევა ქველმოქმედებას, ვინც უანგაროდ ეხმარება გაჭირვებულებს? მხოლოდ ცრუ ადამიანები ახვევია გარშემო და არაფერი სმენია ჭეშმარიტად მართალ, სამშობლოს მოყვარულ ადამიანებზე? ძალიან ცუდ წრეში ტრიალებს ჩვენი უპირველესი კანონმდებელი _ მონების, ფარისევლებისა და ცრუთა ტყვეობაში იმყოფება და იქნებ ოდესმე (და რაც შეიძლება მალე!) მაინც გაუნათდეს გონება დ განთავისუფლდეს ამ ტყვეობიდან.


და ციტატის დასასრულ კიდევ ერთი გაუგონარი მკრეხელობა: თურმე «წმინდა ღვთისმშობელი ასეთ ქვეყანაზე, გარწმუნებთ, უარს იტყვის». თუ ჰგონიათ ქარჩხაძეს და უსუფაშვილს, რომ წმინდანზე შეიძლება ისე ილაპარაკო, როგორც პოლიტიკურ ოპონენტზე, ძალიან შემცდარან. ასეთი აგდებული დამოკიდებულების გამოა, რომ საზოგადოებას დღევანდელ მწერალთა და პოლიტიკოსთა არამხოლოდ ნდობა არ აქვთ, არამედ ამ უკანასკნელთა უღმერთოებისა და ურწმუნოების გამო ხალხისთვის ისინი კეთროვნები არიან; ცოტა დრო დარჩა და ეჟვნებსაც შეაბამენ. რაც შეხება «ლეგენდას», იმდენად უვიცები არიან, რომ ვერც კი აცნობიერებენ, როგორ უარყოფენ წმინდა მამათა სწავლებებს.


«...კომუნიზმის მეტასტაზებს, როგორც აღმოჩნდა, ძალზე ღრმად გაუდგამს ფესვი ჩვენს ეროვნულ სხეულში,» _ ამბობს ქარჩხაძე უსუფაშვილის პირით. მანამდე კი მოთქვამენ «ორი ათასი წლის განმავლობაში ერთი ნაბიჯითაც კი ვერ მივუახლოვდით მაღალ არსს»-ო. მაინც რამდენი წლის წინ გაჩნდა კომუნიზმის სატყუარა საქართველოში? რამდენ საუკუნეს ითვლის? საქართველოს ეროვნულმა სხეულმა არ იგუა კომუნიზმის მეტასტაზები და მაშინაც კი, როცა ყველაზე რთული იყო მასთან ბრძოლა, ქართველი მაინც პოულობდა გამოსავალს და ინარჩუნებდა მამულის, ენისა და სარწმუნოებისადმი, აგრეთვე, ეროვნული ტრადიციებისადმი ერთგულებას. არავითარი კომუნიზმის მეტასტაზები არ მოსდებია ჩვენს ეროვნულ სხეულს. ეს მყვირალა ფრაზა მის ავტორს მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ შემდეგ ამ «მეტასტაზების» წინააღმდეგ საბრძოლველად შემართულმა უფრო მედგრად აძგეროს ლიბერალიზმის მახვილი ეროვნულ სხეულს და საბოლოოდ მოსპოს იგი.


და ბოლოს, წერილის პირველი ნაწილი დავასრულოთ ქარჩხაძე-უსუფაშვილის «შეუწონარი სიბრძნით» (კინაღამ «სირეგვნე შეუწონარი» წამომცდა): «...თუ კარგად ჩავუკვირდებით, კერძოდ, მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ღვთისმშობელს თავისი წილხვედრი ქვეყანა არასოდეს უნახავს, საფიქრებელია, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ჯერჯერობით მხოლოდ პოტენციურადაა. გახდება თუ არა რეალურად, ეს ჩვენზე და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული».


კიდევ ერთხელ ვიმეორებ: შეიძლება მწერალმა ფანტაზიის აფრები აუშვას (ერთმა ხომ სცადა ამ არგუმენტით თავის მართლება; მართალია, უსუსურად), მაგრამ, როცა პოლიტიკოსი და, მითუმეტეს, პარლამენტის თავმჯდომარე თავისი გამოსვლის გასამყარებლად ამგვარ «არგუმენტებს» იშველიებს, უდავოა, იგი იზიარებს მწერლის ამ «ფანტაზიას». ამჯერად ეს დუეტი გადაჭრით აცხადებს, რომ «ღვთისმშობელს თავისი წილხვედრი ქვეყანა არასოდეს უნახავს». წმინდა ქალწულს, ალბათ, პოტენციურ ინვესტორად აღიქვამს, რომლის მოხიბვლაც კანონმდებლობით, გამარტივებული ბიზნეს-გარემოთი და საგადასახადო სისტემით შეგვიძლია.


აი, ასეთი წარმოუდგენელი მკრეხელობები მოიყვანა ჩვენმა რესპექტაბელურმა პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი «სიბრძნით გაჟღენთილი» სკანდალური გამოსვლის გასამყარებლად. არადა, როგორც ამ წერილის შესავალში ვთქვი, დავით უსუფაშვილი ნამდვილად არ არის იდიოტი!


მომდევნო წერილში სწორედ ამ გამოსვლას გაგაცნობთ აბზაც-აბზაც და დარწმუნდებით, რომ საქართველოს იმაზე დიდი საფრთხე ემუქრება, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ეს ის შემთხვევაა, როცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სამშობლოს დაპატრონებას ეშმაკები ცდილობენ, ჰალსტუხიანი ეშმაკები!


ბონდო მძინარაშვილი


apocalypse.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий