ღმერთი

ღმერთი

суббота, 10 мая 2014 г.

სამყაროს იმედი.

ა) წმიდა და დიდი მარხვისას ხუთი კვირის განმავლობაში ღმრთაებრივი ლიტურგიის დროს იკითხება ნაწყვეტები ებრაელთა მიმართ ეპისტოლეებიდან. მასში ძირითადად საუბარია ძველი აღთქმის იმ მოვლენებსა და პიროვნებებზე, რომლებიც წინასწარ გვიმჟღავნებენ და ასახავენ ღმრთის ძისა და სიტყვის – ლოგოსის განკაცებას, მის მიწიერ ცხოვრებას, ჯვარცმასა და აღდგომას. თუმცა, ტრიოდიონის სხვა დღეების სადღესასწაულო კრებულში ასევე დომინირებენ ძველი აღთქმის მესიანისტური ტექსტები. სწორედ ამ გზით ეკლესია სიმბოლურად და ემპირიულად გვიმჟღავნებს რწმენის საიდუმლოს და წინასწარ გვამზადებს დიდი „გარდატეხისათვის“, ქრისტიანთა აღდგომისათვის.

ბ) ზუსტად ისევე, როგორც უფალმა შეასრულა თავისი დაპირებანი პატრიარქ აბრაამის წინაშე და წარმოჩნდა რწმენის ღირსად ძველ დროში, ასევე ქრისტეც წარმოადგენს მყარ საყრდენ წერტილს და სამყაროს ჭეშმარიტ იმედს ყოველი ეპოქის განმავლობაში. და ისევე როგორც გვარის ფუძემდებელი აბრაამი თავის რწმენაში ურყევი დარჩა მიუხედავად იმისა, რომ იგი დაუპირისპირდა დიდ გამოწვევებს, ასევე უხმობენ ქრისტიანებსაც, რათა ისინი მტკიცე და შეურყეველნი დარჩნენ თავიანთ რწმენაში. აბრაამი სძლევს თავის თავს, როდესაც სრულ მორჩილებას გამოუცხადებს უფლის ნებას, როდესაც გადაწყვეტს, რომ თავისი შვილი ისააკი მსხვერპლად შესწიროს. მაგრამ უფალი იხილავს რა თავისი ერთგული მონის ჭეშმარიტ რწმენას, სასწაულებრივი გზით ჩაერევა და ხელს შეუშლის.

გ) ქრისტიანთა რწმენას სიმბოლურად ასახავს ღუზა. და როგორც ხომალდს მისი მეშვეობით მყარად დგომის შესაძლებლობა ეძლევა და თავიდან იცილებს ტალღების მიერ გამოწვეულ საფრთხეს, ასევე ქრისტიანიც, რომელსაც უფლის იმედი გააჩნია, ინარჩუნებს სტაბილურ საყრდენ წერტილს. ამგვარი იმედი, როგორც ამას ჩვენ წმიდა ისააკ ასური გვასწავლის, გულითადი რწმენიდან მომდინარეობს, არ არის კარგი როდესაც ის „ცოდნისა და განსჯის“ შედეგად მოდის. რადგან არსებობს ასევე ცრუ იმედიც, რომელიც უტოპიასთანაა გაიგივებული და რომლისკენაც ადამიანებს სხვადასხვა პოლიტიკური სისტემები უბიძგებენ ხოლმე. თუმცა, ეს უტოპია უკუგდებულია ყოველდღიურ საფუძველზე, ქრისტიანულ იმედთან დაპირისპირებით, რომელიც მომავლის გზით ცოცხლდება და ადამიანს სულიერ სიფხიზლეში ამყოფებს.

დ) ამგვარი იმედი ააქტიურებს ქრისტიანს, მას უფლის მცნებათა პატიოსანი დაცვისკენ უბიძგებს და არასდროს შეარცხვენს. „სათნოების სამსახურში ზარმაცსა და დაუდევარს შეუძლებელია ჰქონდეს ამგვარი იმედი, ის მხოლოდ ისეთ ადამიანს აქვს, რომელიც მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, უფალს არ შორდება თავისი კეთილი საქმეებით და რომელიც თავისი გულის თვალებს უფლისკენ აღმართავს“, – გვასწავლის წმინდა ისააკი. ამგვარად, ქრისტიანული იმედი მომავალზე რაიმე ბუნდოვან ოცნებას კი არ წარმოადგენს, არამედ იგი არის მყარი სულიერი ღვაწლი აწმყოში.

ე) რწმენის არ არსებობას სულიერი ცხოვრებისათვის დამღუპველი შედეგები მოაქვს. პატერიკულ ტრადიციაში აღნიშნულია რომ: „ყველაზე მძიმე ცოდვას უიმედობა წარმოადგენს“. სხვაგან კი ნათქვამია, რომ ცოდვა ადამიანურია, უიმედობა და სასოწარკვეთილება – დემონური, ხოლო გულწრფელი სინანული კი – ღმრთაებრივი და ადამიანური. მაგალითისთვის წარმოდგენილია ქრისტეს ორი მოწაფე – იუდა და პეტრე. პირველს უიმედობა და სასოწარკვეთილება დაღუპვისკენ უბიძგებს. ხოლო, მეორეს კი გულწრფელი სინანული და სუფთა ცრემლები იხსნის და მას მკვდრეთით აღმდგარ ქრისტესკენ შეხვედრისკენ წარუძღვება.

ვ) განსაცდელის ჟამს მოთმინება და სულიერი ცხოვრების სიძნელეების წინაშე გამბედაობა ცოცხლად ინახავენ უფლისადმი იმედს. იმედი არის რწმენის განზომილება, რომელიც არც წარსულსა და არც აწმყოს არ უკავშირდება, მაგრამ იგი ვრცელდება მომავალზე. ამ სამყაროში უფლის ადამიანებს, რომლებიც ღმრთის წყალობასა და უფლის ჭვრეტის უნარს იმსახურებენ, ემპირიულად უმჟღავნდებათ მარადიულობის საიდუმლო. ისინი წინასწარ აგემოვნებენ მომავალ სიკეთეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ „ნაწილობრივ“ იცნობენ კიდეც. ღმრთაებრივი საიდუმლოებების ნაწილობრივი ცოდნა აძლიერებს რწმენასა და იმედს, და მათ განსაზღვრულ ხასიათს ანიჭებს. მარადიულობაში კი, რადგანაც ამას ყველა საღმრთო ჭეშმარიტება ემპირიულად ადასტურებს, რწმენა და იმედი არ არის საჭირო. იქ ღირებულება მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულს ენიჭება.

ზ) უკანასკნელი წლების განმავლობაში, ადამიანის იმედი მთლიანად მეცნიერულ აღმოჩენებს, ტექნოლოგიასა და ყველა პრობლემის გადაჭრისათვის მიმდინარე კვლევებს დაემყარა. აწმყოს ნაკლები მნიშვნელობა ექნა მინიჭებული, იგი გახდა გარდასული და მთელი ინტერესი მომავლისკენ იქნა მიპყრობილი. თუმცა, მიუხედავად ამისა, „უკვე დიდი ხანია რაც დაწყებულია საპირიპირო ათვლა. იმ ნივთებმა (გარემოებებმა), რომელზეც ადამიანმა თავისი იმედი დაამყარა, მას იმედი გაუცრუეს. სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება გადაწყვეტილებათა ფარდობითობა, რომელიც შემოთავაზებულ იქნა, ახალი პრობლემების სიმრავლე, რომელთაც თავი იჩინეს და ასევე სერიოზული საფრთხეები, რომელნიც მომავალზე წინასწარ მოხაზულობას ქმნიან. ადამიანი გრძნობს, რომ იგი ჩიხში იმყოფება“ (გ. მანძარიდისი). ტრაგიკული მდგომარეობის შეცნობამ და ქრისტეს სახებიდან მიღებულმა შთაგონებამ, რომელიც „სამყაროს იმედს“ წარმოადგენს, შესაძლოა ამ ჩიხიდან გამოსავალი მოგვცეს, რომელიც მომავალში ნათელ სარკმელს გახსნის.


(გაზეთი „მაკედონია“, აპრილი, 2011 წელი)


.pemptousia.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий