ღმერთი

ღმერთი

вторник, 6 мая 2014 г.

ვუნდერკინდი პრემიერი, არაადეკვატური პარლამენტის თავმჯდომარე და ბრძენი პატრიარქი - მარაზმი დისკრიმინაციის გარეშე

06-05-2014
,,დღეს საკითხი დგას შემდეგნაირად - მივდივართ ევროპისკენ და ვაღიარებთ იმას, რომ ადამიანი არ უნდა შევავიწროვოთ, თუ არ ვიზიარებთ მის შეხედულებას, ან ვრჩებით რუსეთში. ასე რომ, რუსეთი თუ ევროპა?! ამ არჩევანს აკეთებს პარლამენტი და ქვეყანა და ეს არჩევანი უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე.

თავისი არაადექვატურობით, რეალობისაგან მოწყვეტით და მასთან დაპირისპირებითაც ეს განცხადება სააკაშვილის ცნობილ განცხადებებს უტოლდება. მაგალითად იმას, რომ სააკაშვილის აზრით პუტინი თავს დაესხა საქართველოს იმიტომ, რომ ვერ აიტანა სამეზობლოში დემოკრატიული, თავისუფალი, აყვავებული, ევროპისაკენ გიგანტური ნაბიჯებით მიმავალი სააკაშვილის საქართველოს არსებობა. ან ის, რომ პუტინის დავალებით ივანიშვილმა ახლახან დაიბარა სააკაშვილი პროკურატურაში დასაკითხად....

,,ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე ამხელა აჟიოტაჟი ჩემთვის ამოუხსნელი და გაუგებარია", განაცხადა ვუნდერკინდმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კანონის მიღებამდე ორიოდე დღით ადრე. ,,როგორ შეიძლება აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში იყოს ადამიანი, რომელსაც ისიც კი არ ესმის, რომ ამ შინაარსის კანონპროექტის ასეთი ფორმით შემოტანას და განხილვას, აუცილებლად მოჰვებოდა აჟიოტაჟი? რას მოუტანს ეს ქვეყანას? ვაი ჩვენი ბრალი!""- აი რა კითხვები დასვა და რა დასკვნები გამოიტანა ბევრმა მოაზროვნე ადამიანმა ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ. ღარიბაშვილმა იქვე განაცხადა, რომ ,,პატრიარქი არის ბრძენი ადამიანი და მან კარგად იცის, რასაც აკეთებს, მაგრამ ჩვენ ამავდროულად კარგად გვაქვს გაცნობიერებული, თუ საით მივდივართ, ჩვენ გვაქვს ამბიცია და მოტივაცია, რომ ჩვენი ქვეყანა გავხადოთ ერთხელ და სამუდამოდ თანამედროვე, ძლიერი, მოდერნისტული სახელმწიფო". რა გამოდის - ბრძენ პატრიარქს, რომელმაც კარგად იცის რას აკეთებს, ,,ჩვენგან"" განსხვავებით არ აქვს გაცნობიერებული სად მივდივართ? ან არ უნდა, რომ ქვეყანა გახდეს ,,ერთხელ და სამუდამოდ თანამედროვე, ძლიერი, მოდერნისტული სახელმწიფო"?

,,რაღაც ცოდვაზე იყო საუბარი. ცოდვაზე არ უნდა ვისაუბროთ. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ქვეყნის განვითარებაზე და მით უმეტეს მართლმადიდებელი ქრისტიანი არასოდეს გაურბოდა, არასოდეს ეშინოდა ამა თუ იმ ცოდვის, ეს არის ჩვენი ძლიერება", - აღნიშნა პრემიერმა იმავე განცხადებაში. ეს როგორღა გავიგოთ? რომ ჩვენ, ქართველი მართლმადიდებლები, არასოდეს გავურბოდით ცოდვის ჩადენას ჩვენი მიზნების მისაღწევად? არ გვეშინოდა ასეთი ანტიქრისტიანული საქციელისა და ამაში არის ჩვენი სიძლიერე? იმაზეც ხომ არ დავფიქრდეთ, რამდენად კორექტულია, როცა ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი მსოფლიოში უხსნის მოქალაქეებს, რაზე უნდა ისაუბრონ და რაზე არა? გთხოვთ წარმოიდგინოთ, რაზე ალაპარაკდებოდა ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებში საზოგადოება მათ პრემიერს რომ მსგავსი ,,განცხადებები" დაეფრქვია?

ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვას მრავალმხრივი მარაზმი ახლდა თან და ყოველი დღე გვაგონებდა აწ გარდაცვლილი ჯანსუღ ღვინჯილიას განაჩენს: ""პროვინციალიზმი ზღვადა დგას ჩვენში, დუღს და გადმოდის". მინდა მოკლედ შევეხო იმ ფაქტორებს, რომლებმაც განაპირობა ,,აჟიოტაჟი", რათა ის არავისთვის იყოს ამოუხსნელი და გაუგებარი.

მაგალითისათვის რამდენიმე ფაქტს შეგახსენებთ. ოთხიოდე წლის წინათ ზუგდიდში მოღვაწე ინგლისური ენის ,,მასწავლებელმა"" ფლეტჩერმა დაურიგა არასრულწლოვან მოსწავლეებს ლინკები, რომელთა მეშვეობით ბავშვები ათვალიერებდნენ კომპიუტერის ეკრანზე ჰომოსექსუალური პორნოგრაფიის ამსახველ ფოტოებს და ამ ფოტოებზე თავად ფლეტჩერი იყო გადაღებული. ეს შეამჩნიეს მშობლებმა. ატყდა სკანდალი. სკოლის დირექტორმა და რამდენიმე პედაგოგმა გააპროტესტა არასრულწლოვანების გარყვნის მცდელობა. მინისტრმა შაშკინმა (ცხადია, სააკაშვილის დავალებით) მაშინვე გააგდო ისინი სამსახურიდან, ფლეტჩერს კი ჯერ თბილისიდან მოუხადა ბოდიში იმის გამო, რომ ჩვენში ბევრმა დაივიწყა სტუმართმოყვარეობის უძველესი ტრადიციები, შემდეგ ზუგდიდში ეახლა ფლეტჩერს და იქაც იხდიდა ბოდიშებს. უკანონოდ გაგდებული დირექტორისა და პედაგოგების უფლებები არასამთავროებმა არ დაიცვეს. საგულისხმოა, რომ ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების აღშფოთებული და შეშფოთებული ელჩები მაშინ მეკითხებოდნენ, რატომ არ ღებულობდა ხელისუფლება კანონიერ ზომებს ფლეტჩერის წინააღმდეგ და წუხდნენ, რომ ხელისუფლების მსგავსი ქმედებები უარყოფითად განაწყობს ჩვენს მოსახლეობას ევროპის მიმართ.

2012 წლის 17 მაისს საქართველოში ჩამოსულმა ჰომოსექსუალებმა ადგილობრივ აქტივისტებთან ერთად ჰომოსექსუალური პორნო-პროვოკაცია მოაწყვეს თბილისში 51-ე სკოლის პირდაპირ. გეები ერთმანეთს ეფერებოდნენ და კოცნიდნენ, გარშემო კი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის შემცველი პლაკატები გაფინეს. არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები აღშფოთდნენ, ალაპარაკდნენ ,,სიძულვილის ენით"", შეხლა-შემოხლაც დაიწყო. რამდენიმე უცხოელი დიპლომატი 3-5 წუთში გაჩნდა შემთხვევის ადგილას. (ნეტა, ასე სწრაფად როგორ მოახერხეს?). მაშინაც არ დაგმეს არასამთავრობოებმა გეების პროვოკაცია, არამედ ლგბტ უფლებების დაცვაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.
გავიდა დრო და ერთმა უცხოელმა ექსპერტმა მითხრა, რომ ამ ინციდენტის შემდეგ საქართველოს ხუთიოდე არასამთავრობო ორგანიზაციამ დასავლეთიდან 7 მილიონ დოლარამდე დაფინანსება მიიღო. ეს ხუთი ორგანიზაცია სინამდვილეში ერთი ჯგუფია, მითხრა იმ კაცმა, ორგანიზაციები კი იმისათვის დაარეგისტრირეს, რომ ჩანდეს - ფული ერთ ხელში არ მიდისო. ამ ინფორმაციას ვერ შევამოწმებ. შემიძლია მხოლოდ ის დავადასტურო, რომ ის არსებითად ემთხვევა თბილისში დამკვიდრებულ აზრს.

შარშან 17 მაისს თბილისში რაც მოხდა, ყველას ახსოვს. აი მაშინ კი არასამთავრობოებმა სულ რამდენიმე დღეში 1500-მდე ხელმოწერა შეაგროვეს თავის რიგებში ლგბტ-ს უფლებების დაცვის მოთხოვნისა და მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის დაგმობის ტექსტზე. აღსანიშნავია, რომ თვითონ ლგბტ აქტივისტები აცხადებდნენ, რომ პოლიციამ ისე დაიცვა ისინი, რომ მათ არავინ შეხებია და მხოლოდ იმას ჩიოდნენ, რომ დაგეგმილი ღონისძიება ჩაეშალათ. აქვე კითხვებს დავსვამ:

აქვთ თუ არა ზნეობრივი უფლება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც არ დაგმეს ფლეტჩერის დანაშაული, ზუგდიდელი პედაგოგების სამსახურიდან გაგდება, 51-ე სკოლასთან ჰომოსექსუალური პორნოაქცია და ა.შ., შერჩევით დაიცვან ლგბტ უფლებები? განა ადამიანის უფლებების შერჩევითი დაცვა ისეთივე ამაზრზენი არ არის, როგორიცაა სააკაშვილის სადისტური სისტემის ე.წ. შერჩევითი სამართალი? შეიძლება თუ არა ამის შემდეგ მოსახლეობის რაიმე ნაწილი ენდობოდეს ამ არასამთავრობოებს? ხომ არ ასაბუთებს ამ არასამთავრობოების აღნიშნული ქცევა იმას, რომ ანგარიშვალდებული არიან არა ჩვენი ხალხისა და საზოგადოების წინაშე, არამედ დონორების წინაშე?

მოყვანილ მაგალითებს შეიძლება დავუმატოთ ისიც, რაც მომხდარა ბოლო პერიოდში ჩვენი საზოგადოების თვალწინ: ბევრი ადამიანი ხედავდა, როგორ ივსებოდა ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი, ტელეკომპანია თუ სამინისტრო ჰომოსექსუალებით; როგორ აკეთებდნენ თავბრუდამხვევ კარიერას სრულიად გამოუცდელი ახალგაზრდები მხოლოდ იმის წყალობით, რომ კარიერისა და მატერიალური კეთილდღეობის გულისათვის ჯოჯოხეთურ კომპრომისზე მიდიოდნენ და აკმაყოფილებდნენ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ლიდერის სურვილებს. მახსოვს პრესაში გაჟონა კიდევაც სააკაშვილის მიერ ერთ-ერთ მინისტრზე ვიწრო წრეში ნათქვამმა ფრაზამ - ,,რა ვქნათ, ერთი-ორი ასეთი მინისტრი თუ არ გვეყოლება, ევროგაერთიანებაში არ მიგვიღებენ". ინფორმაცია ჩვენში მიმდინარე მსგავს პროცესებზე, ჯერ მოარული ხმების, შემდეგ კი გაზვიადებული ჭორების სახით ვრცელდებოდა ჩვენს საზოგადოებაში და სათანადო ატმოსფეროს ქმნიდა.

ამის შემდეგ, განა ამოუხსნელი ან გაუგებარი უნდა იყოს ის უნდობლობა და ეჭვები, რომლითაც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი შეხვდა ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვას და მიღებას? ბოლო 20 წლის მწარე გამოცდილების შემდეგ ვის შეიძლება უფრო ენდოს ხალხი - ხელისუფლებისა და არასამთავრობოების წარმომადგენლებს, რომლებიც აცხადებებენ, რომ ამ კანონის მიღებით ევროპაში შევალთ, თუ ეკლესიის წარმომადგენლებს, რომლებიც ეჭვებს გამოთქვამენ კანონპროექტთან დაკავშირებით? როგორ შეფასებას იმსახურებს ხელისუფლება, რომელმაც თითქოს განზრახ გააკეთა ყველაფერი აჟიოტაჟის ასაგორებლად?

გავიხსენოთ შარშანდელი მასობრივი, მაგრამ უშედეგო პროტესტები პარიზში ერთსქესიანი ქორწინებებისა და ჰომოსექსუალებისათვის ბავშვების შვილად აყვანის უფლების დაკანონების წინააღმდეგ. გავიხსენოთ, როგორ მოიკლა თავი თავში რევოლვერიდან გასროლით პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ამბიონთან დამდგარმა გამოჩენილმა ფრანგმა ისტორიკოსმა და მწერალმა დომინიკ ვენერმა. თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე 78 წლის ისტორიკოსმა თავის ბლოგზე გამოაქვეყნა მიმართვა, რომელშიც საფრანგეთის მოსახლეობას მოუწოდებდა, დაეგმოთ მთავრობის გადაწყვეტილება ერთსქესიანი ქორწინების დაკანონების შესახებ: "ახლა წყდება ჩვენი ბედი. ეს ის წამია, რომელიც მთელ ცხოვრებას უდრის. ამიტომაა მნიშვნელოვანი, სიცოცხლის ბოლო წამამდე ვიყოთ ის, რაც ვართ", დაწერა ვენერმა თავის ბოლო მიმართვაში. მისი თვითმკვლელობის შემდეგ კი, სულ რამდენიმე საათში, პარიზში ბასტილიის მოედანზე გაიმართა ხალხმრავალი კონცერტი ჰომოსექსუალური კავშირების მხარდასაჭერად. გავიხსენოთ, როგორი პოპულარული იყო სარკოზის მიერ კულტურის მინისტრად დანიშნული ფრედერიკ მიტერანი - ყოფილი პრეზიდენტის ფრანსუა მიტერანის ძმისშვილი, რომელმაც თავის წიგნში დეტალურად აღწერა, როგორ ერთობოდა ტაილანდის ჰომოსექსუალურ ბორდელებში მომუშავე ,,ბიჭებთან"; აღწერა რა გრძნობებს და ლტოლვას აღძრავდნენ ეს ,,ბიჭები" მასში და ა.შ. მაშინ საზოგადოების მცირე ნაწილი აღშფოთდა მხოლოდ იმის გამო, რომ კულტურის მინისტრს არასრულწლოვანებთან ჰომოსექსუალური კავშირებით მოჰქონდა თავი. მაგრამ მინისტრმა განაცხადა, რომ მისი პარტნიორი ,,ბიჭები" სრულწლოვანები იყვნენ და სკანდალიც დაცხრა, მისი წიგნი კი ბესტსელერი გახდა. სიტყვამ მოიტანა და საფრანგეთის ამბებზე დავწერე, თუმცა უფრო მეტის თქმა შეიძლება დასავლეთ ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყანაზე. ასეთ ქვეყნებს კი ისიც აერთიანებს, რომ მათში შობადობა ბევრად ნაკლებია სიკვდილიანობაზე; რომ მათი მოსახლეობის საშუალო ასაკი კრიტიკულად მაღალია და რომ 30 წლიანი პროგნოზის შესაბამისად ეს ეთნოსები უმცირესობაში იქნებიან იმ სულ სხვა კულტურის და რელიგიის მქონე ეთნოსებთან შედარებით, რომლებიც ახლა ასე ინტენსიურად სახლდებიან და მრავლდებიან ამ ქვეყნებში.

დავუბრუნდეთ საქართველოს. ანტიდისკრიმინაციული კანონის მარაზმატულმა განხილვა-მიღებამ მკვეთრად გამოავლინა ის, რომ ამ კანონის მიღება არ იყო მომწიფებული ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარე სათანადო ევოლუციით. აშკარა იყო, რომ ხელისუფლებას ეს უნოდა იმდენად, რამდენადაც ეს მას სჭირდება გამოცხადებული საგარეო კურსის განხორციელებისათვის; რომ თვითონ ხელისუფლებაც უყურებს ამ კანონს არა როგორც ჩვენი მოქალაქეებიის უფლებების დაცვისათვის საჭირო დოკუმენტს, არამედ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის იმიტაციისათვის საჭირო საშუალებას, ვინაიდან ქოცები აპირებენ ევროგაერთიანებასთან შალახოს აკომპანემენტით პარაფირებული ხელშეკრულების დაჩქარებული წესით ხელმოწერას და ამის თავის მორიგ ისტორიულ მიღწევად გასაღებას. დაინტერესებულ მკითხველს ვთავაზობ შეადაროს ამ კანონპროექტის იუსტიციის სამინისტროში მომზადებული ტექსტი პრემიერის აპარატიდან პარლამენტში შესული პროექტის ტექსტს და ეს ორი ტექსტი კი პარლამენტის მიერ საბოლოოდ მიღებული კანონის ტექსტს. მხოლოდ ეს შედარება საკმარისია იმისათვის, რომ დავასკვნათ, თუ რასთან გვაქვს საქმე.

თავს ვალდებულად მივიჩნევ, მკვეთრად დავაფიქსირო ჩემი პირადი პოზიცია. მიმაჩნია, რომ სწორად შედგენილი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება და მისი განუხრელი შესრულება აუცილებელია ჩვენი საზოგადოებისათვის. კონსტიტუციაში მოყვანილი ზოგადი დებულებები არ არის საკმარისი. ეს დებულებები დეკლარაციებად რჩება იმ შემთხვევაში, თუ არ არის ზუსტად განმარტებული და განმტკიცებული კანონებით, რომელთა ტექსტი გამორიცხავს ორაზნოვნებებს და არ იძლევა სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას. ამასთან ერთად ასეთი კანონი უნდა გამორიცხავდეს უმცირესობებისათვის რაიმე პრივილეგიების მინიჭებას მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი უმცირესობას შეადგენენ. სწორი და სასარგებლო იქნებოდა ანტიდისკრიმინაციულ კანონთან ერთად ისეთი კანონის მიღება, რომელიც აკრძალავდა ჰომოსექსუალიზმის ნებისმიერი სახით რეკლამირებას და პროპაგანდას. ასეთი მოძრაობა დასავლეთში, მათ შორის ნატოს წევრ ზოგიერთ ქვეყანაში, დაწყებულია.

ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარის (გვარს აღარ დავასახელებ) რეკორდულად არაადექვატურ განცხადებებს მიეკუთვნება მისი ცნობილი განცხადება, რომ ,,ნატო-ს გარეშე საქართველო შესაძლოა, მსოფლიო რუკიდან ისევ გაქრეს და ეს შეიძლება, მალე მოხდეს". წინა წერილში დეტალურად ავხსენი, რომ ამ განცხადების არაადექვატურობა უპირველეს ყოვლისა იმაში მდგომარეობს, რომ სააკაშვილის ავანტიურის შემდეგ საქართველო ნამდვილად ,,ნატოს გარეშეა" და პარლამენტის თავმჯდომარემ ეს კარგად უნდა იცოდეს. ნატო მართლაც უზუნველყოფს თავისი წევრების უსაფრთხოებას, მაგრამ ეს ვერანაირად ვერ ცვლის იმ ფაქტს, რომ კაცობრიობის არსებობის მანძილზე, ისტორიულად მოკლე დროში ყოველთვის ფიზიკურად ქრებოდა ყველა სოციუმი, რომელიც არ მიიჩნევდა ჰომოსექსუალიზმს ავადმყოფობად, პათოლოგიად და/ან დიდ ცოდვად.

პეტრე მამრაძე, 5 მაისი, 2014 წელი


http://www.kvirispalitra.ge/petre-mamradzis-blogi/21576-vunderkindi-premieri-araadekvaturi-parlamentis-thavmjdomare-da-brdzeni-patriarqi-marazmi-diskriminaciis-gareshe.html?add=1#comments





Комментариев нет:

Отправить комментарий