ღმერთი

ღმერთი

четверг, 8 мая 2014 г.

დამთავრებული არაფერია, მთავარი ბრძოლა წინ გველის!

მამა გიორგი (რაზმაძე): დამთავრებული არაფერია, მთავარი ბრძოლა წინ გველის!


მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის დირექტივით ნაკარნახევმა ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა მოსახლეობის უდიდეს ნაწილში და განსაკუთრებით _ეკლესიაში ვნებათაღელვა გამოიწვია, უსუფაშვილის პარლამენტმა საზოგადოების აზრი ფეხებზე დაიკიდა და გასულ კვირას ეს კანონი მესამე მოსმენით, 104 ხმით 1-ის წინააღმდეგ, დაამტკიცა.

«დემოკრატიის მღაღადებელმა» უმრავლესობამ თავის პოლიტიკურ მეორე ნახევართან, «ნაცმოძრაობასთან» ერთად, «ლიბერალიზმის» ნამდვილი ტრიუმფი დაგვანახვა, აწი რაღა გვიჭირს, რომ იტყვიან, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს; წესით, ამის შემდეგ ევროპამაც გულში უნდა ჩაგვიკრას და ნატოც შუბლით უნდა შეასკდეს რუსეთს ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად, მაგრამ ვის რად ვუღივართ, ამას უკრაინის მაგალითზეც ნათლად ვხედავთ (2008 წლის აგვისტოს ომს აღარ მივუბრუნდები), მოკლედ, ევროინტეგრაციის პირველი «ნექტარი» ნაგემი გვაქვს და რუბიკონიც გადალახულია. ახლა ისღა დაგვრჩენია, დავაკვირდეთ, ამის სანაცვლოდ რა მნიშვნელოვან «დივიდენდებს» მიიღებს საქართველო დასავლეთიდან. კონკრეტულად რა საფრთხეებს შეიცავს კანონი «დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ» და რას უნდა ველოდოთ ამ კანონის მიღებით მომავალში? ამ საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» ავჭალის წმიდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე) ესაუბრება.


_ მამაო გიორგი, ვიდრე საკითხს ძირეულად შევეხებოდეთ, კიდევ ერთხელ განვუმარტოთ საზოგადოებას, კონკრეტულად რა არის ამ კანონში საშიში და მიუღებელი.


_ მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის უმცირესობის ბატონობა უმრავლესობაზე და რას ვგულისხმობ კონკრეტულად: ის უმცირესი ჯგუფი, რომელიც ე.წ. ლგბტ-საზოგადოებად მოიხსენიება, რაღაც გაურკვეველი ფორმით იზრდება, ძლიერდება და ხდება დომინანტი საზოგადოების სხვა დანარჩენ ნაწილზე. მაგალითად, ვთქვათ, დგას რამდენიმე ადამიანი და გაიარა ამ საზოგადოების წარმომადგენელმა, თუ მას არ მოეწონა მათი გამოხედვა ან, საზოგადოდ, დამოკიდებულება, შეუძლია უჩივლოს და პირველ ჯერზე გადაახდევინოს ჯარიმა, ხოლო თუ განმეორდება ანალოგიური რამ, დააპატიმრებინოს. მსგავსი შემთხვევა ბევრია საბერძნეთში, ამიტომ საკვირველია, რომ ევროპა ასეთ კანონებს ითხოვს ისეთი ტრადიციული ქვეყნისგან, როგორიც საქართველოა და ისმის ბუნებრივი კითხვა: გვინდა ასეთი ევროპა?! აქამდე ამ ხალხს არავინ დევნიდა საქართველოში და არც არავინ ავიწროებდა. პირიქით _ ეკლესია, სუფთა ადამიანური მზრუნველობით, ყოველთვის აქცევდა მათ ყურადღებას. ჩვენთანაც მოდის უამრავი ასეთი ადამიანი და ყველანაირად ვცდილობთ, დავეხმაროთ. ერთი შემთხვევა დამისახელოს ვინმემ, რომ ადამიანი მოსულიყოს მოძღვართან, საქვეყნოდ გაეცხადებინოს ეს მომაკვდინებელი ცოდვა და ხელი გვეკრას...


რაც შეეხება დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კანონის წამოწევას, ამ პერიოდში ეს სრულიად გაუგებარია და ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ მან საპატრიარქოსთან ერთად გაიარა ეს კანონი მუხლობრივად. პატრიარქის წერილი სულ სხვა რამეს მოწმობს, მისი უწმინდესობა სთხოვდა პარლამენტს, გადადებულიყო განხილვა, ვიდრე საზოგადოების ფართო ფენები არ ჩაერთვებოდნენ ამ პროცესში და ვიდრე კანონპროექტი არ იქნებოდა საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისად დახვეწილი. გასაკვირია პრემიერმინისტრის დამოკიდებულებაც. მან განაცხადა, ცოდვის ნუ გეშინიათო. აბა, რისი უნდა გვეშინოდეს?!


_ პრემიერმა ზუსტად ასე თქვა: «რაღაც ცოდვაზე იყო საუბარი. ცოდვაზე არ უნდა ვისაუბროთ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ქვეყნის განვითარებაზე და მით უმეტეს მართლმადიდებელი ქრისტიანი არასოდეს გაურბოდა მას, არასოდეს ეშინოდა ამა თუ იმ ცოდვის, ეს არის ჩვენი ძლიერება».


_ ჩვენ, ვინც სწორად ვაზროვნებთ, ცოდვის გვეშინია და მრევლს მოვუწოდებთ, რომ ეს ცოდვა მომაკვდინებელია. ახლა ვის დავუჯეროთ: ეკლესიის სწავლებას თუ პრემიერისას?! ყოვლად უსაფუძვლოა, მიუღებელი და უპასუხისმგებლო ასეთი განცხადებები...


_ პრემიერმინისტრმა თავის გამოსვლაში ისიც განაცხადა, რომ ეკლესიას არ აქვს სწორი ინფორმაცია მიღებულ კანონზე და ამიტომაა ამხელა ვნებათაღელვა. ეს განცხადება რამდენად საფუძვლიანია?


_ ჩვენ გავიარეთ სერიოზული კონსულტაცია იურისტებთან და ამის საფუძველზე ვამბობდით თავიდანვე, როცა განხილვები იწყებოდა, რომ ეს კანონპროექტი არის საშინელი ცოდვა. მე შეკითხვაც დავსვი პარლამენტში მეორე მოსმენის დროს: ხელისუფლებაში მოსვლამდე რომ გეთქვათ, ამ კანონს მიიღებდით, რომელი ქართველი მოგცემდათ ხმას-მეთქი? პასუხი ვერ გამცეს. მერე იქ არასამთავრობოებმა დაიწყეს ყიყინი და ჟრიამული.


_ ეს არასამთავრობოები ერთგვარ მოკავშირეებად ექცნენ ხელისუფლებას ამ კანონის მიღებაში. თქვენი აზრით, მათ რა ინტერესი აქვთ?


_ ყველამ ვიცით, ისინი ვინც არიან და რეალურად რას წარმოადგენენ. ბოდიში და, ნეხვში ამოვლებული საკვებით საზრდოობენ. ეს არასამთავრობოები ანტისახელმწიფოებრივ საქმეს აკეთებენ _ ებრძვიან ეკლესიას, ებრძვიან ქვეყანას; ამხელა თანხებს ხარჯავენ და მერე, რა მუსიკასაც უკვეთს დამკვეთი, იმაზე ცეკვავენ. ვურჩევ მათ, იმოგზაურონ ისრაელში და ნახონ სოდომი და გომორი, დღესაც ცეცხლი უკიდია იმ მიწას. რატომ? _ იქ ზუსტად სოდომ-გომორული ცოდვები იყო გავრცელებული და ამის გამო უფალმა იქაურობა მიწასთან გაასწორა. ეს ბიბლიაში წერია. ამიტომ გააცნობიერონ, რას აკეთებენ და გონს მოვიდნენ. თუ გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანაზე ვიზრუნოთ და მომავალ თაობას დავუტოვოთ წელში გამართული სახელმწიფო, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ღმერთმა საქართველო რომ არ მიატოვოს.


_ იქნებ გაცნობიერებულიც აქვთ ეს ყველაფერი და მიზანმიმართულად მოქმედებენ?


_ ბუნებრივია, აქ სხვა აზრი არც არსებობს. ყველამ ყველაფერი იცის და შეგნებულად გვებრძვიან. პირდაპირ ვიტყვი: ეს არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობენ ზუსტად იმისთვის, რომ დაუპირისპირდნენ საქართველოს სახელმწიფოს და ეკლესიას.


_ თქვით, რომ საკვირველია, რატომ ითხოვს ევროკავშირი ჩვენისთანა ტრადიციული ქვეყნისგან ისეთი კანონის მიღებას, როგორიც ანტიდისკრიმინაციული კანონია. როგორ ფიქრობთ, რა მიზანს ემსახურება საბოლოოდ ეს ყველაფერი?
_ ეს არის სწორედ საინტერესო. ამას წინათ ბატონი შტეფან ფულე ჩამოვიდა და პირდაპირ განაცხადა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, რომ ევროკავშირი დაიცავს ქართული საზოგადოების უმრავლესობის აზრს, რელიგიურ გრძნობებს და მათ ტრადიციებს. აი, სწორედ ამ განცხადების შემდეგაა საკვირველი, რომ ეს ადამიანები ითხოვენ ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი კანონის მიღებას. სხვათა შორის, პარლამენტის თავმჯდომარე იმაზეც აპელირებდა თავის გამოსვლაში, რომ მოლდოვა თითქოს სასულიერო პირებმა დაწყევლეს, ანათემას გადასცეს და მერე, თურმე, ერთი თვითმფრინავით მგზავრობდნენ, როცა ევროპაში წასასვლელი ვიზები მიიღეს. ეს ადამიანი, როგორც ჩანს, იმდენად უცოდინარია სულიერ საკითხებში, რომ ანათემის არსი არ ესმის და მეორეც, მოლდოვამ რაზე მოაწერა ხელი, ამაზე პასუხისმგებლობა იმ ქვეყნის ხელისუფლებას და მის ეკლესიას ეკისრება. ახლა რაც შეეხება მიზანს, ამ ადამიანებს მართლმადიდებლური სარწმუნოება ყელში ეჩხირებათ და უნდათ, როგორმე დააშორონ ხალხი უფალს. ბიბლიიდან ჩვენ ვიცით უამრავი მაგალითი, როცა ღმერთი იცავდა განსაკუთრებულთ _ ებრაელთა ერს, სწორი სარწმუნოებიდან გამომდინარე, და როცა მოხდა ისე, რომ მეძავი დედაკაცები შეურიეს მოაბელთა ტომიდან, ცოდვაში ჩავარდნენ ისინი და ღმერთმა მიატოვა ებრაელები. მერე იცით, რომ პირისაგან მიწისა აღიგავა ისრაელიც, იერუსალიმიც და ყველაფერი. აი, ზუსტად ასეთი განზრახვა აქვთ საქართველოს მიმართ იმ ამორალური კანონის ავტორებსაც, მათ სურთ, რომ, ისრაელის მსგავსად, მიწასთან გასწორდეს საქართველოც და ქართველების ნაცვლად აქ სხვა უცხოტომელებმა იცხოვრონ. ეს ჩანდა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებიდანაც, სამწუხაროდ. ის ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ, თუ ამ კანონს მივიღებთ, თურმე ევროპაში მივდივართ და, თუ არ მივიღებთ, რუსეთში ვრჩებით. მივიღეთ, ბატონო, და ახლა ვნახოთ, საით წავალთ. ეს არის ისეთი ურცხვი და არასწორი განცხადება, რომ არც კი ვიცი, რა ახსნა უნდა მოუძებნოს ამას ადამიანმა.


_ რუსეთი ახსენეთ და მისგან ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებამ შექმნა ერთგვარი საფრთხობელა, რომლითაც მოსახლეობის დაშანტაჟება ხდებოდა. ეს დღესაც გრძელდება, როგორ ფიქრობთ?
_ მაპატიეთ ამ გამოთქმაზე და ახალგაზრდებს აბოლებენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ამას თავის დროზე აკეთებდნენ «ნაციონალები». ახლა იმავეს შვრებიან რესპუბლიკელები. პირდაპირ ვამბობ: ეს არის ამორალური და ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა, რომელიც გადაგვარებისა და განადგურების გარდა, კარგს არაფერს უქადის ჩვენს ქვეყანას. სამწუხაროა, მაგრამ აშკარაა, რომ «ნაციონალების» მემკვიდრეები _ რესპუბლიკელები მომძლავრდნენ დღეს ხელისუფლებაში.


_ რით არიან რესპუბლიკელები «ნაციონალების» მემკვიდრეები?
_ აქამდე რაც კი კანონპროექტები გაიტანეს რესპუბლიკელებმა პარლამენტში, რომელიც ქვეყნის რეალურ აღმშენებლობას ეხებოდა, ნაციონალური ფრთა ყველას ეწინააღმდეგებოდა. ამ შემთხვევაში კი შეხმატკბილებულად მოქმედებდნენ და თქვენ უნდა გენახათ, როგორ უჟუჟუნებდნენ თვალებს ერთმანეთს ქალბატონი კორძაია და «ნაციონალები». სხვათა შორის, დისკრედიტაციაზე როცა ლაპარაკობენ ეს ადამიანები, სწორედ კორძაიამ გაუკეთა პირველად დისკრედიტაცია პატრიარქს თავისი განცხადებით: ბარემ მიეცით მის უწინდესობას მანდატი და პარლამენტის წევრად მივიღოთო. აი, როცა ასეთი რაღაცები ხდება ქვეყანაში, ვფიქრობ, მთელმა ერმა უნდა მოსთხოვოს მას პასუხი; განსაკუთრებით ნაძალადევის რაიონის მოსახლეობამ, რომელმაც აირჩია იგი თავის დეპუტატად.


_ რამდენიმე კვირის წინ ივანიშვილი «ქართული ოცნების» წარმომადგენლებს შეხვდა და ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწორედ მან მოსთხოვა მმართველ გუნდს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება. თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?
_ ჩვენ ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ადრე ასეთი განცხადება გააკეთა: დემოკრატიით მთელ მსოფლიოს გავაოცებთო. გვაოცებს ნამდვილად, ვინაიდან ეს ოცნება აღარ არის, ეს უკვე გაოცებაა.


_ პრემიერმინისტრის კიდევ ერთ განცხადებაზე გკითხავთ, მან თქვა: «ჩვენი მთავრობა და პირადად მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ არასოდეს მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს»... რას უპასუხებთ ირაკლი ღარიბაშვილს?


_ გაგახსენებთ არგენტინის მაგალითს, როდესაც ამ ქვეყანამ მიიღო ასეთი კანონპროექტი, კათოლიკურ ეკლესიაში შეიკრიბა ათასობით ადამიანი. მივიდნენ იქ ლესბოსელები, მამათმავლები, სხვა მსგავსი ჯგუფების წარმომადგენლები და ეს ხალხი შეურაცხყვეს. ახლა მე ვეკითხები ბატონ პრემიერმინისტრს, უსაფრთხოების გარანტიას რომ გვაძლევს: როგორ დაიცავს იგი იმ მორწმუნეების ფიზიკურ ან სულიერ ცხოვრებას, რომლებიც ეკლესიაში იქნებიან შეკრებილნი?! რა მექანიზმები არსებობს ამისთვის?


_ ის, ალბათ, გიპასუხებთ, რომ მიღებული კანონი მრევლსაც ისევე დაიცავს, როგორც უმცირესობებს.


_ ზუსტად ამაზეა ლაპარაკი, რომ აქ უკუქცევის პრინციპი არ არის ჩადებული. მხოლოდ საუბარია მცირე ჯგუფის ინტერესზე, ხოლო დიდ ჯგუფზე, რომელიც ხალხის უმრავლესობას წარმოადგენს, საერთოდ არაფერია ნათქვამი.


_ ყველა ქვეყანაში, სადაც წლების წინათ მსგავსი კანონები დაამტკიცეს, დროთა განმავლობაში მან მიიღო ერთგვარი ზვავის ხასიათი. როგორ ფიქრობთ, საქართველოში არსებობს იმის საფრთხე, რომ, თუ ამას შევეგუებით, მომავალში უფრო ამორალური კანონებიც განიხილოს პარლამენტმა?


_ რა თქმა უნდა, ბუნებრივად მიდის ყველაფერი იქით, ამიტომ, ჩვენ თუ არ დავდექით და არ დავიცავით საზოგადოების, ეკლესიის ინტერესი და ტრადიციები, რა გამოვა, რანაირი სასულიერო პირები ვიქნებით? ბევრი არასამთავრობო ლაპარაკობს, რომ თურმე მღვდელი მარტო ეკლესიაში უნდა იყოს და იქ უნდა ქადაგებდეს, ანუ გვკეტავენ, ჩვენს უფლებებს აქვე ზღუდავენ. ახლა წარმოიდგინეთ, ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ რა იქნება _ პირდაპირ ჩაგვისაფრდებიან და, თუ ვიტყვით, რომ სოდომია მომაკვდინებელი ცოდვაა, გვიჩივლებენ და შეიძლება ციხეშიც აღმოვჩნდეთ ამის გამო.


_ საპარლამენტო უმრავლესობაში არიან ადამიანები, რომლებიც ადრე ეროვნული ღირებულებების, ტრადიციებისა და რელიგიის დამცველებად გვევლინებოდნენ. თქვენი აზრით, რატომ არ აქტიურობენ ისინი, რატომ არ გამოიწვია მათში უკმაყოფილება იმ კანონმა, რომელიც პარლამენტმა წინა კვირას დაამტკიცა?
_ არ ვიცი, რას ფიქრობენ ის ადამიანები, მათ მაგივრად ვერ გიპასუხებთ, მაგრამ ბევრი მათგანი პირად საუბრებში არ მალავს, რომ აძალებენ მსგავსი კანონების მხარდაჭერას... ზვიად ძიძიგური ჩვენთან იყო სტიქაროსანი, ბიძინა გუჯაბიძე ჩვენი მრევლი იყო, მაგრამ, რაც პარლამენტში შევიდნენ, საერთოდ, თვალით არ მინახავს ეკლესიაში. შეიძლება სხვაგან დადიან, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ მხოლოდ ის არის მათთვის ქართველობა, რომ ჩოხებით იარონ პარლამენტში! ჩოხით მოსული ადამიანი რომ ასეთ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, ეს რას ნიშნავს?! არის ის უფლის ან საკუთარი თავის წინაშე მართალი?! ამას ღმერთი განსჯის, ყველას მიეზღვება თავისი; ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ვილოცოთ და უფალს შველა შევთხოვოთ... შარშან, 17 მაისს, ხომ ათასობით ადამიანი გამოვიდა, თუ საჭირო გახდა, ხვალ-ზეგ ათი იმდენი გამოვა. აქ დამთავრებული არაფერია, ასე რომ, მთავარი ბრძოლა გადარჩენისთვის საქართველოს და ქართველ ხალხს წინ ელის!


_ ანტიდისკრიმინაციული კანონი 30 დღეში შევა ძალაში. თქვენ ნაწილობრივ უკვე ისაუბრეთ იმ გართულებებზე, რომლებსაც უნდა ველოდოთ, მაგრამ ბოლომდე ჯერ კიდევ არ ვიცით, კონკრეტულად რა წინააღმდეგობებს გამოიწვევს ეს ცვლილება, ბევრი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეებზეც საუბრობს. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ეს ყველაფერი?


_ რა ვთქვა, არ ვიცი. კიდევ ვიმეორებ: მიღებულია ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული კანონი. მოკლედ, ახალ რეალობაში ვცხოვრობთ და, ალბათ, ევროკავშირში ვართ უკვე, «მოსალოცად» გვაქვს საქმე. რას მიიღებენ ამით, ვნახავთ. ზიზღის დონეზე მიდის უკვე რესპუბლიკური პარტიის ლანძღვა. აწი კიდევ უფრო უარესს გაუკეთებენ ეს ადამიანები თავიანთ თავს და ქვეყანას, თუ ჩვენ გონზე არ მოვედით. ამიტომ ისევ და ისევ სიფრთხილე გვმართებს. ესენი ამაზე არ გაჩერდებიან, რა უნდათ და საით ისწრაფვიან ეს ადამიანები, ნათლად ვხედავთ ყველა...


ესაუბრა ჯაბა ჟვანია


08 05 2014

geworld.net


Комментариев нет:

Отправить комментарий