ღმერთი

ღმერთი

среда, 7 мая 2014 г.

სოსო ცინცაძე: დაჩქარებული წესით აკეთებენ ყველაფერს, რუსეთთან მისასვლელი გზები რომ მოჭრან

ქვეყანაში ჯერ კიდევ არ იყო ჩამცხრალი ანტიდისკრიმინაციული კანონის გარშემო აზვირთებული ვნებათაღელვის ტალღა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ შოკის მომგვრელი განცხადება გააკეთა, უფრო ზუსტად, ხვეწნა-მუდარა გამართა, _ საქართველოში ნატომ საჰაერო თავდაცვითი საშუალებები დააყენოსო. რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო, თუ მსგავსი რამ მართლა მოხდა? გაითვალისწინებს თუ არა ნატო ალასანიას თხოვნას? ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე «საქართველო და მსოფლიოს» პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.


_ ალასანია სულელი არ არის. შეუძლებელია, გარკვეული არ იყოს, რა საფრთხეები იმალება მისი ინიციატივის უკან. ვფიქრობ, ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, როდესაც რუსეთთან მოლაპარაკების დრო დადგება, ყველა ხიდი დამწვარი იყოს.


ალასანია წლების განმავლობაში გაეროში იყო, თანაც სულ ხელისუფლებაშია, ამიტომ მას ჩვენზე, რიგით მოქალაქეებზე, მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს; მან კარგად უნდა იცოდეს ნატოს ხელმძღვანელების, აგრეთვე, რუსეთის ხელმძღვანელების ფსიქოლოგია და ისეთ განცხადებებს, რომელთა მარგი ქმედების კოეფიციენტიც ნულის ტოლია, ნამდვილად არ უნდა აკეთებდეს. განცხადება კი არის ნულის ტოლფასი, მაგრამ საფრთხეა რეალური.


საქართველოს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოუწევს რუსეთთან ფართო მოლაპარაკების დაწყება. განცხადებები, რომლებიც ახლა ალასანიასგან მოვისმინე, მაფიქრებინებს, რომ დაჩქარებული წესით აკეთებენ ყველაფერს, რუსეთთან მისასვლელი გზები რომ მოჭრან.


ანტისარაკეტო იარაღს საქართველოში არავინ დაგვილაგებს, მაგრამ, თუ ნატოში გაგიჟდნენ და მაინც გადაწყვიტეს ჩვენს ტერიტორიაზე ასეთი სისტემის განლაგება, მაშინ ჯერ ნატოში სრულუფლებიან წევრად უნდა მიგვიღონ, არავითარი მაპი _ ეს ზღაპარია, მაპის მქონე ქვეყანაზე მე-5 პუნქტი არ ვრცელდება, მას არავინ იცავს, ისევე, როგორც ასოცირებული ხელშეკრულების მქონე წევრს, მაპიც და ხელშეკრულებაც არაფრის მომტანი არ არის, უბრალოდ, მორალურ შვებას მოგვგვრის.


ალასანიას და მთავრობის წევრებს თუ სურთ, რუსეთთან მისასვლელი გზები და ხიდები დაწვან და ააფეთქონ, მაშინ დამცავ მექანიზმებზე უნდა იფიქრონ. როდესაც მათი ქმედებების შედეგი დადგება, რას აპირებენ? უკრაინის მაგალითზე ვერაფერი ვერ უნდა დაგვენახა? ჩვენი გამოცდილება არ უნდა გამდიდრდეს და შეივსოს? ვერ ხედავენ, დასავლეთის რეაგირება როგორია? ობამამ თავისი ხელით ამოშალა რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების სიიდან «გაზპრომი», ასევე, «ვნეშტორგ ბანკი» და «სბერბანკი» _ ორი ბანკი, რომლთა გაჩერებაც რუსული ფინანსებისთვის შესაძლებელია, მართლაც მომაკვდინებელი ყოფილიყო; ამერიკელები ცდილობენ, რუსეთი არ გააღიზიანონ და საინტერესოა, საქართველოს ხელისუფლება ვის იმედზეა? იქნებ ალასანიას აქვს ვინმესთან კერძო საუბარი _ ან რუსეთთან, ან ობამასთან და გარანტიებსაც აძლევენ, მაგრამ არა მგონია.


_ მგონი, ობამამ საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერი გარკვევით უთხრა.


_ მართალია, ისინი რეგულარულად გვეუბნებიან, სინამდვილეში რაც ხდება, თანაც ღიად. ამერიკა რუსეთს უკრაინის გამოც კი არ დაუწყებს ომს.


ჯონ კერი იჭაჭება და ამბობს, ნატოს წევრ ქვეყნებს არ დავთმობთო, არადა, ეს სალაპარაკო თემაც კი არ უნდა იყოს, რატომ უნდა სჭირდებოდეს ამერიკის სახელმწიფო მდივანს იმის მტკიცება, რომ ბალტიისპირეთს არ დათმობს, ის ხომ ნატოს წევრია. მე-5 პუნქტს ავამუშავებთო, _ გაიძახის, ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ მას მტკიცება მაინც უწევს, ასეთ ვითარებაში ჩვენ დონკიხოტობა გვინდა?


კიდევ გავიმეორებ: ირაკლი ალასანიას ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ჩვენებმა გადაწყვიტეს, რუსეთთან მიმავალი ყველა ხიდი დაწვან, რათა მეზობელთან საუბრის შესაძლებლობაც მოგვესპოს, საქართველო ისე ღრმად უნდა შევიდეს ავანტიურაში, რომ უკან დასახევი გზა აღარ დაგვრჩეს. სხვა ვერაფერს დავარქმევ იმას, რომ ჩვენ ვთხოვთ სტრატეგიულ იარაღს ამერიკას, რომელსაც ის თვალისჩინივით უფრთხილდება. დიახ, უფრთხილდება, ის, ამ იარაღს ისრაელსაც არ აძლევს. ალასანიამ კარგად იცის, რომ ჩვენ ამ იარაღს არავინ მოგვცემს.


_ თუ ეს ალასანიამ იცის და ვიცით ჩვენც, მაშ, რასთან გვაქვს საქმე?


_ ალასანია დიპლომატიურად კეკლუცობს და რასმუსენს უმტკიცებს, შენზე მეტი ნატოელი ვარო.


_ ალასანიას კეკლუცობამ ხომ შეიძლება დაგვღუპოს?


_ რა თქმა უნდა, ეს ძალიან სახიფათოა. ასეთი განცხადებებისგან, მაგალითად, მე, რიგითი მკვლევარიც კი, თავს შევიკავებდი. როდესაც თავდაცვის მინისტრი ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებს და ამას არ მოჰყვება არანაირი რეაქცია, განსაკუთრებით პრეზიდენტის მხრიდან, საშინელებაა. ჩვენ ხომ სახლობანას ან ომობანას არ ვთამაშობთ?!


ქვეყანაში ასეთი ამბავია, პარლამენტი კი იმაზე მსჯელობს, ჰომოსექსუალებს აღლუმების ჩატარების უფლება უნდა მიეცეთ თუ არა. ეს არის საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი? მათი საქციელი სასაცილოა. მსოფლიოში არეულობა და იმხელა გამოწვევებია... უკრაინაში მიმდინარე პროცესებს საქართველოს მთავრობა ისე უყურებს, თითქოს ეს სხვა პლანეტაზე ხდება, თითქოს მარსის მოსახლეობა იუპიტერზე მცხოვრებლებს ეომება...


_ და მაინც, განალაგებს ნატო ჩვენს ტერიტორიაზე თავდაცვით საშუალებებს?


_ არა. გამორიცხულია და ეს ძალიან კარგად იცის ალასანიამ. ეს არის პიარაქცია, თანაც არცთუ დროული და ეფექტიანი. ამერიკას იმდენი ოფიციალური და არაოფიციალური ვალდებულება აქვს რუსეთის წინაშე, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე, რომელიც ისევ ძალაშია, ვერაფერს იზამს. ამერიკა ამ მდგომარეობაში რომ არ იყოს, თანაც უფრო გულუხვიც რომ იყოს იარაღის მიწოდების საკითხში, პირველ რიგში, იარაღს აზერბაიჯანს მისცემდა, ალიევს რუსეთს ჩამოაშორებდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტს იმდენი ფული აქვს, სად წაიღოს, არ იცის, ამერიკის იმედი რომ ჰქონდეს, ნატოს წევრობას ვერავინ დაასწრებდა, მაგრამ ამერიკა მას იარაღს არ მისცემს და ჩვენ რატომ მოგცემს? _ იმიტომ, რომ ყველაზე ხმამაღლა გავყვირით «ნატო გვინდა»? ასეთი კომკავშირული ენთუზიაზმი დაგვღუპავს.


ალასანია უტვინო არ არის, უბრალოდ, მისი ეს განცხადება მიზანმიმართული პოლიტიკაა იმისთვის, რომ რუსეთთან მისასვლელი გზები მოჭრას. ჩვენს პოლიტიკურ ელიტას ძალიან ეშინია, ხალხმა ევროკავშირზე გული არ აიცრუოს, უარი არ თქვას ევროპულ ღირებულებებზე და არა ევროპულ ფასეულობებზე, რაც აბსოლუტურად სხვაა, შესაძლებელია, ჩვენს ქვეყანაში დავამკვიდროთ ევროპული ფასეულობები ისე, რომ არც ნატოს წევრები ვიყოთ და არც ევროკავშირის, მითუმეტეს, რომ იქ არავინ გველოდება. ამაზე მეტი პროვინციალიზმი და სისულელე, რაც ჩვენს პარლამენტარებს არგუმენტად მოაქვთ, ვბერდები და ჯერ არ მომისმენია _ თუ არ დავიცავთ ჰომოსექსუალებს, ევროპაში არ მიგვიღებენო.


ყველაფერი წარმავალია, თანამდებობაც, ფულიც და უსუფაშვილს ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ უნდა ამას რომ ამბობს? სჯობს, სექსუალური კი არა, სოციალური სამართლიანობა და თანასწორობა დაამტკიცონ. თანასწორობა არ არის ის, რომ გეი და ჩემი შვილი ერთნაირები არიან; თანასწორობაა ის, რომ ჩემი შვილიც, მინისტრისა და პრემიერმინისტრის შვილიც სოციალურად იყვნენ თანასწორნი.


ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი


geworld.net


Комментариев нет:

Отправить комментарий